"ხელისუფლება მოცემულობაა, "ნაციონალები" და "ევსაქები" წარსული, "ოცნება" კი აწმყო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მოცემულობაა, "ნაციონალები" და "ევსაქები" წარსული, "ოცნება" კი აწმყო"

"ვითარება ბუნდოვანია და ლოგიკას არ ექვემდებარება", - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი დღევანდელ ვითარებას.

"პოსტპანდემიური პერიოდი როდის დადგება, უცნობია. კორონავირუსის მეორე ტალღა ჯერ კიდევ წინ გვაქვს და რისი გაკეთება მოგვიწევს, არ ვიცით. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, პრობლემაა, რომ ამომრჩევლის დიდ სეგმენტს არ სურს წარსულის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება, არ მოსწონს აწმყო და ელოდება მომავალს", - ამბობს ექსპერტი.

- ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს ხუთი პოლიტიკური ცენტრია: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "პატრიოტთა ალიანსი" და "ქართული ოცნება". ხელისუფლება მოცემულობაა, "ნაციონალები" და "ევსაქები" წარსული, "ოცნება" კი აწმყო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ჯერ ვერ ვხედავ ისეთ ალტერნატიულ პოლიტიკური ძალის ცენტრებად, რომლებიც მომავლის ფორმირებას შეძლებენ.

- "ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ სწორედ ისინი შექმნიან ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ძალის შესაძლებლობას? - თეორიული შანსი აქვს, თუმცა ასეთ ელემენტს ქართულ პოლიტიკურ რუკაზე მე ვერ ვხედავ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ამ ძალის რესურსები უკვე ძალიან შეზღუდულია, საეჭვოა საარჩევნოდ რაიმე ახალი მოიფიქრონ. ისევ ძველ არაერთგზის გამოცდილ იარაღს გამოიყენებენ და ამომრჩეველს ცუდსა და უარესს შორის არჩევანს შესთავაზებენ.

თავს არ შეიწუხებენ იმის მტკიცებით, რომ თავად არიან კარგები, შეეცდებიან დაგვარწმუნონ, რომ მათი ოპონენტები უფრო ცუდები არიან. გარდა ამისა, დღეს არსებულ ვითარებას გამოიყენებენ და სოციალური პაკეტებით მოიგებენ ამომრჩევლის გულს. შესაძლოა ეს ვიღაცამ მოსყიდვად შეაფასოს, მაგრამ ეს ფაქტორი რეალურად იმუშავებს.

- თქვენ როგორ აფასებთ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი პანდემიის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ ეხმარება მოსახლეობას და ის ზუსტად არჩევნებამდეა გაწერილი? - ამ თეორიის განვითარება შესაძლებელია და ამის შესახებ ჩემი აზრი მაქვს.

გიდასტურებთ, ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მაშინ, როდესაც ხალხს ასე ძალიან უჭირს და შესაძლოა ხვალ კიდევ უფრო მეტად გაუჭირდეს, ენა როგორ უნდა მომიბრუნდეს და ვთქვა, რომ ხელისუფლება არ დაეხმაროს?

- რაც შეეხება უკვე არაერთგზის გამოყენებულ იარაღს, ანუ მოსახლეობისთვის ცუდსა და უარესს შორის არჩევნის შეთავაზებას, ფიქრობთ, რომ ეს კიდევ იმუშავებს? - არა, მაგრამ რა ქნას "ქართულმა ოცნებამ", თუ მეტი ფანტაზია არა აქვს? სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა "ოცნებამ" ისევ არ მოახერხოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.

რაც შეეხება ახალ სახეებს "ოცნებაში", ეს ილუზიაა და ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. მმართველმა გუნდმა რამდენჯერაც ახალ სახეებზე დაიწყო ლაპარაკი, ხან ჭიკაიძე ვიხილეთ მინისტრის პოსტზე, ხან კი ღარიბაშვილი.

- ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ღარიბაშვილის გააქტიურებაზე ახლაც არის საუბარი. - მთავარია, ტანკიდან არ ისროლოს, ისე კი იაქტიუროს რამდენიც უნდა. ეს ხუმრობით, ისე კი რა აზრი აქვს, ღარიბაშვილს გამოიყვანს საჭადრაკო დაფაზე, თუ ვინმე სხვა პაიკს?

- გიორგი გახარიას თქვენ ყოველთვის კარგ მენეჯერად მიიჩნევდით. რას ელით მისგან წინასაარჩევნოდ?

- საარჩევნოდ გახარია შეუცვლელია. ცოდვები მასაც აქვს, თუმცა სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესია. ცხადია, გახარია მმართველ გუნდში ძალიან არ უყვართ, ბევრს აღიზიანებს და დიდი სიამოვნებითაც მოისროდნენ გუნდიდან, მაგრამ ხვდებიან, რომ ერთადერთია, ვინც შეიძლება მართლა დადოს შედეგი.

- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის არ უყვარს? - ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ეჭვიანობს და ხვდება, რომ მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, მეორე მხრივ, იცის, რომ უმისოდ არჩევნებზე ფონს ვერ გავა. კბილების ღრჭიალით შეინარჩუნებს არჩევნებამდე, შავ სამუშაოს შეასრულებინებს და მერე გადააგდებს.

- თქვენ 20 ივნისის ღამის შემდეგაც ამბობდით, ივანიშვილი გახარიას შავ საქმეს შეასრულებინებს და გადააგდებსო. - გახარიას იდეალიზებას არ ვცდილობ, მაგრამ კრიზისის მართვის იშვიათი უნარი გამოამჟღავნა და შეუცვლელი გახდა. ივანიშვილს საშუალება რომ ჰქონდეს, სხვაზე დადებდა ფსონს, მაგრამ ჯერ არა აქვს ამის ფუფუნება. ვნახოთ, ამჯერად როგორ ითამაშებს ჭადრაკს. ბევრი რამ მასზეც არ არის დამოკიდებული, ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ხომ არ განვითარდება?

- გახარიას შემდეგ ვისზე შეიძლება შეაჩეროს ივანიშვილმა არჩევანი პრემიერის პოსტზე? - რა გითხრათ, გუნდში ყველა ისეთი უსახური ჰყავს... გარშემო ან ანტიგმირები ჰყავს, ან არარაობა.

- სამაგიეროდ, ეპიდემიოლოგების სახით გვყავს გმირები. - კი, მაგრამ აჯობებს ყველამ თავისი საქმე აკეთოს. მეპურე კარგ ჩაქაფულს ვერ გააკეთებს. ეპიდემიოლოგები იმიტომ მოგვწონს, რომ თავიანთ საქმეს პროფესიონალურად აკეთებენ. როგორც კი პოლიტიკაში მოვლენ, არ მოგვეწონება. არ ვურჩევ მათ ასეთი ნაბიჯის გადადგმას.

ხათუნა ბახტურიძე