"რატომ ჩხუბობენ სულ ქალები, კაცები სად არიან?" - კვირის პალიტრა

"რატომ ჩხუბობენ სულ ქალები, კაცები სად არიან?"

"რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის გაიწმინდა პოლიტიკური ველი"

"სპილოზე თქვა უარი აშშ-მა და ჭიანჭველასთვის ომს დაიწყებს?!"

"პოლიტიკაში არ ჭრის არც სიტყვის დათქმა, არც დაფიცება და არც დაგინება"

"თუ რევოლუცია გინდოდათ, აგერ იყო 25 ნოემბერი"

"ესენი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიდიან და ამ საარჩევნო გარემოში ჩაატარებენ. თუ ოპოზიციას წინა არჩევნებზე 7 კანდიდატი ჰყავდა, ახლა 25 ეყოლება. 5 ათას დოლარად 20 კაცს მაინც დაასახელებინებენ საკუთარ კანდიდატურას. როგორც კი ახალი პრეზიდენტი დადებს ფიცს, ეზღუდება უფლებამოსილება და ძლიერდება პრემიერ-მინისტრი, რომლის პოსტზეც თუ სააკაშვილს არა, მერაბიშვილს ან გიგა ბოკერიას დანიშნავენ", - ამბობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც საქართველოში მართული რევოლუციის საფრთხეს ხედავს. ხელისუფლების ახალი სქემის გაშიფვრამდე "ეროვნული ფორუმის" ლიდერს "სახალხო კრებისგან" დისტანცირების მიზეზი ვკითხეთ:

- "ეროვნულმა ფორუმმა" "სახალხო კრების" მმართველ ორგანოებში შეიჩერა უფლებამოსილება, რადგან ე. წ. ცნობილი ადამიანები   ხშირად  აცხადებდნენ, "სახალხო კრებაში" პარტიებს რა უნდათო. ამიტომაც ჩვენ ვიქნებით კრებასთან და არა კრებაში. Kმასთან თანამშრომლობას ვერავინ ამიკრძალავს, თუმც გადაწყვეტილებების მიღებაში "ფორუმი" აღარ მიიღებს მონაწილეობას.

- ითქვა, რომ კრებისგან "ფორუმის" დისტანცირების მიზეზი ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირება იყო.

- საქართველოში ბევრი რამ ითქმება ხოლმე. ქალბატონ ნინოს ვესაუბრე ამაზე და მიაჩნია, რომ რაღაცები უნდა გაირკვეს. მე კი ვფიქრობ, რომ ახლა შიდაოპოზიციური გარჩევების დრო არ არის.

- სხვაგვარად ახსნეს კრებისგან თქვენი დისტანცირების მიზეზი, - რადგან ბადრი ბიწაძემ განაცხადა, ლევან გაჩეჩილაძემ კრებაში შესასვლელად ორი მილიონი მოითხოვაო, ეჭვი გაჩნდა "ფორუმზეც" და ამიტომ არჩიეს განზე გადგომაო.

- ეს ძალიან მარტივი და არასწორი ახსნაა. მე არ ვესწრებოდი გაჩეჩილაძისა და ბურჯანაძის შეხვედრას და ეს დეტალები მათი გასარკვევია. ისე, შეიძლებოდა ყველაფერი უხმაუროდაც გარკვეულიყო.

პოლიტიკაში არ ჭრის არც სიტყვის დათქმა, არც დაფიცება და არც დაგინება. პოლიტიკური ბრძოლა ტყეში გავლას ჰგავს. თუ ამ ტყეში ბევრი მგელია და არის საფრთხე, რომ შეგჭამენ, მაშინ ამ ტყეს ვიღაცასთან ერთად გადიხარ. როდესაც ტყეს გაივლით, ის თავის გზაზე წავა, შენ - შენსაზე.  თუ წინ მეორე ტყეც არის, დაელოდები სხვას და მასთან ერთად გაივლი, რომ შინ მშვიდობით მიხვიდე.

- განაცხადეთ, რომ ხელისუფლება მართული რევოლუციისთვის ემზადება. რატომ არის რევოლუცია ხელისუფლების ინტერესში?

- იმიტომ, რომ წაუგებელს თამაშობს. მართული რევოლუცია სავსებით რეალურია მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ასეთი ნიჰილიზმია, ოპოზიციის ავტორიტეტი განულებულია და უკვე იმაზეც შეიძლება მსჯელობა, ხელისუფლება უფრო არაპოპულარულია თუ ოპოზიცია.

მართული რევოლუციის წინა პირობა სოციალური ვითარებაა: მიდის ფასების ხელოვნური ზრდა, რათა რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ხალხისგან, მათ ნერვებზეც ითამაშონ და თუ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ისიც მართული იქნება.

ხომ ხედავთ, რა პროცესებია მსოფლიოში? ეს არ შეჩერდება. დააკვირდით, ეს გამოსვლები აშშ-ის საყრდენ ქვეყნებში მიმდინარეობს. ეს არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს არ გაუკეთებია და ამაში არც ისლამისტების ხელი ურევია. ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება და ქუჩაში გამოვიდა. რა ვითარებაა საქართველოში? სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის პრობლემა აქვს. მას პრემიერ-მინისტრად არავინ მოუშვებს, ქართველი ხალხი კი არა, გარედან აღარ მოუშვებენ. სააკაშვილი უკვე ზედმეტია, მაგრამ "ნაცმოძრაობაში" რომ არიან "ძვირფასი" ადამიანები, იმათ ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ. ამიტომაც ახლა შუაში გაიყოფიან და დაიწყებენ რაღაცების პროვოცირებას. დააკვირდით, რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის გაიწმინდა პოლიტიკური ველი.

ყველა უავტორიტეტო გახდა, ლიდერი არ არის. ასეთ ვითარებაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებიან  ახალი ჯგუფები, ახალი სულისკვეთება, მაგრამ ძველი სახეები. ეს პოლიტიკური გუნდი (ერთ დროს რომ "მოქალაქეთა კავშირი" ერქვა) 1995 წლიდან ერთსა და იმავეს თამაშობს. გაიყოფიან შუაზე, არჩევან-არადანს გაითამაშებენ, გაასულელებენ ხალხს, ქვეყნის გადამრჩენები და ნამდვილი ოპოზიცია ვართო და მათგან ზოგი ხელისუფლებაში რჩება, ზოგი ოპოზიციაში მიდის. ახლაც იმავეს გააკეთებენ - გაგიჩალიჩებენ მართულ ბუნტებს და გამოსვლებს. ამაში დღევანდელი ოპოზიციიდანაც გამოიყენებენ ვიღაცებს, ზოგს - პირდაპირი დავალებით, ზოგსაც გააბრიყვებენ.

სახელისუფლებო გუნდში ორი ჯგუფია გამოკვეთილი: პირველი - ბაქრაძის, რომელსაც, როგორც ინფორმაცია გვაქვს, მერაბიშვილი უმაგრებს ზურგს, მეორე - ბოკერია, უგულავა, თავისუფლების ინსტიტუტის დაჯგუფება, რომელიც სპექტაკლის დადგმას აპირებს. როგორც შევარდნაძე გადააგდეს, მიშასაც ისე გადააგდებენ.

ოპოზიცია რომ ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, რად უნდა? ბოლო სამი არჩევნები რიგგარეშე არ იყო? დაგინიშნავს და ისევ მოგიგებს ხელისუფლება.

- თქვენი აზრით, სააკაშვილი იმდენად დასუსტებულია, რომ თავისივე გარემოცვა მოიცილებს?

- არ ვიცი, რამდენად არის ჯანზე, მაგრამ პოლიტიკურად რომ ჩამოწერილია, ვიცი.

სააკაშვილი წარმავალია, ჰოსნი მუბარაქია უკვე. დამთავრდა ეგვიპტის პრეზიდენტის დრო, რომელიც დასავლეთის საყრდენი იყო ახლო აღმოსავლეთში. მას პირდაპირ უთხრეს, რომ უნდა წავიდეს და მიშას ვინ დატოვებს?

ჰოსნი მუბარაქისა და მიშა სააკაშვილის შედარება იგივეა, რაც სპილოს (ეგვიპტე 80-მილიონიანი ქვეყანაა) და ჭიანჭველას შედარება. სპილოზე თქვა უარი აშშ-მა და რატომ ჰგონია მიშას, მისი დატოვებისთვის ომს დაიწყებს? მოიხადა ორი ვადა, უნდა წავიდეს, პრემიერად კი არ უნდა დარჩეს (რადგან ამერიკელებმა პირობა დაადებინეს). ამ შემთხვევაში მისცემენ სააკაშვილს გარანტიებს. არ მოიქცევა ასე და აგერ არის ხახადაღებული რუსეთი და მიშას ჩვენც მიგვაყოლებს და გადაგვყლაპავს. როგორც ვიცი, სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობაზე ოცნებობს.

ეს ქვეყანა დაღუპულია, რადგან  დამოუკიდებლობის მისხალი არა აქვს. არაფერი არ ვართ, ჩვენს უკითხავად წყვეტენ ჩვენს ბედს და ეგ არის, გულს რომ მიგლეჯს.

საქმე, ფაქტობრივად, ბოლომდე მიიყვანეს: ოპოზიცია მოსრეს, ხალხში სრული ნიჰილიზმია. ამას ხელს უწყობს ჭორების გავრცელების საოცარი მექანიზმი და ჭორიკანობის ძალიან ნოყიერი ნიადაგი ქართველ ხალხში. მაგალითად, მე ცნობილი ვარ როგორც პაპისტი, რადგან ქუთაისში კენჭს რომ ვიყრიდი, კათოლიკეებს შევხვდი. ერთი  გაზეთი წერს, რომ მერაბიშვილის აგენტები ვართ, მეორე, რომ რევოლუციისთვის ვართ ჩანერგილი ოპოზიციაში, მესამე -  რევოლუციის ჩასაშლელადო, მეოთხე წერს, რომ ბურჯანაძემ გადაგვიხადა ფული, მეხუთე კი  - "ფორუმი" კრებას იმიტომ განუდგა, რომ ბურჯანაძემ გადააგდოო, თურმე ნისიად შევსულვართ "სახალხო კრებაში". Kკაცი ამ ყველაფერს რომ დაიჯერებ, ვისი ბრალია?

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. შავი და თეთრი, ავი და კარგი უკვე ჩანს და ქართველმა ხალხმაც უნდა გაარჩიოს. არც საარჩევნო გარემოს შეცვლა გინდა, არც რიგგარეშე არჩევნებით ხელისუფლების გამოცვლა, არც რევოლუცია, აბა, რა გინდა, გამაგებინე, კაცო! თუ რევოლუცია გინდოდათ, აგერ იყო 25 ნოემბერი. მივდიოდი რევოლუციაზე. იმ დღეს ოჯახს გამოვემშვიდობე, რადგან შესაძლოა საღამოს შინ აღარ შევსულიყავი - ან გამარჯვებაზე მივდიოდი, ან ციხეში. იქ რომ ბევრი ხალხი მოსულიყო, ეროვნულ დაუმორჩილებლობას დავიწყებდით, მაგრამ დაიწყეთ და მერე შემოგიერთდებითო, - ასეთი იყო პასუხი.

ეგვიპტეში რევოლუცია ინტერნეტის გამორთვისთვის დაიწყო. ჩვენი ხელისუფლება ყოველდღე ათ საბაბს მაინც იძლევა დამხობისთვის, მაგრამ ქართველი ხალხი მაინც დუმს.  სამშობლოს სიყვარული არ გვაკლია, მაგრამ ტვინი, გონება, ეშმაკობა, გამჭრიახობა  არა გვაქვს. საქართველოს ისტორია მარტო ომების ისტორია არ არის. ჩვენი წინაპრები კარგი დიპლომატები იყვნენ. გვიფიქრია იმაზე, როგორ მოხდა, რომ მონღოლების ბატონობა ჩვენ ას წელიწადში გადავაგდეთ და რუსეთმა 400 წლის მერე?

როგორ მოახერხა გიორგი ბრწყინვალემ მონღოლთა უღლის მოშორება ისე, რომ ჩვენ მისი არც ერთი ბრძოლა არ გვახსენდება. მე რომ ვიცი ამ ქვეყნის ფასი, ისე ორმა კაცმა არ იცის, ამიტომაც არ მოვისვენებ.

ჩვენი ამოცანა ახლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა უნდა გახდეს, მიტინგების მოწყობა, ჩხუბი და თავპირის დამტვრევაც კი, მერე კი რიგგარეშე არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება. ეს არ არის საერთაშორისო სიტუაციიდან ამოვარდნილი პროცესი.

დავუშვათ, გათახსირებულია ოპოზიცია, მაგრამ დევნილმა ნანა ფიფიამ თავი რომ დაიწვა, სად იყვნენ დევნილები? როდესაც გაწევ-გამოწევა და პოლიციასთან დაპირისპირებაა,  რატომ ჩხუბობენ სულ ქალები, კაცები სად არიან? იმიტომ, რომ მხდალები არიან და ქალები გვყავს მაგრები.

პოლიციელი ცოლს რომ გაგილახავს, სად ხარ მაშინ ქმარი, იმ ქალის ძმა ან ვაჟიშვილი?

ახალგაზრდობა წაგვართვა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ მშობელს აღარ აქვს ავტორიტეტი. შვილი მისხალ ღირსებას ვეღარ ხედავს მშობელში. მშიშარა მამაზე დიდი სტრესი არაფერია ბიჭისთვის. ერთ სოფელში მოსახლეობასთან  შეხვედრა მახსენდება, ბაბუა იყო შვილიშვილთან ერთად მოსული. მეშინია და ვერ გამოვალო, იძახდა წარამარა ბაბუა. განზე გავიყვანე და ვუთხარი, შვილიშვილთან მაინც ნუ აჩენ სიმხდალეს, თორემ ისიც მშიშარა გაიზრდება-მეთქი.

აქედან 50 კილომეტრში ისლამური ოკეანე იწყება. საქართველოში ნახევარი მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს და რატომ არ ვაანალიზებთ რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. საქართველოში მეჩეთები რომ სოკოებივით შენდება, რატომ არავინ ფიქრობს ამაზე? კახის რაიონში ეკლესიაში არ უშვებენ ქართველებს და ეკლესიის აშენებაზე ხომ არც არავის მოუსმენს იქაური ხელისუფლება. იცით, რა ხდება აჭარაში? თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით მეჩეთი შენდება ადგილზე, სადაც იმ ქართველი სტუდენტების სასაფლაოა, რომლებიც ოსმალებს შეაწყდნენ XX საუკუნის დასაწყისში.

რას აპირებს ხელისუფლება, მათი ძვლები ბულდოზერებით უნდა ამოყაროს? ეს რომ მაღალი კულტურის ქვეყანა ყოფილიყო, მარტო იმაზე უნდა აჯანყებულიყო, რომ მიშამ ბულდოზერები შეიყვანა ბაგრატის ტაძარში, მეფეთა საძვალეში, მაგრამ ამოვიღეთ ხმა?

კაცი მხდალი რომ არის და იბრიქება, უნდა უთხრა, რომ მშიშარაა. ამას რომ ვამბობ, არ მოსწონთ, მაგრამ ვერავის მივეპირფერები.