"ადამიანებს პირდაპირი ეთერით, სახლებში ვიჭერდით და ვაპატიმრებდით" - რას ურჩევს სააკაშვილი აშშ-ის ხელისუფლებას? - კვირის პალიტრა

"ადამიანებს პირდაპირი ეთერით, სახლებში ვიჭერდით და ვაპატიმრებდით" - რას ურჩევს სააკაშვილი აშშ-ის ხელისუფლებას?

"თუ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ პრობლემის გადაჭრა, მაშინ ამერიკელებიც შეძლებენ"

ამერიკულ ჟურნალ "ფორინ პოლისში" («Foreign Policy») სათაურით "მე პოლიცია ჯერ გავაუქმე, შემდეგ კი აღვადგინე. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია იგივე გააკეთოს // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნდობის აღდგენა და კორუფციის დამარცხება", გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელშიც იგი ჰყვება, თუ როგორ განახორციელა პოლიციის რეფორმა საქართველოში.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს, არშემდგარი სახელმწიფოს პრეზიდენტი გავხდი. სამართადამცველი ორგანოები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისავით მოქმედებდნენ: ოფიცრები ითხოვდნენ ქრთამს, ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და იარაღით, ასევე მუშაობდნენ პოლიტიკური და საქმიანი ელიტისათვის - დაქირავებულ ძალად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველო "მძარცველი პოლიციელების ქვეყნის" ქრესტომათიულ ნიმუშად მიიჩნეოდა: პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ელემენტარულ მოვალეობასაც კი ვერ ასრულებდა, მდიდრდებოდა და თავის მფარველებსაც ამდიდრებდა, მოსახლეობისაგან ფულის გამოძალვის გზით. გამოკითხვის თანახმად, პოლიციის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ქართველების მხოლოდ 2,3%-ს ჰქონდა. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩვენ სიტუაცია შევცვალეთ და ჩვენეული მოდელი ისეთ ქვეყნებს შევთავაზეთ, რომლებიც პოლიციის რეფორმის გატარებას ცდილობდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, თუ როგორ ებრძოდა ე.წ. "კანონიერ ქურდებს", რომლებიც მჭიდროდ იყვნენ სამართალდამცველ ორგანოებთან დაკავშირებულნი.

"ჩვენ უნდა შეგვეცვალა საზოგადოების მენტალიტეტი. ვიდრე ადამიანები ახალი პოლიციის მიმართ ნდობას გამოხატავდნენ, ეს ნდობა ჯერ ჩვენ - ახალ პოლიტიკურ ელიტას - უნდა მოგვეპოვებინა. ჩვენ ძველი უნდა დაგვენგრია და უკეთესი ახალი უნდა აგვეშენებინა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო. პირველი პრიორიტეტი იყო ორგანიზებული დამნაშავეობის მოთოკვა და კონტროლი, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ", - წერს მიხეილ სააკაშვილი და იხსენებს იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მის განცხადებებს "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ - "ჩვენ მათ ჭუჭყიანი ფულით აშენებულ სასახლეებს ჩამოვართმევთ და მათ ადგილზე პოლიციის შენობებს ავაგებთ". მართლაც ასე გაკეთდა - მილიარდობით მოპარული ფული სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდა, აიგო პოლიციის ახალი ოფისები გამჭვირვალე ფასადებით... იმავდროულად პოლიციის საქმიანობის საბჭოური ტრადიციები შეიცვალა სამართლიანი სამართალწარმოებით. გავაუქმეთ კე-გე-ბეს" მსგავსი სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დავშალეთ საგზაო პოლიცია და ათი ათასობით პოლიციელი სამსახურიდან გავათავისუფლეთ. საგზაო პოლიცია შეიცვალა საპატრულო პოლიციით, ახალ კადრებს ახლებური მოთხოვნები წავუყენეთ, მათი თავიანთი უფლება-მოვალეობა ღრმად უნდა ჰქონოდათ გაცნობიერებული... სამართალდამცველი ორგანოებიში წესრიგის დამყარებისას, უპირატესობა, რაოდენობის ნაცვლად, ხარისხს მივანიჭეთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რიცხვი 56 ათასიდან 33 ათასამდე შევამცირეთ. რეფორმის გატარების შემდეგ დანაშაულის რაოდენობამ 66%-ით იკლო".

მიხეილ სააკაშვილი წერს დანაშაულისადმი "ნულოვანი ტოლერანტობის" შესახებ, პოლიციელებისათვის ხელფასის მომატებაზე, საზოგადოებაში ნდობის განმტკიცებაზე - რეალითი-შოუს თაობაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა... "ადამიანებს პირდაპირი ეთერით, სახლებში ვიჭერდით და ვაპატიმრებდით... ასეთი არატრადიციული ტაქტიკით, რომელიც დრომ გამოსცადა, ჩვენ პატრონაჟის პოსტსაბჭოურ სისტემას ხერხემალი გადავუმტვრიეთ. პოლიცია მეტად აღარ უწევდა ექსპლოატაციას ხალხს, არამედ მათ იცავდა. ქრთამის ნაცვლად პოლიცია მოსახლეობისაგან ნდობას იღებდა... ჩვენ საერთაშორისო აღიარება დავიმსახურეთ", - ხაზს უსვამს საქართველოს ექსპრეზიდენტი.

სტატიაში ქართული პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე მსჯელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადის უშუალოდ ამერიკული პოლიციის სამომავლო რეფორმაზე.

"აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში პოლიციელებისაგან მომდინარე საფრთხის განეიტრალების მცდელობა ერთგვარი გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს - ისეთს, რომელიც ერთმა პატარა ქვეყანამ განახორციელა, მაგრამ რევოლუციის შემდგომის საქართველოსაგან განსხვავებით, ამერიკელთა უმეტესობა პოლიციის მიმართ ასეთი რადიკალური ზომის მიღებას არ ეთანხმება. მე რომ პრეზიდენტად ამირჩიეს, საქართველოს მოსახლეობამ ძველი სისტემის დანგრევის მანდატი მომცა, რომელიც ადამიანებისთვის აღარ მუშაობდა. მთავრობა ერთი მიზნის მისაღწევად გაერთიანდა.

დღეს შეერთებულ შტატებში ერთიანი მიდგომა არ არის, 2004 წლის დროინდელ საქართველოსაგან განსხვავებით. თუმცა, რადგანაც მასობრივი გამოსვლები არ წყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები უკმაყოფილონი არიან სიტუაციით. გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი თვლის, რომ მათი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ანუ ცვლილებების განხორციელება აქტუალურად აუცილებელია. მაგრამ რა ცვლილებები იქნება ამერიკისათვის სასარგებლო, რომელი იმუშავებს?

პირველ რიგში, საკვანძო ფაქტორად უნდა ჩაითვალოს გამჭვირვალობა. პოლიციის დეპარტამენტებმა მთელ ქვეყანაში მკაფიო და ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპებით უნდა იმოქმედონ. უნდა შემუშავდეს პოლიციის თანამშრომლების მომზადების ერთიანი ეროვნული სტანდარტი - კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებისა და საზოგადოებაში კონფლიქტების მოსაგვარებლად. პოლიციელები მუდმივად მომუშავე ვიდეოკამერებით უნდა იყონ აღჭურვილი, სიტუაციის მონიტორინგისათვის.

მეორე - ის, ვინც კანონს აღასრულებს, კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. თანამდებობის პირების "კვალიფიციური იმუნიტეტის" დაცვამ შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს და პოლიციის მიმართ ნდობა შეარყიოს. რასაკვირველია, პოლიციის ოფიცრებს ზოგჯერ უწევთ ხოლმე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და რომ ადამიანური შეცდომა გამორიცხული არაა, მაგრამ სამართლებრივ სისტემაში ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია.

მესამე - აუცილებელია საზოგადოებასთან მტკიცე ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება. საქართველოში ჩვენ პოლიციის ავტორიტეტი თანამედროვე უნიფორმის, ახალი ავტომობილების და მინის შენობებით მეშვეობითაც აღვადგინეთ. ეს არ ყოფილა უბრალო კოსმეტიკური რებრენდინგი, მას უფრო ფართო ხასიათი და მიზანი ჰქონდა - საზოგადოებამ იცოდა, თუ რა ხდებოდა პოლიციაში. იგივე შეიძლება გააკეთონ აშშ-ის საპოლიციო დეპრტამენტებმაც - განამტკიცონ და გააღრმაონ კონტაქტები მოსახლეობასთან, რომლებიც მათ უნდა დაიცვან.

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი: ადამიანური რესურსების მართვის პრინციპები უნდა გადაიხედოს. სტატუს კვოს მომხრეები ამტკიცებენ, რომ დღეს ამერიკული პოლიცია მთლიანობაში ნორმალურია და მას ზიანს მხოლოდ რამდენიმე "ცუდი ბიჭი" აყენებს - მინეაპოლისელი პოლიციელიების მსგავსნი, რომლებიც ჯორჯ ფლიოდის მკვლელობაშია არიან ეჭვმიტანილნი. მე მათ, ვინც ასეთ პოზიციას მხარს უჭერს, გავაფრთხილებდი და შევახსენებდი, რომ "რამდენიმე დამპალი ვაშლი სხვა ვაშლებსაც ალპობს". ჩვენთან, საქართველოში ბევრი "ცუდი ვაშლი" იყო და დამპალი სისტემა რომ გარდაქვექმნა, ყველას მოშორება მოგვიწია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორის აზრით, "სამართალდამცველი ორგანოებისათვის ახალი სტანდარტებიც არის შესამუშავებელი. პოლიციაში იმ საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ, რომელსაც ის ემსახურება. სამართალდამცველ ორგანოებს ასევე მოუწევთ შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა - პოლიციელებისათვის რისკების შემცირების თვალსაზრისით...

პოლიციისადმი უნდობლობა იმ ფართოდ გავრცელებული განწყობის სიმპტომია, რომლის თანახმად, "სისტემა ისეა აგებული, რომ ის მხოლოდ ელიტის ინტერესებს იცავს". თუ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ პრობლემის გადაჭრა, მაშინ ამერიკელებიც შეძლებენ".

მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს რეფორმის პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომელმაც ყველაფერი დაანგრია, რაც კი მისი აშენებული იყო პრეზიდენტობის წლებში:

"რეფორმა ყოველ საზოგადოებაში უწყვეტი პროცესს წარმოადგენს და ამიტომ უკანდახევა სახიფათოა. იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც საქართველოდან ჩემი წასვლის შემდეგ გავიდა, ქვეყნის მმართველ პარტიას, ჩემი მთავრობის მიერ შექმნილი ინსტიტუტების ნგრევის გარდა, სხვა არაფერი არ გაუკეთებია. შესაბამისად, პოლიციისადმი ნდობის დონე მკვეთრად დაეცა - 87%-დან 59%-მდე - მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს თბილისში პოლიციამ მშვიდობიანი მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა.

სამართალდამცველმა ორგანოებმა იმ მოსახლეობის მოთხოვნებისდა მიხედვით უნდა იმოქმედონ და განვითარდნენ, ვისაც ისინი ემსახურებიან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამოქალაქო საზოგადოება ფხიზლად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობის მიმართ. ამერიკელები და ქართველები სერიოზულად ეკიდებიან პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ოპტიმიზმის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს", - აღნიშნავს სტატიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ