"დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად" - რას ამბობს გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად" - რას ამბობს გიგა ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე?

დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად, მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინიციატივა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუწყობს ხელს.

"პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამ ამოცანაში ჩვენ ხელი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალ-ცალკე გამოსვლა, სწორედ ორივე ამოცანას პასუხობს. ამომრჩეველს საშუალება ექნება, ხმა მისცეს იმ პარტიას, ვინც მის იდეებს ქადაგებს და მეორე მხრივ, პირველივე ტურში დავამარცხებთ ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ ჩვენი ქვეყნისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად, მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად, სადაც ძალიან ახლოს ვართ თბილისში ამ შეთანხმებასთან", - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მორიგ შეხვედრაზე თუ აპირებენ ამ საკითხის დაყენებას, ბოკერია პასუხობს, რომ კატეგორიულად არ აპირებენ. მისი თქმით, "ვიღაცამ ისროლა იდეა, ეს იდეა არც განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ".

რაც შეეხება ოპოზიციას შორის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებას, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "პროცესი მიდის კარგად".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. "ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც," - აცხადებს სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"