"დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი..." - კვირის პალიტრა

"დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი..."

"არა მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს"

შშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს. ამის შესახებ ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. მას 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს ხელს.

"ქართულ ოცნებაში" კონგრესმენების ანგარიშს "დაბალი დონის დოკუმენტი" და "ნაციონალური მოძრაობის" ლობიზმის შედეგი უწოდეს. პარლამენტარ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ დაბალი დონის დოკუმენტში მოყვანილი ფრაზები "არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციით მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს."

რა არის სინამდვილეში ეს დოკუმენტი და როგორია მისი პოლიტიკური ფასი? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

- ეს არ არის პირველი კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამერიკელი პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ, მაგრამ ეს გახლავთ თვისებრივად სხვა დოკუმენტი. მას ჩვენში შეცდომით უწოდეს 13 კონგრესმენის განცხადება. საქმე ის არის, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პარტიებს ჰყავთ ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ მათ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, მომავლის ხედვასა და, ზოგადად, პოლიტიკის დაგეგმვაზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდი ჯგუფია - მასში 147 რესპუბლიკელი შედის. ეს არ არის ამ კომიტეტის წევრთა განცხადება, ეს არის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც ამ ჯგუფმა შექმნა და მასში ასახულია ის მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურ ქმედებებად გარდაიქმნას. არის თუ არა ეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი? - არა, მაგრამ ამ ტიპის დოკუმენტები იქმნება იმისთვის, რომ შემდგომ მათ საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივები ჩამოყალიბდეს. ამ დოკუმენტიდან რა იქცევა ჯერ საკანანომდებლო ინიციატივად და ბოლოს კანონად და რა - არა, სხვა თემაა, მაგრამ მას ნამდვილად აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ასე რომ, მე არ შევხედავდი ამას ისე არხეინად, როგორც მმართველი პარტიის განცხადებებით მოვისმინეთ. ეს ყურადსაღები შეფასებებია. ამ დოკუმენტში ჩვენთან დაკავშირებული ბევრი სხვა რამაც წერია, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფრაზები იქცა განხილვის თემად. ყურადღების მიღმა დაგვრჩა საქართველოს მხარდაჭერის აქტი და ის ჩანაწერი, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაძლიერებაზე.

ნუ შევხედავთ ამ ანგარიშს ისე, თითქოს რადგან ეს არ არის კონგრესის რეზოლუცია ან კანონი, რომელიც უკვე პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად, მას პოლიტიკური წონა არა აქვს. ეს არის რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე.

- დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია, როგორც საფრთხე აშშ-ის ინტერესებისთვის. ამგვარი მკაცრი შეფასება რის საფუძველზე შეიძლებოდა გაეკეთებინათ? შეიძლება ეს ხდებოდეს მხოლოდ ლობისტების გავლენით, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ? - განცვიფრებული ვარ მოსაზრებით, რომ თურმე ლობისტები წყვეტენ ყველაფერს. მაშინ რაღად გვინდა საპარლამენტო ჯგუფები, სენატორებსა თუ კონგრესმენებთან ურთიერთობა, დავიქირაოთ ლობისტები და ისინი დაგვილაგებენ ყველაფერს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე იგება პოლიტიკა, ცდება. გარდა ამისა, ეს განცხადებები, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისათვის, ვინც ხელს აწერენ დოკუმენტს.

ამ განცხადებებით ვამბობთ, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო არის იმ ხალხით დაკომპლექტებული, რომლებიც ასე ჰაიჰარად, ლობისტების დაძახილზე დაწერენ და ხელს მოაწერენ ყველაფერს, არადა, თუ სიღრმისეულად შევისწავლით, როგორია აშშ-ში პოლიტიკის დაგეგმვის პროცესი, დავინახავთ, რომ ამაში უდიდეს როლს თამაშობს მათი საკანონმდებლო ორგანო -

ეს ეხება ორივე პალატას და სწორედ ამ ხალხის ხელმოწერის შემდეგ იღებენ იმ ტიპის დოკუმენტებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე კონკრეტულ ქვეყნებზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ განცხადებების უკან დგას დიდი ფინანსური რესურსი, რომლის განკარგვაც სწორედ კონგრესის ხელშია.

ამ პროცესში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა... ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი არ ხელმძღვანელობს სანდო წყაროებით და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ მათ კეთილსინდისიერებას, რაც ნიშნავს, რომ ის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ვერ მუშაობს... თუ რომელიღაც ლობისტური კომპანიის დაწერილ ტექსტებს აწერენ ხელს ეს კონგრესმენები, ჩნდება კითხვა: მაშ, ჩვენი ხელისუფლება და მისი დაქირავებული ლობისტები რას აკეთებენ? რატომ ხარჯავენ ამაში დიდძალ ფულს?! კი, აშშ-ში არის ლობიზმის ტრადიცია და კულტურა, მაგრამ ამას თავისი ფუნქცია და ადგილი აქვს. პოლიტიკოსებისა და დიპლომატების აქტიურობას სხვა მნიშვნელობაც აქვს და კარგი იქნება, თუ ამას ერთმანეთში არ ავურევთ.

მოვისმინე, ეს არ არის აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაო. კი ბატონო, მეც ვადასტურებ და კიდევ კარგი, არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უკვე ექნებოდა კანონის ძალა და სანქციებიც უკვე დაწესებული იქნებოდა.

არ უნდა დავუშვათ, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ დავინახოთ, როცა პროცესი ბოლო სტადიამდე მივა. უკვე მოვისმინეთ არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება და შეფასება. ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა...

- რას ფიქრობთ, რომელი კონკრეტული ფაქტები შეიძლებოდა დასდებოდა საფუძვლად ამ შეფასებას? - რთული სათქმელია... ერთია, მე როგორ ვხედავ პროცესს და მეორეა, რა აქვთ ხელთ იმათ, ვინც ეს ანგარიში შეადგინა. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ამ ხალხთან ურთიერთობის არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული.

კითხვები, რომლებიც ყველას გვიჩნდება, ამ კონგრესმენებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან, ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკონ, ეს ტყუილია და იმათ არაფერი იციანო. სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკა იმიტომ არსებობს, რომ ასეთ თემებზე პარტნიორებს პირისპირ ველაპარაკოთ და არა - ეპისტოლარული ჟანრით...

ყველაზე სწორი იყო კელი დეგნანის შეფასება. საქართველოში აშშ-ის ელჩმა თქვა, ეს, უპირველესად, ნიშნავს, რომ აშშ-სა და მის კონგრესმენებს გული შესტკივათ საქართველოზე და ფიქრობენ, რა გააკეთონ საქართველოს დასახმარებლადო... უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რატომ გაჩნდა ამგვარი ეჭვი კონკრეტული პირებისა თუ თემების მიმართ. უნდა მოვძებნოთ ჩვენი შეცდომები და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე. ადრეც ვნახეთ კრიტიკული წერილები, რომლებშიც ლაპარაკი იყო ბიზნესპროექტებზე, მაგალითად, ანაკლიაზე და ა.შ. თუ სტრატეგიულ პარტნიორს სწორად და კარგად არ აუხსენი შენი მოქმედების მოტივაცია, კითხვებსაც დასვამს, ეჭვებიც ექნება და მწვავე შეფასებებსაც არ მოგვაკლებენ. ერთი წელი ხდება სახელმწიფო მდივან პომპეოსა და ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის შეხვედრიდან, როცა ისინი ვაშინგტონში გვერდიგვერდ იდგნენ და მაიკ პომპეო ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, ეს პროექტი კი ერთი წლის შემდეგაც ისევ ჰაერშია გამოკიდებული...

არ შეიძლება 21-ე საუკუნეში არსებობდეს კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის უფრო პარტნიორების რჩევების გათვალისწინება-გაუთვალისწინებლობის პრობლემა და ნდობისაც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფიქრებლად გაფლანგა...

ამას ემატება ჩაგდებული სასამართლო რეფორმა, რომელიც ისევ აქილევსის ქუსლად რჩება, ასევე საარჩევნო სისტემა და ა.შ.

- რა შეიძლება მოჰყვეს ამ დოკუმენტსა და მკაცრ შეფასებებს? - ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე. რადგან არსებობს ეს ეჭვები, თანაც - სერიოზულ პოლიტიკურ წრეებში, ამას საქმით უნდა უპასუხონ. ვანხოთ, რის შეცვლას მოახერხებს "ქართული ოცნება", როგორ შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით თავის წარმოჩენას. უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორ ჩაატარებს "ოცნება" არჩევნებს შემოდგომაზე. სწორედ ეს იქნება სერიოზული ტესტი. გვახსოვს, რომ წინა არჩევნებზე მკაცრი შეფასებები გაისმა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ საარჩევნო რეფორმა დასამთავრებელია. უკვე მერამდენედ გაცემული დაპირება, ბოლოს და ბოლოს, უნდა შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ. სამწუხაროა, რომ ამას ამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ამასობაში მივიღეთ უამრავი შენიშვნა, დაზარალდა ქვეყნის იმიჯი, არადა, ამის უმტკივნეულოდ გაკეთება შეიძლებოდა.

- კორონავირუსთან ბრძოლაში ხელისუფლების წარმატება ჯერჯერობით ნამდვილად ასხამს წყალს მმართველი პარტიის წისქვილზე. როგორ ფიქრობთ, წარმატების რა პერსპექტივა აქვს მმართველ ძალას მომავალ არჩევნებში? - "ქართული ოცნება" ნამდვილად არ ჰგავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შინ წასვლისთვის ემზადება...

ფაქტია, რომ "კოვიდ-19"-მა ბევრი პროცესი გააჩერა, მათ შორის - პოლიტიკურიც. ისიც ფაქტია, რომ კრიზისის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით გაიარა. ხელისუფლებას ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა, ქმედება, რაც დასაფასებელია. ცხადია, ეს არის პლუსი და მნიშვნელოვანი შენატანი საარჩევნო კალათაში, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და საკითხავია, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. ერთია პანდემიის მართვა, მაგრამ მეორეა მისი პოლიტიკური კაპიტალიზაცია და ეკონომიკასთან დაკავშირებულ დიდ გამოწვევებთან გამკლავება... პარლამენტმა ახლახან იმსჯელა კრიზისულ ბიუჯეტზე. უმნიშვნელოვანესია, როგორ მოხერხდება რესურსების მოზიდვა და განაწილება. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი სწორედ ამ სეგმენტის ძლიერებაა.

- უნდა ვისაუბროთ ოპოზიციაზეც. როგორ აფასებთ მის შანსებს? - ქვეყანაში ეს შავ-თეთრი პარადიგმა, ანუ "ოცნება" ან "ნაციონალები", სამწუხაროდ, ისევ რჩება. კარგა ხანია, ამ ტექნოლოგიის მომსწრენი ვართ, რასაც ხელისუფლება აქამდე კარგად იყენებდა და დღესაც იყენებს... სამწუხაროდ, იზრდება იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც მთელი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა, მაგრამ იძულებულია, გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს კონკრეტულ პოლიტიკური პარტიისთვის კონკრეტული მომენტში შეიძლება წარმატების მომტანი იყოს, მაგრამ ძალიან ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესისთვის. პარტიები იმაში კი არ უნდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ცუდია, არამედ იმაში, ვინ უკეთესია და ვის აქვს უფრო პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ ჯერჯერობით კვლავ ვხედავთ კომპრომატებით ომს, მხარეთა ნაკლოვანებებზე ლაპარაკს და ა.შ.

ოპოზიციის სისუსტედ რჩება არა მხოლოდ დაქსაქსულობა, არამედ გამაერთიანებელი იდეის შეთავაზების პრობლემაც. არ მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს. ამის ცდა იყო, მაგრამ წარმატებით ვერ დასრულდა, თუმცა კიდევ არის დრო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე იმუშაონ. ეს ეხება "ქართულ ოცნებასაც"...ოპოზიციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ სწორად დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები, ძალაც და შეცდომებიც.

- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ქართულ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და ბრძოლას. მან მოუწოდა ოპოზიციას, ერთი სიით წავიდეს არჩევნებში და ასე დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას...

- არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყო რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაში, მით უფრო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ და ამ ქვეყანაში თანამდებობაც გაქვს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უკრაინის თანამდებობის პირი საქართველოში ბრძოლის პირველ ხაზზე იყოს. მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია.

ცხადია, გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი ექნება, ვიდრე - დაქსაქსულს... იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან საეჭვოა. არ მგონია, დღეს ოპოზიციური სპექტრი მზად იყოს ამ ნაბიჯისთვის. ვფიქრობ, ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც. როგორც წესი, ასეთი რამ წინასწარი კონსულტაციის გარეშე არ ხდება. ჯერ იმართება კონსულტაციები და შეთანხმების შემდეგ ახმაურებენ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის და ინიციატივა სიურპრიზი აღმოჩნდა... თუმცა, ვნახოთ... ოპოზიცია მაჟორიტარებზე მაინც თუ შეთანხმდა, მაშინ შეიძლება საუბარი უფრო მჭიდრო კოორდინაციაზეც გაგრძელდეს.

- "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო სია გადახალისდება. კულუარული ინფორმაციით, ამ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება... - არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კრიზისში თუ ვინმემ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს იყო პრემიერ-მინისტრი... რაც შეეხება გადახალისებას, არ ვიცი, ამას როგორ აპირებენ, თუმცა მთავარი გვარების კი არა, იდეის შეცვლაა... საზოგადოება უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება. ლაპარაკი გვარებზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, როგორია ამ გუნდის მიმართ ნდობა და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები... რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსით ამ პარტიის ძლიერი მხარეა. "ქართული ოცნების" რეიტინგი ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მის გარეშე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის სუსტი წერტილიც. გვარებს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველი გვარებისგან კი არ ელის პასუხებს, არამედ აინტერესებს, რას შესთავაზებს ადამიანი, ვინც სიაში ამ გვარებს შეცვლის...