"გახარიას თავის პარტიაშიც შეიძლება გაცილებით დაუძინებელი მტრები ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში" - კვირის პალიტრა

"გახარიას თავის პარტიაშიც შეიძლება გაცილებით დაუძინებელი მტრები ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში"

მედიაც და საზოგადოებაც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილავდნენ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლას. ამ ხმებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსის დიდი ნაწილი და პარტიული ვერტიკალიც გვარიანად შეშფოთდნენ. კვირის ბოლოს გახარიამ განაცხადა, რომ არსად არ აპირებს წასვლას, მაგრამ, ბუნებრივია, ისმის კითხვა, მაშ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მითქმა-მოთქმა, ვის და რაში დასჭირდა ამ საკითხის გააქტიურება ახლა, როცა პოლიტიკური ძალები საარჩევნო მარათონს იწყებენ? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამნარიდს ინტერვიუდან:

- ჭორების გავრცელებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის საზოგადოების რეაქციის შესწავლა, მისი განწყობის ერთგვარი ზონდირება. რამაზ საყვარელიძე ვფიქრობ, ამ და სხვა ანალოგიური ხმების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ მის ავტორებს ცუდი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. ჰგონიათ, საზოგადოება ჭურივით არის, რასაც ჩასძახებენ, ისიც იმასვე ამოსძახებს. ამ შემთხვევაშიც ჭორის მოდელიდან კარგად ჩანს ეს დამოკიდებულება. გაგახსენებთ, ლოგიკური არგუმენტი დღემდე არავის დაუსახელებია, ანუ არავის უპასუხია კითხვაზე, რატომ უნდა გადადგეს გახარია, მის ადგილას კი დაინიშნოს ერთი, მეორე თუ მესამე დასახელებული პირი.

ფართოდ გავრცელდა ფრაზა, რომ გახარია გადადგება და ამით დასრულდა. თუ ეს ოპოზიციამ გააკეთა, რას ელოდნენ ამისგან ხელისუფლების ოპონენტები? საქმე ის არის, რომ გახარიას რეიტინგმა კორონაკრიზისის ფონზე მოიმატა და დიდი შანსია, რომ მან თავისი რეიტინგით მნიშვნელოვნად გააძლიეროს "ქართული ოცნება" და გამარჯვებაც მოუტანოს, ამიტომ შეიძლება აწყობდეთ რეიტინგული გახარიას შესაძლო წასვლის იდეის ტირაჟირება, რათა ამომრჩეველმა მისი ფიგურა სერიოზულად არ აღიქვას და არ დაუკავშიროს მისი რეიტინგი "ქართულ ოცნებას". როგორც ჩანს, სურთ საზოგადოება ფიქრობდეს, გახარია დღეს არის მთავრობაში და ხვალ აღარ იქნებაო. იმავდროულად, შესაძლებელია ამ ჭორს ავრცელებენ "ქართულ ოცნებაშივე".

მეტოქეები და მტრები გახარიას მხოლოდ ოპოზიციაში არა ჰყავს, მას თავის პარტიაშიც ეყოლება შეიძლება უფრო დაუძინებელი მტრებიც კი, ვიდრე ოპოზიციაში. როგორც წესი, პოლიტიკურ ზედა ეშელონებში ერთმანეთის მეგობრები ნაკლებად არიან ხოლმე. თუმცა, ვფიქრობ, იმ რეზონანსმა, რაც მოჰყვა გახარიას შესაძლო გადადგომას, მის მტრებს პარტიაში თუ მის გარეთ აჩვენა, რომ მას დღეს საზოგადოების იმგვარი მხარდაჭერა აქვს, მისი გასტუმრება მთავრობიდან მარტივი არ იქნება. მეტიც, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ხედავენ, რომ მის გარეშე არჩევნებზე სულაც არ გაუიოლდებათ საქმე. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ ამით საზოგადოებრივი აზრი მოსინჯა, ამის არ მჯერა. ასეთი მოსინჯვისთვის არსებობს სოციალური კვლევები, ჭორებით რეიტინგებს არ ზომავენ.

იხილეთ ასევე: წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს"