"ქართველებს მხოლოდ მეკუჭნავის, როლს გვარგუნებენ" - კვირის პალიტრა

"ქართველებს მხოლოდ მეკუჭნავის, როლს გვარგუნებენ"

ნაღმზე მოთავსებული კავკასია

"ნახიჩევანსა და ყარაბაღში ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები შევიდნენ, ხოლო სომხეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტსა და კავკასიაში მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე გვესაუბრა.

- კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს კვლავაც სთხოვს რუსეთთან შუამავლობას. როგორც ვიცი, სერჟ სარგსიანმა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან სააკაშვილის დაახლოება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

მიხეილ სააკაშვილს პუტინთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ეს უკანასკნელი კი თანახმაა საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებთან იქონიოს კავშირი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილთან. მიხეილ სააკაშვილი თითქოს ამოგდებულია პოლიტიკური მოვლენებიდან და ცდილობს თავისი ადგილი და როლი მოძებნოს იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში, რომლებიც შესაძლოა  კავკასიაში განვითარდეს.

- რა ვითარებას გულისხმობთ?

- დასავლეთს ბუნებრივი აირის, ნავთობის, მეტალისა და ხეტყის ფასების გაკონტროლება უნდა, რომ მეტისმეტად არ გაძვირდეს ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომ,

შეიძლება ითქვას, ევროპა სარგებლობს სააკაშვილის რუსეთთან გართულებული ურთიერთობით და სანქციების შიშით მედვედევს ბევრ რამეს ათმობინებს დასავლური ბაზრისთვის.

თუმცა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა ვითარება შეიძლება მკვეთრად შეცვალოს, რადგან პუტინს გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ის შეეცდება საქართველო სავაჭრო თემად არ ექცეს და ამით ნაკლები დაუთმოს დასავლეთს. ამიტომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამართავს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, მაგრამ არამც და არამც სააკაშვილთან, რაც მას პირადი პრესტიჟის შელახვად მიაჩნია. არ გამოვრიცხავ, არცთუ შორეულ მომავალში "დემოკრატიული რევოლუციების" ტალღამ, რომელმაც ტუნისსა და ეგვიპტეს უკვე გადაუარა, მოიცვას სირია, ლიბია, ომანი, ბელორუსია, აზერბაიჯანი და საქართველო. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი მხოლოდ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იღვწის.

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ჩართო სააკაშვილმა მოლაპარაკებაში მაინცდამაინც სომხეთის პრეზიდენტი. ეს უკანასკნელი რუსეთის პარტნიორია, მაგრამ იმასაც ითვალისწინებს, რომ კავკასიაში დასავლური ინტერესების გაძლიერების პარალელურად, შეიძლება მოვლენები მისთვის არასასურველად წარიმართოს. არ არის გამორიცხული, სომხეთს ყარაბაღის დიდი ნაწილის დათმობა მოუხდეს. სამაგიეროდ, დასავლეთს პრივილეგიების პაკეტი აქვს მისთვის შემუშავებული: მაგალითად, სომხეთის მომარაგება ენერგომატარებლებით, ზღვაზე გასასვლელის გახსნა. ერთ-ერთი გეგმით, თურქეთმა უნდა გაუხსნას გზა სომხეთს.

სააკაშვილიც ცდილობს თავადაც იპოვოს ფუნქცია და სომხებს იმ ქართულ სოფლებს სთავაზობს, რომლებიც ახალციხის სამხრეთიდან თურქეთს ესაზღვრება. ისინი საქართველოს შემადგენლობაში ფორმალურად დარჩებიან, რეალურად კი ამ ტერიტორიით სომხეთი ისარგებლებს. ეს გზა სომხების გარდა არც არავის სჭირდება. იქ უკვე მიმდინარეობს მშენებლობები, რა თქმა უნდა, სომეხი ინვესტორების კაპიტალით და ცხადია, მუშახელიც სომეხია. უფრო მეტიც, დარიალის ხეობის გახსნაც სომხებს აძლევდა ხელს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სომეხ მოსახლეობასთან უფრო ადვილად მისულიყო კვების პროდუქტები, არამედ იმიტომაც, რომ გიუმრიში (სომხეთის ტერიტორიაზე) განთავსებული რუსული  ბაზაც მომარაგებულიყო.

- რატომ ფიქრობთ, რომ სომხეთი ყარაბაღს დათმობს?

- ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აზერბაიჯანის ნავთობი  და გაზი გაივლის საქართველო-თურქეთის ტერიტორიას და ევროპაში გავა. ეს თურქეთისთვისაც მომგებიანია ეკონომიკურად და პოლიტიკურად. რადგან კარგა ხანია ევროკავშირის კარს უკაკუნებს, სადაც ჯერჯერობით არ უშვებენ, ამით კი ევროკავშირის წევრობის საშუალება მიეცემა. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს პროექტი აზერბაიჯანისთვის, თუკი შუა აზიიდან წამოსული გაზი მისი ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზთან ერთად მიაღწევს ევროპამდე. ცხადია, ამით ეს ქვეყანა იმდენად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ  ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში ევროკავშირისა და დასავლეთის მხარდაჭერას იოლად მიიღებს. სწორედ ამ ვითარებაში მოუწევს სომხეთს ყარაბაღის დიდი ნაწილის აზერბაიჯანისთვის დათმობა.

- თურქეთიდან აზერბაიჯანში ნატოს ინსტრუქტორების შესვლა რით არის განპირობებული?

- მაქვს ინფორმაცია, რომ ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები ნახიჩევანშიც ჩავიდნენ. მათი მიზანია, თანამედროვე სტანდარტებით გაწვრთნან და აღჭურვონ აზერბაიჯანული არმია, რომლის ნაწილიც ავტომატურად არის ყარაბაღი. ასე რომ, ერთი ქვედანაყოფი იქაც გაიწვრთნება. რა თქმა უნდა, ნატოს სამხედრო ინსტრუქტორების შესვლას სხვა მიზანიც აქვს: მოსალოდნელია ტერაქტები ბაქოში, არეულობა ყარაბაღში, რაც ჩააგდებს ზემოთ ხსენებულ პროექტს, ე.ი. აზერბაიჯანი ვერ გახდება ენერგომომმარაგებელი ქვეყანა ევროპისთვის. არეულობა ნახიჩევანში (რომლის მოსახლეობის ნაწილი ქურთებისგან შედგება) არც თურქეთს აძლევს ხელს, ვინაიდან ის მოსაზღვრედ მდებარეობს და ეთნიკური დაპირისპირებების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თანაც, თუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი ჩავარდა, თურქეთი დამოკიდებული დარჩება ენერგომატარებლების იმ მიმართულებაზე, რომელიც პუტინმა შესთავაზა - ეს არის ე. წ. "სამხრეთი ნაკადი", რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ალტერნატივაა ("სამხრეთ ნაკადით" გაზი საქართველოს გვერდის ავლით, ზღვის ფსკერზე ჩაყრილი მილებით მიეწოდება თურქეთს.). რუსეთს დაგეგმილი აქვს მეორე, "ჩრდილოეთ ნაკადის მიმართულებაც", რომელიც ბულგარეთიდან წავა ევროპისკენ.

ყარაბაღში უკვე დაძაბული ვითარებაა, გახშირდა შეტაკებები, რომელთაც ნაკლებად ეთმობა ყურადღება. რამდენიმე ხნის  წინ აზერბაიჯანის დაზვერვის ოფიცერი შევიდა ყარაბაღის ტერიტორიაზე და ამ ერთმა კაცმა 80-მდე სამხედრო მოსამსახურე გაანადგურა, თუმცა თვითონაც შეეწირა ამ ამბავს. ის საერთაშორისო  ორგანიზაციების დახმარებით გადაასვენეს აზერბაიჯანში და  გმირის წოდება მიანიჭეს. ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, ყარაბაღში ახლა ომი არ არის, მწარედ ცდება. დასავლეთს კონფლიქტის გაღვივება ხელს არ აძლევს. სხვათა შორის, ამერიკელი ინსტრუქტორების აზერბაიჯანში შესვლის პარალელურად, ერევანში  გაიხსნა ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც პროპაგანდისტულ ბუკლეტებს არიგებს მოსახლეობაში.

- იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის პოზიცია გაძლიერდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველო თავის როლსა და ფუნქციას ხომ არ დაკარგავს?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ დერეფნის ფუნქცია რჩება, ქართველებს მხოლოდ მეკუჭნავის, საწყობის გამგის როლი გვერგება.

საქართველოს რომ ჰყავდეს ნორმალური  ხელისუფლება, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესები თბილისში, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდებოდა. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა არა  მხოლოდ დემოკრატიით შეიძლება გახდეს მიმზიდველი დასავლეთისთვის, არამედ ეკონომიკურადაც. მაგალითად, დღემდე დაკონსერვებულია გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, არის ავტობანის აშენების პროექტი ფოთიდან ბაქომდე, რომელსაც  გზები სომხეთიდან და ჩრდილო კავკასიიდანაც შეუერთდება. ამ პროექტის განხორციელება იმას ნიშნავს, რომ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ტვირთების გატარება ბევრად უფრო იაფად და მოკლე მანძილით შეიძლება. საქართველოს შეუძლია ამით დააინტერესოს ჩრდილოკავკასიელებიც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც კი... მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ იმას ცდილობს, როგორმე მოერგოს ვითარებას, რომლის შექმნაზეც უკვე უცხო ქვეყნები ზრუნავენ.