"პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი" - აშშ-ის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც 13 კონგრესმენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"პუტინის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი" - აშშ-ის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც 13 კონგრესმენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც "ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის",  სანქციების დაწესებას ითხოვს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ეს დოკუმენტი -  ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია 10 ივნისს გამოაქვეყნა. მისი სათაურია "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა".

180-გვერდიანი ანგარიში მიმოიხილავს იმ საკითხებს, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტშია საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ნახსენები.

"საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

იქვეა ნახსენები უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ავტორები უწოდებენ "პრორუს ოლიგარქსა და მარიონეტს უკრაინაში, რომელმაც გამოიყენა თავისი მედიაიმპერია, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთს დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებაში".

"სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

ვინ არიან კონგრესმენები, რომლებიც აწერენ ხელს დოკუმენტს?

მაიკ ჯონსონი მაიკლ უოლტსი ჯო უილსონი

რობ უიტმენი

ენ ვაგნერი

ალექს მუნი

ჯეკ ბერგმანი

ნილ დანი

კლეი ჰიგინსი

რალფ ნორმანი

დენ კრენშოუ

ბრაიან სტაილი

დონ ბეიკონი