"ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამის შესახებ უგულავამ მასთან დაკავშირებით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„ბატონი ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია „ქართული ოცნების“ გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართულმაც ოცნებამ“ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება და სასამართლო“,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თუ სამაგალითოდ არ დაისჯება ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობდა, ქვეყანა წინ ვერ წავა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ვინ გამოუშვა ციხიდან გიგი უგულავა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა მას არ ეკუთვნის და დასძინა, რომ მისი პრემიერობის დროს ეს ადამიანი ორჯერ დაიჭირეს.

"ინტერპრესნიუსი"