"რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე" - კვირის პალიტრა

"რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე"

რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად ძალიან პოზიტიურია და ჩვენ ნატოს-თან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე ვართ.

"ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მოყოლებული 2012 წლიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ოფიციალური გზავნილები, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასებები. ეს დოკუმენტიც შინაარსობრივად არის ძალიან პოზიტიური, აქ საუბარია ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე თანამშრომლობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ სიტყვას, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია წერილის შინაარსთან. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას, ვერ შელახავს, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული ქვეყანა. რაც არ უნდა ეცადონ ლობისტები, ვერანაირად ვერ შელახავენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს და მის ღვაწლს ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

"ინტერპრესნიუსი"