ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტი" ქართულ უპილოტოებს "საზღვრის დარღვევაში" ადანაშაულებს და "ბიოტერორიზმის" კვალს ეძებს - კვირის პალიტრა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტი" ქართულ უპილოტოებს "საზღვრის დარღვევაში" ადანაშაულებს და "ბიოტერორიზმის" კვალს ეძებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტი" აცხადებს, რომ მათმა წარმომადგენლებმა იმ ზონის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს, სადაც, მათივე მტკიცებით, ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. "რესპუბლიკის საზღვარი" დაარღვიეს.

მათივე ინფორმაციით, 2 და 3 ივნისს სოფელ უისტასთან (წნელისი) ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. "საზღვრის" დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

"უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის დაცვის სამსახურის რადიაციისა და ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში ნიადაგის, წყლის, ჰაერისა, მწვანე საფარისა და მწერების ნიმუშები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ბიოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად,"- ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

მათივე თქმით, შემოწმების საჭიროება გამოწვეულია "მაღალი დონის ბიოლოგიური საფრთხის არსებობის, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის არსებობისა და იმ ქმედებებით, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს."

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თუკი აღებულ ნიმუშებში პათოგენური მიკროფლორა ან დაავადების გადამტანი ვექტორები აღმოჩნდება, ეს ფაქტი თბილისის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმებისა და მეთოდების გამოყენების მიმანიშნებელი იქნება," - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ამერიკული უპილოტო მზვერავი ქართულ ცაში - რამ შეაშფოთა რუსი გენერლები?

"ინტერპრესნიუსი"