რას ჰყვება ლევან მამალაძე ოქროზე, რომლის გამოც სააკაშვილი და მამალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - სად არის და რას საქმიანობს სკანდალური ექსგუბერნატორი? - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ლევან მამალაძე ოქროზე, რომლის გამოც სააკაშვილი და მამალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - სად არის და რას საქმიანობს სკანდალური ექსგუბერნატორი?

"ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთები და ფარშავანგები - ყველაფერი სააკაშვილის ლეგენდებია ჩემზე უარყოფითი აზრის შესაქმნელად"

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან: "17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა და ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. უმორჩილესად გთხოვთ, შემიწყალოთ! მომეცით საშუალება, დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს!"

შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს და სასამართლომ მას ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის დაუსწრებლად 17 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

"კვირის პალიტრა" ლევან მამალაძეს უცხოეთში დაუკავშირდა.

- საქართველოდან 2003 წელს წავედი, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩემი უკანონო დევნა დაიწყო. ჩემი შვილები უკრაინაში გაიზარდნენ, დონბასში, მერე იქ ომი დაიწყო და გადაადგილებამ მომიწია. უკრაინა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა.

- ინტერპოლს წითელი ცირკულარიდან მოუხსნიხართ. ეს როდის და როგორ მოხდა?

- ინტერპოლმა ჩემზე ძებნა 2015 წელს მოხსნა ისე, რომ არც მიმიმართავს. ამის მოტივი ის გახდა, რომ შეისწავლეს ჩემი საქმე და პოლიტიკური სარჩული დაინახეს...

- საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეთ. ეს თავისთავად ხომ არ ნიშნავს თქვენი მხრიდან ბრალდების აღიარებას?

- შეწყალების იურიდიული ნაწილი არ ითვალისწინებს აღიარებას. შეწყალება არის პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი ადამიანის მდგომარეობის გათვალისწინებით. 2012 წლიდან იმედი გამიჩნდა, რომ ეს პროცესი დაიძრებოდა და მაშინდელ საპარლამენტო კომისიაში მასალები შევიტანეთ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელსაც სხვა სახელმწიფოს (უკრაინის) მხრიდან პოლიტდევნილის სტატუსი ჰქონდა. მერე ამ სიიდან ამომიღეს - "ოცნებაში" სააკაშვილის მოტრფიალეთა ძალიან დიდი ჯგუფი იყო და ამის ინიციატორებიც ისინი გახლდნენ. არ გავჩერებულვარ და პროკურატურაში შევიტანე მასალები. 2012 წლიდან, ვინც კი დაინიშნა, ყველა პროკურორს მივმართე... საქმე მთლიანად დაშლილია, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ან მოწმე...

სააკაშვილის პროკურატურამ საქმე შეკერა. დეკლარაციას ყოველწლიურად ვავსებდი და რაიმე შეცდომა მაკონტროლებელს არ დაუფიქსირებია. როცა ვერაფერი ნახეს, სააკაშვილის დავალებით ყველაფერი უკანონოდ გამოაცხადეს და დევნა დამიწყეს. გახმაურებული ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთები და ფარშავანგები - ყველაფერი ჭორია და ბრალში მსგავსი არაფერია, სააკაშვილი ამ ლეგენდებს ჩემზე უარყოფითი აზრის შესაქმნელად ავრცელებდა.

დეკლარაციაში მიწერია მანქანა და ვიზა-ბარათი, რომელიც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა. გამოაცხადეს, რომ მანქანა ქრთამად მაქვს მიღებული, ვიზა-ბარათი კი უკანონოა. "შევროლე" ოფიციალურად, მაღაზიაში შევიძინე და ყველა დოკუმენტი მქონდა. პროკურატურამ მონახა პირები, რომლებზეც საქმე ჰქონდათ აღძრული და გაურიგდნენ ეთქვათ, რომ მანქანა ქრთამად მომცეს და არანაირი საბუთი არ არსებობდა. ჩვენება, რომელსაც პროკურატურა დაეყრდნო, მერე ამ მოწმეებმა უარყვეს... ვიზა-ბარათზე 4 წლის განმავლობაში სულ 14.000-ის ბრუნვაა და ყველა ბრუნვა დაფიქსირებულია დარღვევად და შემოსავლების დამალვად. ბარათთან დაკავშირებითაც იპოვეს ბანკის თანამშრომელი, რომელიც სცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და დააწერინეს, თითქოს მას ჩემი დავალებით შეჰქონდა-გამოჰქონდა თანხა... ამ კაცმა დაწერა, მაწამესო, მაგრამ ყურად არ იღეს...

- 500 კგ ოქროს გატანის ამბავიც მითია?

- 2004 წლის იანვარში ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა: ფოთის პორტში ჩაიძირა დიდი კატერი. აღმოჩნდა, რომ ამ კატერში ჩალაგებული იყო ოქროს ზოდები, რომლებიც მამალაძეს უნდა გაეტანა საზღვარგარეთო. მყვინთავები მოიყვანეს, ამოიტანეს და გაიტანესო. მერე წვრილად იყო მინაწერი: "დაუზუსტებელი ინფორმაცია". ოქროს ზოდების თემა იცით, საიდან მოდის? გახსოვთ, ბოლნისში იყო სახელმწიფო საწარმოები "მადნეული" და "კვარციტი", რომლებიც ომიანობის დროს ძარცვისგან კბილებით დავიცავით. სააკაშვილი, რომელიც იმხანად იუსტიციის მინისტრი იყო, იქ მომუშავე ინვესტორებს 2 მილიონად გაურიგდა, რომ ამ ორ საწარმოს გააკოტრებდა და მათ ვალებში გადასცემდა. ამ დროს დავუპირისპირდით ერთმანეთს მე და სააკაშვილი. საქმეში სულხან მოლაშვილიც ჩაერთო (აბა, რისთვის აწამეს?) და ჩვენ, ფაქტობრივად, შევძელით ამ გარიგების ჩაშლა... როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, რამდენიმე დღეში ეს საწარმოები სახელმწიფოს წაართვა და რუსულ კომპანიას გადასცა საკუთრებაში, რომელსაც ბიძამისი აკონტროლებდა. ახლა თქვენ თვითონ შეაფასეთ, ვინ რა გაძარცვა. მე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი, დავისაჯე, სააკაშვილი კი დღესაც საქართველოს დიდი ქონების მეპატრონეა.

- ნიანგების, ბეჰემოთების და ფარშავანგების თემა საიდან წამოვიდა? მართლა არ გინადირიათ "შავი რაშით ნიანგებზე აფრიკაში"?

- ნადირის მოკვლა ცოდვად მიმაჩნია, ნადირობას საერთოდ ვერ ვიტან! გეტყვით, რას მოება ნიანგების თემა. 2001 წელს ბრაზილიაში ტარდებოდა რეგიონული და მუნიციპალური ტურიზმის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს მთავრობის ნებართვით ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. დმანისში რომ აღმოაჩინეს ჰომოერექტუსის ყველაზე ძველი ნაშთები, ბრაზილიაში ამის პრეზენტაცია გავმართეთ ტურიზმის მხარდასაჭერად. როცა დავბრუნდით, მთავრობის სხდომაზე მოხსენება გავაკეთე. მიშამ ეს აიტაცა, მოსყიდული მედია დააფინანსა და იმას კი არავინ ამბობდა, სინამდვილეში რისთვის ვიყავი წასული, მათ აწერინებდა, მამალაძე ბრაზილიაში კარნავალზე და ნიანგებზე სანადიროდ იყო წასულიო.

- "ლევან ფაშაც" მიშამ შეგარქვათ?

- ფაშა თურქული სიტყვაა და ნიშნავს გენერალს, მაგრამ სააკაშვილმა ეს სტატუსი ქართველების გასაღიზიანებლად მოიფიქრა. 90-იან წლებში ქვემო ქართლში ეთნიკური დაძაბულობის სერიოზული საფუძვლები არსებობდა, მაგრამ მოვაგვარეთ - საქართველო არ ჩაერთო სომხურ-აზერბაიჯანულ ომში. აზერბაიჯანელებმა, ბერძნებმა და სომხებმა ქართულის სწავლა დაიწყეს, დემოგრაფიული სირთულეები დავაბალანსეთ, აჭარიდან და სვანეთითან სტიქიით დაზარალებული ოჯახები ჩამოვასახლეთ... მხარდაჭერა, რომელიც ქვემო ქართლში მქონდა, სააკაშვილმა ისე დახატა, "ლევან ფაშას" ეძახიან, ხედავთ, რა ცუდი ტიპიაო...

მას ჩემზე დავალება ჰქონდა მიცემული, მამალაძე დაიჭირეთ და გაანადგურეთო. ცნობილი ფაქტია, მიშას ჩემი მოკვლა უნდოდა. გაგრძელება