"ჩემი დავალებით, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-ში და ნატო-ს სხვა ქვეყნებში" - კვირის პალიტრა

"ჩემი დავალებით, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-ში და ნატო-ს სხვა ქვეყნებში"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტებით მოეწყობა, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებში.

ამასთანავე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების მომენტში მძიმე ვითარება იყო სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

"ინფრასტრუქტურა ჩვენი ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. იმიტომ, რომ პრაქტიკულად,წლების განმავლობაში, თუ გადავხედავთ ჩატარებული სამუშაოების ხარისხს, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი და რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი. ჩემი მიდგომა არის შემდგომში - ჩემი დავალებით, ერთიანი სტანდარტით მოეწყობა ყველა ბაზა აბსოლუტურად, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ რომ წახვიდეთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული და ნახოთ ამერიკული ბაზა, შემდეგ ნახოთ ამერიკაში როგორ არის მოწყობილი ბაზა, ერთი-ერთში ეს არის ერთი სტანდარტით მოწყობილი. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც არის ამერიკულ ჯარში, ნატოს სხვა წამყვან ქვეყნებში და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ამ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით, 100-დან 120 მილიონამდე დახარჯავს.

"ინტერპრესნიუსი"