ვინ იყიდის Су-25-ებს, რომლის დამზადებასაც ღარიბაშვილი დაგვპირდა - რას წერს Forbes-ი? - კვირის პალიტრა

ვინ იყიდის Су-25-ებს, რომლის დამზადებასაც ღარიბაშვილი დაგვპირდა - რას წერს Forbes-ი?

"საქართველო მზადაა აამოქმედოს ძველი ავიამშენებელი ქარხანა და ცნობილი საბჭოთა (რუსული) მოიერიშე თვითმფრინავები - «Су-25»-ები (ანუ როგორც რუსები უწოდებენ - «Грач»-ები//"ჭილყვავები") გამოუშვას, ამერიკული A-10 Warthog-ის მსგავსები", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ - «Forbes»-მა გამოაქვეყნა სათაურით "არსებობს ამერიკული მოიერიშის რუსული ვერსია, რომლის ასლსაც ახლა პატარა ქვეყანა გააკეთებს" (ავტორი - დევიდ აქსი).

"მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ახალი ძველი «Грач»-ები საბრძოლო თვითმფრინავების ბაზარს შეავსებენ. 3,7 მილიონი მოსახლეობის მქონე პატარა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის არმიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი «Су-25»-ები შეისყიდოს, მსოფლიო ბაზარზე კი ასეთ თვითმფრინავებზე მოთხოვნა არ არის", - წერს ავტორი.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა დაიწყოს «Су-25»-ების გამოშვება როგორც საკუთარი საჭიროებისათვის, ასევე გასაყიდად, "რადგან ბევრ ქვეყანას სურს მსგავსი თვითმფრინავები ჰქონდესო"

სხვათა შორის, ეს თვითმფრინავი მართლაც ერთობ პოპულარულია - ამჟამად 485 ცალი «Су-25» მსოფლიოს 24 ქვეყნის არმიას აქვს შეიარაღებაში. «Грач»-ებს სქელი ჯავშანი აქვთ და შეუძლიათ ეფექტურად გაანადგურონ მოწინააღმდეგის მიწისზედა ობიექტები.

«Су-25»-ებით საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები 1981 წლიდან აღიჭურვა, რამდენიმე წლის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის არმიაში A-10-ები გამოჩნდნენ. «Грач»-ების საბოლოო აწყობა თბილისის საავიაციო ქარხანაში ხდებოდა, სადაც 1978 წლიდან დაახლოებით 800-მდე «Су-25» იქნა გამოშვებული იმ სხვადასხვა მაკომპლექტებელი აგრეგატ-ნაწილებით, რომლებიც საბჭოთა კავშირის რიგ ქარხნებში აკეთებდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო თავისი ქარხნის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ რჩენა ძალიან გაუჭირდა. მით უმეტეს, რომ რუსეთმა დამოუკიდებლად დაიწყო მოდერნიზებული «Су-25»-ების გამოშვება. უკრაინამაც ასევე ააწყო თვითმფრინავების გამოშვება.

2008 წლის აგვისტოში, "სამხრეთ ოსეთის" გამო გაჩაღებული საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსულმა ავიაციამ, სპეციალურად თუ შემთხვევით, ბედის ირონიით, თბილისის ავიაქარხანა დაბომბა. მართალია, ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაგრამ კონფლიქტი საქართველოს არმიის მარცხით დასრულდა, რუსეთმა კი "სამხრეთ ოსეთი" დაიკავა. ომის დროს თბილისმა ჰაერში რამდენიმე მოიერიშე «Су-25» ააფრინა, მაგრამ რადგანაც რუსეთის ავიაციას ჰაერში სრული უპირატესობა ჰქონდა, ქართული თვითმფრინავები მათთან შეტაკებას მოერიდნენ.

ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია განხორციელდა, რისთვისაც 9 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. სამხედრო ჩინოვნიკებმა უპირატესობა ახალ იარაღს - ტანკსაწინააღმდეგოს და ჰაერსაწინააღმდეგოს - მიანიჭეს, ავიაცია კი არაპრიორიტეტულად მიიჩნიეს. მართლაცდა, ერთი ახალი «Су-25»-ის გაკეთებას 10 მილიონი დოლარი სჭირდება. შესაბამისად, 2010 წელს საქართველომ თავისი სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც ცალკე საჯარისო სტრუქტურა, გააუქმა, რითაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.

დღეისათვის ქართული სამხედრო ავიაცია მოკრძალებულად გამოიყურება: ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს 58 საფრენი აპარატი აქვს, მათგან ბევრი უკვე ძველია, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის ვერტმფრენები. საავიაციო ინვენტარში 10 ცალი «Су-25»-იც არის. პრინციპში, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს მეტი «Грач»-ები ჭირდებოდეს.

რა თქმა უნდა, თბილისის ავიაქარხანას შეუძლია ძველი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების შეკეთებაც. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, "ჩვენ ბევრი საფრენი აპარატი გვაქვს, რომლებთაც რემონტი ჭირდებათ, რასაც ჩვენს ქარხანაში განვახორციელებთ".

მაგრამ ნუ ელოდებით იმას, რომ ქართული «Су-25»-ები უეცრად "ცხელ" პროდუქციად გადაიქცევა და შიდა ან გარე ბაზარზე მათ მიმართ დიდი მოთხოვნილება იქნება. როგორც ჩანს, ქართული წარმოების «Грач»-ების შეძენას არავინ მოისურვებს", - ასკვნის ამერიკული გამოცემა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ