ეგვიპტური გაკვეთილები - კვირის პალიტრა

ეგვიპტური გაკვეთილები

რა მსგავსებაა მუბარაქსა და სააკაშვილს შორის

ეგვიპტელებს მუბარაქის უკვე აღარ სჯერათ. მას აშშ-იც განუდგა და არმიაც

საქართველოს ხელისუფლებამ სარკეში ჩაიხედა და შეეშინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რაც დღეს ეგვიპტეში ხდება, ის საქართველოში 2003 წელს მოხდა და ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობასთან პარალელების გავლება საჭირო არ არის.

მაშინ საინტერესოა, სად წავიდა ჩვენი ხელისუფლების რევოლუციური სულისკვეთება. 2003 წლის შემდეგ, ქართველები ვმონაწილეობდით ჯერ უკრაინისა და ყირგიზეთის შემდგარ და შემდეგ, ბელორუსის არშემდგარ რევოლუციაში. ვითომ ეგვიპტე შორსაა? მაშინ ბირმაც შორს ყოფილა. არადა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ აზიურ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ოფიციალურმა თბილისმა მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა ბირმელ ხალხს და იქ ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა. ეგვიპტეს კი დიდი ბოდიში - არ მივაშველეთ იქაურებს რევოლუციური დესანტი გივი თარგამაძის თამადობით. ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სარკეში ჩაიხედა და შეეშინდა.

30 წლის წინ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქიც ხელისუფლებაში გადატრიალების შედეგად მივიდა, ოღონდ ამას ოფიციალური კაირო რევოლუციას უწოდებდა. მუბარაქი პროდასავლური, უფრო ზუსტად, პროამერიკული ფიგურა იყო. თუმცა უცნობია, არის თუ არა კაიროში რეიგანის ან ბილ კლინტონის ქუჩები.

მუბარაქმა მიზნად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაისახა. ამ მხრივ ეგვიპტე მართლაც გამორჩეულია და ეს ქართველ ტურისტებსაც კარგად მოეხსენებათ. ჰოსნი გზებსაც აგებდა და დღეს ამ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურაა. რამდენიმე თვის წინ ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად (ჰოსნიმ თავისი ქვეყნის ისტორია კარგად იცოდა), ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან 11 მილიარდი დოლარი შევიდა.

ჰოსნი თითოეულ ეგვიპტელს ინგლისურის შესწავლისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით, ინგლისურთან ერთად, რუსულის სწავლასაც ეწეოდა პროპაგანდა, რადგან ეგვიპტის იაფფასიან კურორტებს პოსტსაბჭოელები მიაწყდნენ. თუმცა მუბარაქს ინგლისურენოვანი მასწავლებლების არმია ეგვიპტეში არ ჩაუყვანია.

მუბარაქი მუდამ დემოკრატიულ პრინციპებზე გაჰყვიროდა. ოღონდ ჩვენთან ამას დემოკრატიის ტალღები ჰქვია, იქ რაუნდები. ოღონდ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ არჩევნებში დიდი უპირატესობით ჰოსნი და მისი პარტია იმარჯვებდნენ. სხვათა შორის, მუბარაქზე ბევრი სიმღერაა შექმნილი.

ჰოსნის ტელევიზორიც უყვარდა. ის მუდამ ეკრანში იჯდა. მუბარაქს მოსახლეობასთან დიალოგიც მოსწონდა. ყოველ ზაფხულს, მუბარაქი 5 საათის განმავლობაში ხალხის კითხვებს პასუხობდა. ბოლო პერიოდში საათების რაოდენობა შემცირდა, რადგან ჰოსნი 82 წლისაა და ძველი ენერგია ნამდვილად აღარ აქვს.

მუბარაქი არმიასა და პოლიციაზეც ზრუნავდა. ჰოსნის აზრით, ამ ორი სტრუქტურის ერთგულება იმის გარანტი იყო, რომ მას ბუზსაც ვერ აუფრენდნენ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ცხოვრობდა მუბარაქი მშვიდად და წყნარად. რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში ფასების ზრდა, მასობრივი შემცირებები დაიწყო და სიღარიბემ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ჰოსნიმ ეს ყველაფერი ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ნახევარი ეგვიპტე ქუჩაში გამოვიდა ყოველგვარი ოპოზიციური პარტიების გარეშე, ქვების სროლა დაიწყო და "საყვარელი პრეზიდენტის" გადადგომა მოითხოვა.

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაზე აღარ შევჩერდებით. ისე, ჰოსნი ძალიან ნაცნობი მეთოდებით მოქმედებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კაიროს ქუჩებიდან პოლიცია გაქრა, სამაგიეროდ, გამოჩნდნენ მუბარაქის მომხრე დემონსტრანტები(!). ეგვიპტეში ცხელა და შესაბამისად, მათ შავი ქურთუკები არ აცვიათ.

შემდეგ კი, ერთი მხრივ, მუბარაქმა განაცხადა, რომ 2011 წლის სექტემბრამდე, როდესაც უფლებამოსილება ეწურება, დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა. პარალელურად კი ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს დაერია. ეგვიპტის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში ერთი ჩვენთვის ნაცნობი ხრიკიც იხმარა - განაცხადა, რომ თუ ის გადადგება, ქვეყანა ჩამოიშლება და ქაოსში ჩაეფლობა.

თუმცა ეგვიპტელებს მუბარაქის უკვე აღარ სჯერათ. მას აშშ-იც განუდგა და არმიაც. ჰოსნის ისღა დარჩა, რომ თავის საყვარელ საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხს შეაფარა თავი. მუბარაქის სიჯიუტე ეგვიპტელებს 300-ზე მეტ დაღუპულად და ათასობით დაჭრილად დაუჯდათ. მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ამ ქვეყანაში ჯერ არაფერი დამთავრებულა.

იმედია, საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. ამის თავიდან ასაცილებლად კი ხელისუფლებამ ეგვიპტური გაკვეთილები კარგად უნდა გაითავისოს.