"ჩვენ მილიარდერ მონსტრს ვებრძვით" - რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?
"ჩვენ მილიარდერ მონსტრს ვებრძვით" - რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?
ფოტო:მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ. მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ისე იყაროს კენჭი. მაჩალიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება თუ მიიღო, როგორც გვეუბნება, მისი მთავარი მიზანი სამართლიანობის მიღწევა, ასევე, "ქართული ოცნების" დამარცხება იქნება. შეგახსენებთ, რომ იანვარში პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, საქმე დახურა და ის სტრასბურგშია გადაგზავნილი. მას შემდეგ მართალია მამამ რუსთაველზე პროტესტი შეწყვიტა და მისი კ
არავი აღებულია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ბრძოლა არ დამთავრებულა და ის სხვა ფორმებით გაგრძელდება.

- ბატონო ვახა, მყარად გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და ამ ფორმით ბრძოლის გაგრძელება?
- ამ სისტემამ და ხელისუფლებამ გამანადგურა, ბევრჯერ მომკლა, მაგრამ მაინც
არ დავეცემი, ბოლომდე ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა და დამნაშავეები არ დაისჯებიან.
მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნები, საამისოდ ყველა გზას და ხერხს გამოვიყენებ, თუნდაც - პოლიტიკას. ჯერ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი. ვფიქრობ, იქნებ ასე უფრო იოლად შევძლო იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც სამი წელია სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ ვიბრძვი. კიდევ უნდა გავიარო კონსულტაციები და გავიგო ხალხის აზრიც. არ მინდა ხალხმა ის თქვას, აი, თურმე რისთვის იბრძოდა მაჩალიკაშვილი, პოლიტიკაში მოსვლა ნდომებიაო. ეს მძიმე დარტყმა იქნება ჩემთვის, ამიტომ უნდა გავიგო ხალხის აზრი. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, პოლიტიკაში წავიდე, მირეკავენ, მწერენ და მათაც დამაფიქრეს. ამასთან, ჩემს გარდა, საქართველოში ბევრია უსამართლოდ დაჩაგრული ხალხი და მინდა, არა მარტო ჩემი საქმისთვის და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის, მათთვისაც ვიბრძოლო და დავეხმარო.

- რომელიმე პარტიაში იქნებით და მათი სიით იყრით კენჭს, თუ როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, ისე იბრძოლებთ?
- ეს ნაბიჯი თუ გადავდგი, დამოუკიდებელ მაჟორიტარად  ვიყრი კენჭს.

- მართლა გაქვთ შემოთავაზება ოპოზიციური პარტიებიდან და კონკრეტულად ვისგან?
- იყო ბევრი შემოთავაზება სხვადასხვა პარტიებიდან, გარკვეული პირებისგანაც და ეს იყო მანამ, ვიდრე ოპოზიცია გაერთიანდებოდა. მას მერე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ბევრი რჩევაც მოვისმინე, ბევრმა მთხოვა პოლიტიკაზე მეფიქრა, მაგრამ ყურად არ ვიღე. ვიდრე პროკურატურამ თემირლანის საქმეზე გამოძიება არ შეწყვიტა, მანამ ეს აზრი არ მომსვლია, პროკურატურამ მიბიძგა აქეთკენ. ტროლი და ბოტი აქამდეც არ მაკლდა და არ გამიკვირდება, ათასი სისულელე დამაბრალონ. თემირლანის მკვლელობაზე არანაკლებ მძიმე იყო ამ ტროლ-ბოტების და ზოგიერთი ექსპერტის გავრცელებული მითები იმის შესახებ, თითქოს თემირლანი ტერორისტებთან იყო კავშირში. მეც რა აღარ დამაბრალეს და შემითითხნეს. რაც ჩემს გარშემო ტრიალებს, ყველაფერს "ნაციონალებს" აბრალებენ, მაგრამ ღმერთი ერთია და ხომ ხედავს, რომ არც ერთ საქმეში არც "ნაციონალებს" და არც სხვა პარტიებს არ წავუქეზებივარ? ყველამ იცოდეს, რომ მთელ გაერთიანებულ ოპოზიციას, ყველა ლიდერს პატივს ერთნაირად ვცემ.

- ამბობთ, ჩემი მიზანია "ოცნების" დამარცხება და სამართლიანობის მიღწევაო. ამას როგორ და რა ბერკეტებით აპირებთ?
- მახინჯმა სისტემამ მხეცად მაქცია. ჩემი შეჩერება იოლი არ არის და ვიბრძოლებ მანამ, სანამ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, სიმართლე არ დადგინდება და გოგაშვილი, ჩიმაკაძე და დამნაშავე სპეცრაზმელები არ დაისჯებიან. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები თემირლანის მკვლელობის, 20 ივნისისა და შემდგომი აქციების მერე... აშკარად ჩანს, რომ "ოცნების" რეიტინგი დაეცა. მოვლენების ასე განვითარება მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება დამარცხდება, მაგრამ ამას ხალხის მხარდაჭერის გარეშე ერთი ადამიანი ვერ შევძლებ. ჩვენ მილიარდერ მონსტრს ვებრძვით და ხალხის სიმრავლე და ერთიანობა აუცილებელია.
ვიცი, ამ ნაბიჯის გადადგმის მერე (პოლიტიკაში წასვლას ვგულისხმობ) ადამიანების გარკვეული ნაწილი სხვანაირად შემომხედავს. მე ის არ მინდა, რომ ზუსტად იმ ადამიანებს გავუცრუო იმედი, ვინც მხარს მიჭერდა და მიჭერს. აღარ მინდა ჩემზე ილაპარაკონ და ისევ ჭორები მიგორონ.

- პოლიტიკაში თუ წახვალთ, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ...
- ვიცი, მზად უნდა ვიყო. ღმერთმა იცის, რამდენი სიბინძურე და ჭორი წამოვა... ბევრს ვფიქრობ იმაზე, რომ იქნებ ამ გზით უფრო იოლად მივაღწიო მიზანს და სხვა უსამართლობის მსხვერპლებსაც დავეხმარო. ესაა ჩემი მიზანი, თორემ მე არც სიმდიდრე მჭირდება, მთელი სამყაროც რომ მაჩუქონ, არც ეს მინდა. პრივილეგიები თუ მჭირდება, იმისთვის მჭირდება, სამართალს მივაღწიო, სხვა არაფერი მინდა.

- ამასწინათ გითქვამთ - პანკისის ხეობას მიპირისპირებენ და ამაში პარლამენტის თავმჯდომარეა გარეულიო. თემირლანის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნა, ამაშიც თალაკვაძეს სდებდით ბრალს. რის საფუძველზე?
- ზოგჯერ განცხადების კეთებისას ხდება ისე, რომ მაინც და მაინც ვერ იგებენ ჩემს ნათქვამს. თალაკვაძესთან დაკავშირებით ის ვიგულისხმე, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია რომ არ შეიქმნა, პირველი ამას თალაკვაძე ეწინააღმდეგებოდა, ხეობაში კი სუს-ი მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დამიპირისპიროს.
ჩემი ეს ნაბიჯი იქნება იმის მცდელობა, რომ იქნებ ადვილად მივაღწიო ჩემს სიმართლეს და ქვეყნის დიდ ნაწილს გავაგებინო, რომ არც მე და არც ჩემი შვილი დამნაშავეები არ ვყოფილვართ. ჩემთვის პირველ ადგილზე ღირსება, სიმართლე და ადამიანების თანასწორობა. საბოლოოდ, ჩემი მიზანია პანკისის მოსახლეობა გავხადო საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები.

- რატომ ფიქრობთ, რომ პანკისელები არ არიან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები?
- სრულფასოვნებად რომ ვითვლებოდეთ, ასეთი დიდი დანაშაულია ჩადენილი ხეობაში და მთელმა ქვეყანამ იცის, რა მოხდა შემდგომ. მეორეც, შურისძიების მიზნით რომ შეწყვიტეს ჩემი საქმე, ვარ მე ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე? ქისტები სრულფასოვანი მოქალაქეები რომ ვიყოთ, ასე არ მოგვექცეოდნენ.
მე და ჩემნაირებს, ეთნიკურ უმცირესობას სახელმწიფო ასე არ უნდა მოექცეს. როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა, ბევრი დაპირება იყო, ამა და ამ საქმეს გამოვიძიებთო, თუნდაც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის საქმეს. ბიძინამ მოატყუა ქისტები, როცა დაპირდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ - როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე ჩაკვდა ეს საქმე. არ მინდა ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. კი, ვენდობი და მჯერა ყველასი, მაგრამ ხვალ რომ არ მითხრან, კი გვინდოდა, მაგრამ ასე ვერ გამოვიდა, არ შეგვიძლია და ა.შ. ამიტომაც მინდა, საქმეში უშუალოდ ვიყო ჩართული.


(სპეციალურად საიტისთვის)

ილ
05 ივნისი 2020 20:27
ბატონო პოლიტიკსო, თუ ბიძინამ ვერ გამოიძია ლაფანყურის საქმე თუ ბიძინამ,ვერ გამოიძია სააკაშილის დროს ჩახოცილი ხალხის საქმეები, შეეკითხე შენს მეგობარ ნაცებს და გეტყვიან რა ხდებოდა. თუ არა და ჯერ მაგათი გასამართლება მოგიწევსს!!!
ნიკოლოზი
05 ივნისი 2020 18:13
ვაიმე და უიმე
ყვარლელი
05 ივნისი 2020 13:14
გაგამწარეს?წადი პოლიტიკაში...მოდაა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა