"საკადრო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ყველაზე სუსტი წერტილია" - კვირის პალიტრა

"საკადრო პოლიტიკა "ქართული ოცნების" ყველაზე სუსტი წერტილია"

"ქართული ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს"

მედიაც და საზოგადოებაც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილავდნენ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლას. ამ ხმებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის დიდი ნაწილი და პარტიული ვერტიკალიც გვარიანად შეშფოთდნენ. საქმე ის არის, რომ პარტიული აქტივის დიდ ნაწილს სწორედ გახარია ეიმედება ყველაზე მეტად. მისი შესაძლო გადადგომისთვის 2 მიზეზი სახელდებოდა: ერთი შედარებით უტოპიური, რომ ის ოპოზიციაში წავიდოდა, ფსევდოოპოზიციურ ძალას შექმნიდა ოპოზიციური ხმების დასაქსაქსად, მეორე ვერსიით კი ის იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც უფრო რეალური ჩანს. სხვა შემთხვევაში ყოვლად აუხსნელია კორონავირუსულ საფრთხესთან გამკლავებაში ფაქტობრივად წარმატებული გახარია რატომ უნდა გაუშვან მთავრობიდან. გახარიას სწორედ ის პერიოდი უდგას კარიერაში, როდესაც გაცილებით მეტი ამბიციისა და მოთხოვნის უფლება შეიძლება მისცეს თავს. გასული კვირის ბოლოს გახარიამ განაცხადა, რომ არსად არ აპირებს წასვლას, მაგრამ, ბუნებრივია, ისმის კითხვა, მაშ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მითქმა-მოთქმა, ვის და რაში დასჭირდა ამ საკითხის გააქტიურება ახლა, როცა პოლიტიკური ძალები საარჩევნო მარათონს იწყებენ? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

რამაზ საყვარელიძე

- ჭორების გავრცელებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის საზოგადოების რეაქციის შესწავლა, მისი განწყობის ერთგვარი ზონდირება. ვფიქრობ, ამ და სხვა ანალოგიური ხმების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ მის ავტორებს ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. ჰგონიათ, საზოგადოება ჭურივით არის, რასაც ჩასძახებენ, ისიც იმასვე ამოსძახებს. ამ შემთხვევაშიც ჭორის მოდელიდან კარგად ჩანს ეს დამოკიდებულება. გაგახსენებთ, ლოგიკური არგუმენტი დღემდე არავის დაუსახელებია, ანუ არავის უპასუხია კითხვაზე, რატომ უნდა გადადგეს გახარია, მის ადგილას კი დაინიშნოს ერთი, მეორე თუ მესამე დასახელებული პირი.

ფართოდ გავრცელდა ფრაზა, რომ გახარია გადადგება და ამით დასრულდა. თუ ეს ოპოზიციამ გააკეთა, რას ელოდნენ ამისგან ხელისუფლების ოპონენტები? საქმე ის არის, რომ გახარიას რეიტინგმა კორონაკრიზისის ფონზე მოიმატა და დიდი შანსია, რომ მან თავისი რეიტინგით მნიშვნელოვნად გააძლიეროს "ქართული ოცნება" და გამარჯვებაც მოუტანოს, ამიტომ შეიძლება აწყობდეთ რეიტინგული გახარიას შესაძლო წასვლის იდეის ტირაჟირება, რათა ამომრჩეველმა მისი ფიგურა სერიოზულად არ აღიქვას და არ დაუკავშიროს მისი რეიტინგი "ქართულ ოცნებას". როგორც ჩანს, სურთ საზოგადოება ფიქრობდეს, გახარია დღეს არის მთავრობაში და ხვალ აღარ იქნებაო. იმავდროულად, შესაძლებელია ამ ჭორს ავრცელებენ "ქართულ ოცნებაშივე".

მეტოქეები და მტრები გახარიას მხოლოდ ოპოზიციაში არა ჰყავს, მას თავის პარტიაშიც ეყოლება შეიძლება უფრო დაუძინებელი მტრებიც კი, ვიდრე ოპოზიციაში. როგორც წესი, პოლიტიკურ ზედა ეშელონებში ერთმანეთის მეგობრები ნაკლებად არიან ხოლმე. თუმცა, ვფიქრობ, იმ რეზონანსმა, რაც მოჰყვა გახარიას შესაძლო გადადგომას, მის მტრებს პარტიაში თუ მის გარეთ აჩვენა, რომ მას დღეს საზოგადოების იმგვარი მხარდაჭერა აქვს, მისი გასტუმრება მთავრობიდან მარტივი არ იქნება. მეტიც, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ხედავენ, რომ მის გარეშე არჩევნებზე სულაც არ გაუიოლდებათ საქმე. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ ამით საზოგადოებრივი აზრი მოსინჯა, ამის არ მჯერა. ასეთი მოსინჯვისთვის არსებობს სოციალური კვლევები, ჭორებით რეიტინგებს არ ზომავენ.

- დამეთანხმებით, გიორგი გახარია ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ფიგურად აღიქვამს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდიც, რომ ეს შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს აშფოთებს. ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ასეთი მოსაზრებაც გამოთქვა: ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საფიქრალია, როგორ მოახერხოს, რომ გახარიამ მთელი შავი სამუშაო შეასრულოს საარჩევნოდ და დივიდენდები თვითონ დაიწეროსო. - შეშფოთებული და შეწუხებული ადამიანი, როგორც წესი, ადგილს ვერ პოულობს. ივანიშვილს რომ ეს აწუხებდეს, ვფიქრობ, თავისი შეფასებებით ჩაერეოდა საქმეში. ვიცით, რომ ივანიშვილს სჩვევია ხმაურიანი შეფასებები, თუ რამე არ მოსწონს, საჯაროდ თქმა არ უჭირს. ვნახეთ, რომ პანდემიის პერიოდში ის არც გამოჩენილა, შესაბამისად, ლოგიკა, რომ ივანიშვილს გახარიას რეიტინგის გამო არ სძინავს, არ არის დამაჯერებელი.

თუ გახსოვთ, როდესაც პოლიტიკაში მეორედ მოვიდა, რასაც მთავრობიდან კვირიკაშვილის წასვლა მოჰყვა, ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, საქმეს ვერ გაართვეს თავი და პოლიტიკაშიც ამიტომ ვბრუნდებიო.

თუ გახარიამ გაართვა თავი საქმეს, რატომ უნდა ვეძებოთ ამის უკან ივანიშვილის ბოროტი ზრახვა, არ ვიცი. ვფიქრობ, ივანიშვილს აკმაყოფილებს, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას მისი ხმა იყოს მთავარი, ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა კი, სავარაუდოდ, დიდად არ ხიბლავს.

- კიდევ ერთი ვერსია, რასაც გასულ კვირას განიხილავდნენ, თეა წულუკიანის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შესაძლო პირველინომრობა და პარლამენტის თავმჯდომარეობა იყო. ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც 2012 წლის შემდეგ არ შეუცვლიათ. რა არის ამის მიზეზი და რამდენად რეალურია, რომ მან იუსტიციის მინისტრის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერის სავარძელში მართლაც გადაინაცვლოს არჩევნების შემდგომ? - ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანის იუსტიციის მინისტრობა დიდად წარმატებულად ვერ ჩაითვლება. ვერ ვერკვევი ამ სისტემაში, მაგრამ, ვფიქრობ, იმაში, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა და ხდება, "დიდი წვლილი" წულუკიანსაც მიუძღვის. რა არის მისი შეუცვლელობის მიზეზი? არ ვიცი, ალბათ, ის, რომ 8 წლის განმავლობაში წულუკიანის გარდა არც ერთი სხვა მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასეთი შეუპოვარი არ ყოფილა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოსწონთ ის "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.

- რამდენიმე დღის წინ "ქართულ ოცნებაში" შეკრება გაიმართა. კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, პარტიულმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სიის სრული შემადგენლობა სექტემბერში გასაჯაროვდება. ამას ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს - როგორც ჩანს, გვარიანად აპირებენ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის გაწმენდას, რის გახმაურებასაც არ ჩქარობენ, რადგან არ უნდათ ერთბაშად ბევრი უკმაყოფილო დეპუტატი აღმოჩნდეს პარლამენტში. მაგრამ სად უნდა ნახოს "ქართულმა ოცნებამ" ახალი კადრები განახლებისთვის? - სიმართლე გითხრათ, კადრები შესაძლოა არ იყოს რთული მოსაძებნი, მაგრამ გააჩნია, რა იქნება ამ შერჩევისას პრიორიტეტი და ახალი სახეები რას მოუტანენ თვითონ პარტიას. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკადრო პოლიტიკა დღემდე "ქართული ოცნების" ყველაზე სუსტი წერტილია. მგონი, ერთადერთი გამონაკლისი გახარიაა. ის, რომ საკადრო პოლიტიკა სუსტი წერტილია, ეს ივანიშვილისგანაც არაერთხელ მოგვისმენია. სად შეიძლება მოძებნონ ახალი კადრები? ვფიქრობ, რეგიონებში არის ამის პოტენციალი და კარგი იქნება, თუ მეტ ასპარეზს მისცემენ წარმატებულ რეგიონულ ფიგურებს, ვისაც ხალხთან ლაპარაკი მათთვის გასაგები ენით შეუძლია.

"ქართული ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლად იქცა დასავლეთში განათლებამიღებული ხალხი, რომელთა შენარჩუნებასაც ეს პოლიტიკური ძალა დიდწილად ვერ ახერხებს. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები მათი სია, მას დიდი ინტერესით დააკვირდებიან დასავლეთიდანაც. დღესდღეობით პარლამენტში დასავლეთთან მოლაპარაკე ორიოდე დეპუტატი თუ შერჩა "ოცნებას", რაც პრობლემაა. შესაბამისად, სიის შედგენისას მოუწევთ ამაზე დაფიქრება. ახალი სახეების საზოგადოებისთვის გასაცნობად, მით უფრო, თუ სექტემბრამდე არ აპირებენ სიის გახმაურებას, ძალიან ცოტა დრო ექნებათ და ესეც უნდა გაითვალისწინონ.

- ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი გახარია იქნება. ალბათ, არავისთვის იქნება მოულოდნელი ისიც, რომ სიის შედგენისას გადამწყვეტ სიტყვას ბიძინა ივანიშვილი იტყვის, მაგრამ, ცხადია, განსაზღვრულ კვოტებზე პრეტენზიები ექნება ზოგიერთ შიდაპარტიულ ჯგუფსა თუ ლიდერს. მაგალითად, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს. - გახარიას, როგორც პრემიერს, თავისი გუნდი არა ჰყავს. არ ვიცი, ამგვარი პირობები მას შეუქმნეს თუ თვითონ გადაწყვიტა ასე. მიღებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს თავისი კვოტა სიაში. არ ვიცი, თავად გახარია რამდენად მოიკლავს თავს, რომ ეს კვოტა დიდი იყოს. მას მთავრობის გადახალისებაც არ უცდია საკუთარი ინტერესებით. რაც შეეხება კალაძეს, მას ნამდვილად აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი ხალხი პარლამენტში. ვნახოთ, იმედია, ეს კვოტების ჭიდილი მათთვის მშვიდობიანად დასრულდება.

- ოპოზიციურ ფლანგსაც გადავხედოთ. მას მერე, რაც ოპოზიციური ერთობის წევრებმა მიანიშნეს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ყველაზე მეტად ხელს "ნაციონალური მოძრაობა" უშლიდა, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ნიკა მელიას განცხადება, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობსო. - ნებისმიერი ნაბიჯი, დათმობა თანხმობის მისაღწევად დასაფასებელია. ვფიქრობ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს რამდენად აისახება ოპოზიციის საარჩევნო წარმატებაზე, ვერ გეტყვით. თანხმობის გარდა, პრობლემა სულ სხვა რამეშია. რისთვის აპირებს ეს ერთობა ბრძოლას? მათი განცხადებების თანახმად, ერთმანეთთან თანამშრომლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოიშორონ. არ უთქვამთ, ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, უფრო მეტი ჯანმრთელი მოქალაქე გვყავდეს, უცხოეთთან უკეთესად დავალაგოთ ურთიერთობაო და ა.შ. მხოლოდ ერთი კაცის მოშორება აქვთ მიზნად. ხანდახან ეს მიდგომა ამართლებს და სწორია. მაგალითად 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" გავიხსენებ, როდესაც შევარდნაძის გადაყენებისთვის ბრძოლა იყო ოპოზიციის ერთიანობის მოტივი, თუმცა სააკაშვილმა ამას მოაყოლა კორუფციის დაძლევის თემაც, ჭკვიანი პოლიტიკოსია და იმიტომ... ამათ არანაირი პოზიტიური ლოზუნგი არა აქვთ, თანაც დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა - ჯერ ერთი, ეს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ხელისუფლებასავით მორყეული, მეორეც, საზოგადოების პოლიტიკური გემოვნებაც დაიხვეწა - ვეღარ დაარწმუნებ ხალხს ივანიშვილის გადადგომისთვის შექმნილი ერთიანობის სიკეთეში, როდესაც ამ ერთობის მთავარი მოთამაშე "ნაციონალური მოძრაობაა", რომლისგანაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საფრთხეს ელის. საზოგადოების ამ განწყობას პოზიტიური დღის წესრიგით უნდა დაუპირისპირდნენ, რაც არ ჩანს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა" და მას მიმატებული სხვა ოპოზიციური ძალებიც. ამიტომაც მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღონ. გარდა ამისა, ოპოზიციური ხმები შეთანხმების შემთხვევაშიც კი გაიყოფა, რადგან "ლელო" და "პატრიოტთა ალიანსი" დამოუკიდებლად აპირებენ მაჟორიტარების წარდგენას.

- ფიქრობთ, რომ "ლელოს" პოზიცია, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, სწორია? - რას მოუტანდა "ლელოს" ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში ყოფნა? არც არაფერს, რადგან ეს რევანშის ოპოზიციაა.

"ლელო" პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს. ვნახოთ, არჩევნებამდე შეძლებენ თუ არა ამ ყველაფრის ამომრჩევლამდე მიტანას და დარწმუნებას. მე მაინც მგონია, რომ "ლელოს" მომავალ პარლამენტში ვიხილავთ.

- საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა უკვე დაიწყო. დიდი ალბათობით, ამჯერად მაინც კარგად დასრულდება. როგორ ფიქრობთ, ახალი საარჩევნო პირობები ვის წისქვილზე დაასხამს წყალს? - დღევანდელი ვითარებით, "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, განწირულია გამარჯვებისთვის, რადგან მისი ალტერნატივა ქვეყანაში მასზე უარესია. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც ასე იბრძოდა ოპოზიცია, სავარაუდოდ, ისევ მმართველ ძალაზე იმუშავებს.

- რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების კომიტეტმა", ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელი განცხადება გაავრცელა - თურმე ის ზონა, სადაც ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. რესპუბლიკის საზღვარი დაარღვიეს, რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური თვალსაზრისით შეისწავლეს. მათივე თქმით, შემოწმება საჭირო გახდა "მაღალი დონის ბიოლოგიური საფრთხისა და საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის ლაბორატორიის ქმედებების გამო". ეს განცხადება ანგარიშში ჩასაგდებიც არ იქნებოდა, რომ არა მანამდე რუსეთის საგარეო უწყების მორიგი დემარში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. რატომ გადაწყვიტა რუსეთმა მორიგი კამპანიის წამოწყება ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, მათ შორის რუსეთიც, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება? - ჯერ ერთი, გაზაფხულია და ამ დროს მწვავდება ხოლმე რიგი პროცესები, მათ შორის ფსიქიკურიც...

მეორე უფრო სერიოზული მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთისა და სეპარატისტებისთვისაც დიდი დარტყმაა, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მსხვერპლის მიხედვით მძიმე ვითარებაა რუსეთში, საქართველოში კი, არა. თანაც კრემლს, როგორც ჩანს, მოსახლეობის ყურადღების რაღაც სხვა საფრთხეზე გადატანა სურს და ასეთად დასახა ლუგარის ლაბორატორია. ამასთან, ლუგარზე დარტყმით ცდილობენ აშშ-საც მიაყენონ ზიანი, მაგალითად, ამ ქვეყანას დაუკავშირონ ხელოვნურად შექმნილი ვირუსების საფრთხე და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლაა, რაც კვლავაც გაგრძელდება, ალბათ, თუმცა მეეჭვება ამას უახლოეს მომავალში სერიოზული გართულება მოჰყვეს.