ღარიბაშვილი "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ოქრიაშვილი და ენუქიძე - კვლავ მაჟორიტარებად?! - რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარებში?
04-06-2020
ღარიბაშვილი "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ოქრიაშვილი და ენუქიძე - კვლავ მაჟორიტარებად?! - რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარებში?
ფოტო:ირაკლი ღარიბაშვილი, კახა ოქრიაშივილი, გოჩა ენუქიძე
უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ გიორგი გახარია შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდეს.
ამ ხმებმა უკვე ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის დიდი ნაწილი და ზოგადად პარტიული ვერტიკალიც უკვე გვარიანად შეშფოთდა. პარტიული აქტივის დიდ ნაწილს, სწორედ გახარიას ფაქტორი ეიმედება ყველაზე მეტად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ერთადერთ ახსნას, რასაც უძებნიან მის შესაძლო წასვლას მთავრობიდან, საარჩევნო სიის პირველი ნომრობა და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვაა, თუმცა არჩევნებში კარგად გამობრძმედილი ადამიანები ამბობენ იმასაც,
რომ უკვე ივნისში საარჩევნო სიის თავკაცობისთვის პრემიერობიდან წასვლა, ცოტა არ იყოს ნაადრევია, მით უფრო, რომ როგორც ჩვენ ინფორმირებულმა წყარომ გვითხრა, "ქართულ ოცნებაში" ორი დღის წინ გამართული შეკრებისას პარტიულმა ბოსებმა გამოაცხადეს, რომ საარჩევნო სია ცნობილი დღევანდელი პარლამენტარებისთვისაც კი სექტემბერზე ადრე არ გახდება. ამას ერთი ახსნა აქვს,
როგორც ჩანს გვარიანად აპირებენ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის გაწმენდას, რის გახმაურებასაც არ ჩქარობენ, რადგან არ უნდათ ერთბაშად ბევრი უკმაყოფილო დეპუტატი აღმოჩნდეს პარლამენტში
.

ზემოთხსნებულ შეკრებაზე, როგორც გავარკვიეთ, მუნიციპალიტეტებში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელეს, რამაც ასევე უკმაყოფილება გამოიწვია იქ შეკრებილ საზოგადოებაში, საქმე ისაა, რომ აქამდე მაჟორიტარი დეპუტატები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სწორედ მათთან დაახლოებულ ადამიანებს ემართათ ადგილობრივი შტაბები, ახლა კი გამოვიდა ისე, რომ მოქმედ მაჟორიტარებს არავინ არაფერი ჰკითხა, მეტიც, როგორც ამბობენ, კახა კალაძეც გაკვირვებული დატოვა წარმოდგენილმა სიამ, აღმოჩნდა, რომ ის თბილისის მასშტაბითაც კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს.

ბუნებრივია ისმის კითხვა, ვინ შეარჩია შტაბების ხელმძღვანელებლად ეს ხალხი? - როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის გადაწყვეტილებებსაც პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი ახმოვანებს. დიდი გამოცნობა არ უნდა იმას, რომ როგორც სიის შედგენაში, ისე მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის სიტყვაა გადამწყვეტი. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა სწორედ ღარიბაშვილი ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს.

მოგეხსენებათ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები თუ განხორციელდა, 30 მაჟორიტარი იქნება მომავალ პარლამენტში, რაც განსაკუთრებულადა აშფოთებს მოქმედ მაჟორიტარებს. შესაბამისად, ყველა თავისებურად ცდილობს მოძებნოს გზა ბიძინა ივანიშვილამდე და მისი კეთილგანწყობა და ამ 30 კანდიდატს შორის ადგილი მოიპოვოს. როგორც კულუარულად გვითხრეს, ორი მაჟორიტარი, რომელთაც უკვე სამომავლო მაჟორიტარ კანდიდატებს შორის აქვს ადგილი დაბევებული თეთრიწყაროს მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის 58-ე ოლქის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე არიან. თუ მათ ბიოგრაფიას და ქონებრივ მდგომარეობას გადავავლებთ თვალს, ადვილი მისახვედრია რატომაც. ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული ოქრიაშვილი და ენუქიძე მარადმწვანე მაჟორიტარები და "ქართული ოცნების" პარტიული ყულაბის "ოქროს თევზები" არიან.

როგორც გვითხრეს, 2 დღის წინ გამართულ შეკრებაზე ითქვა ისიც, რომ ივნისის ბოლომდე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება.

დავუბრუნდეთ ისევ გიორგი გახარიას საკითხს, აქამდე მისი შესაძლო გადადგომისთვის 2 მიზეზი სახელდებოდა. ერთი შედარებით უტოპიური, რომ ის ოპოზიციაში წავიდოდა და ასე ფსევდოოპოზიციურ ძალას შექმნიდა რეალურად ოპოზიციური ხმების დასაქსაქსად, მეორე ვერსიით, ის იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც უფრო რეალური ჩანს.

სხვა შემთხვევაში ყოვლად აუხსნელია კორონავირუსულ საფრთხესთან გამკლავებაში, ფაქტობრივად, წარმატებული გახარია რატომ უნდა გაუშვან მთავრობიდან. გახარიას სწორედ ის პერიოდი უდგას კარიერაში, როდესაც გაცილებით მეტი ამბიციისა და მოთხოვნების უფლება შეიძლება მისცეს თავს. ეს პარტიის შიგნით, დიდი ალბათობით, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ გახარიას გარეშე მათი პერსპექტივაც არ ჩანს მთლად ნათელი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თუ გახარია არ შეიძლება იყოს დარწმუნებული "ქართული ოცნების" სტაბილურ ლიდერობაში, განა ამის გარანტია შეიძლება ჰქონდეს ვინმეს?!


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?