"მთავარია ოპოზიცია შეთანხმდეს და თანამედროვე ქართული სოფლის პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები"
"მთავარია ოპოზიცია შეთანხმდეს და თანამედროვე ქართული სოფლის პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები"
მას მერე, რაც ოპოზიციური ერთობის წევრებმა ღიად მიანიშნეს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ყველაზე მეტად ხელს "ნაციონალური მოძრაობა" უშლიდა, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება, - "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობსო.

მისივე თქმით, 5 ივნისიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში - დაიწყებს. მელიამ თქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების
დარღვევას აპირებდა, უსაფუძვლოაო.

"ნაციონალური მოძრაობა" ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე თბილისში, მილიონ-ნახევრიან ქალაქში 200 000 ხმა მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ ხმებზე მეტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ
ვდემონსტრირებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა მელიამ.

ეს განცხადება ოპოზიციისთვის მოულოდნელი რომ იყო, კარგად გამოჩნდა რიგი ლიდერების პირველ შეფასებებში.

"თუ ეს სიტყვა შესრულდება, მხოლოდ მოხარული ვიქნები"

გიგა ბოკერია, "ევროპული საქართველოს" წევრი:
"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებმა, (ბატონმა მელიამ არა) ბოლო დროს გააკეთეს განცხადებები, რომელიც საპირისპირო იყო იმ სულისკვეთების და შეთანხმების, რაც ჩვენ გვქონდა.  ზაალ უდუმაშვილის, რომან გოცირიძის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებები სრულიად საპირისპირო იყო, რომ პირველ ტურს რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ტური უნდა იყოს, რომ თუ ყველა პარტია ყველგან არ იქნა, რა აზრი აქვს და ა.შ. ეს ჰგავდა შეთანხმების დარღვევისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის შემზადებას. რაც შეეხება ბატონი მელიას განცხადებას, ის იმ სულისკვეთებისაა, რაც ჩვენ აქამდეც გვქონდა. თუ ეს სიტყვა შესრულდება, მხოლოდ მოხარული ვიქნები. დღეს ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ რისკები შევამციროთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. პირველივე ტურში უნდა გაირკვეს, ვინ დამარცხდა, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს ივანიშვილის ხელისუფლებამ"

"ეს არის თანხმობისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი"
გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" ლიდერი:
"ძალიან კარგი და სწორი განცხადება. "ნაციონალური მოძრაობა" იღებს ორ ადგილს, დანარჩენი 6 ადგილი მთავარია გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ შორის, ჩვენც, "ახალი საქართველოც" მივიღებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას. ეს არის თანხმობისკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი. მე მგონი, დასრულებულია განხილვები, შეთანხმება ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანწილად შემდგარია. ძალიან კარგი ფორმაა. საჯაროდ მოხდა ამის გაცხადება, რომ აღარ იყოს კიდევ ორაზროვნება დისკუსიების. პოლიტიკა საჯარო საქმეა და ეს ფორმა ძალიან კარგია".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის გადაწყვეტილება ასე ახსნა:  "ნებისმიერ ეტაპზე, ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ჩვენთვის 2012 წლიდან იყო უდიდესი ამოცანა. იყო და არის - ქვეყნის განვითარებისთვის.. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ პლატფორმებთან, ვინც იდოლოგიურად და პოლიტიკირად დიდი განსხვავებისაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დემოკრატია პოლიტიკურ თანაცხოვრებას გულისხმობს"

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმითაც,  - შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი თბილისში.

"გირჩიდან" მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, მაგრამმე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ "გირჩი" წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით",  - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, აქამდე ოპოზიციურ ერთობაში ამ ტიპის შეთანხმების მიღწევა და საარჩვენოდ თანამშრომლობა, ფაქტობრივად, არ ხერხდებოდა. შესაბმისად, ექსპერტთა ნაწილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა აღწევს თავს უმწიფრობას. 

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"ოპოზიციას, იმაზე მეტი ამბიცია აქვთ ვიდრე წონა. ამას მიჩვეულები ვართ. მთავარი აქ არის ის, რომ შეთანხმდნენ, თანამედროვე ქართული სოფლის პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს თავიდან და სოფლის ბოლოს თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. თუ რაიმეზე შეთანხმებას მიაღწევენ, ეს რა თქმა უნდა, წაადგება მათაც და ზოგადად პოლიტიკურ პროცესსაც. დღეს ჩვენ იმდენად ხელისუფლების ცვლილების პრობლემა ხომ არ გვაქვს, გვაქვს დაბალანსებული მრავალპოლუსიანი პოლიტიკური პროცესის პრობლემა. რაც უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება, მით უკეთესია"

ვანო მაჭავარიანი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი:
"ნიკა მელიამ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა ნდობის თვალსაზრისით და ასევე, ოპონენტებთან მიმართებით. შეთანხმება არის ღია, ურთიერთობა და მოლაპარაკება არის ღია. მნიშვნელოვანი მომენტია, პირველ ტურში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება არის სწორი გზავნილი ამომრჩევლისთვის და აქ დახურულ კარს მიღმა არაფერია დამალული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის გაერთიანებული ოპოზიცია. არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ჰყავთ ძლირ კანდიდატები და აქვთ სურვილი დააყენონ კანდიდატები. ოპოზიციას დაყავი და იბატონეს პრინციპით, შანსი არ აქვს ივანიშვილის ადმინისტრაციული თუ სახელმწიფო აპარატის დამარცხების. ამ შემთხვევაში მათაც ეზრდებათ შანსები, ამომრჩეველსაც ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს ღია პროცესი შერჩევასა და სერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე კონკრეტული ტესტია დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის - არიან თუ არა ისინი ერთიან ოპოზიციურ ფრონტში ივანიშვილის წინააღმდეგ თუ ე.წ. წარმოადგენენ ივანიშვილის თამაშის ნაწილს და ოპოზიციის ოპოზიციას".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?