"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის" - "ტვპირველიდან" წასვლის რა მიზეზები დაასახელეს ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა - კვირის პალიტრა

"შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის" - "ტვპირველიდან" წასვლის რა მიზეზები დაასახელეს ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა "ტვპირველი" დატოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა გადაცემა "პოლიტმეტრის" დასრულების დროს განაცხადეს:

"გადაცემის დასასრულს მოკლე შეტყობინება ჩვენგან -  ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა "ტვპირველზე". როდესაც ამ შენობაში შემოვედით,  მაშინ ეს არხი არც არსებობდა. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების 5 წელი. ამდენი ხანი არცერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო. ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში, იყო სხვა ფაქტორებიც, მედიასტანდარტი, ასევე ნიშა, რომლითაც "ტვპირველმა" საკუთარი თავი იპოვა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია, ეს სულ გვახსოვდა, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით, მთელი ხუთი წელი ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით. რა და როგორ გამოგვდიოდა ეს თქვენი შესაფასებელია ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი როგორც აღმოჩნდა ამოწურულია, კერძო არხსაც აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. "პოლიტმეტრს" მის ავტორებთან ერთად ტოვებს სარედაქციო შემადგენლობაც" - განაცხადა ვახო სანიამ

მოკლედ "პოლიტმეტრი" "ტვპირველზე" ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას. მიზეზი არხის განვითარების პროცესია და ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. "ტვპირველში" ჩვენ არასდროს ვყოფლვართ მხოლოდ ჟურნალსიტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან, ჩვენ ჩართულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო, ჩვენ თითოეულ გადაწყვეტილებაზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც ახლა სამწუხაროდ აღარ გამოგვდის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "ტვპირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა. ჩვენი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ეს არხი შექმნა და მოგვცა გავლენების და ყოველგვარი ჩარევების გარეშე მუშაობის საშუალება ამ დრომდე, მადლობა ვატო წერეთელს, მადლობა თითოეულ ჩვენს კოლეგას, მეგობრებს და რა თქმა უნდა, მადლობა მაყურებელს. თუ სად გვიპოვნით პულტზე, შეგვეძლება  შეგატყობინოთ მალე" - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.