დმიტრო ლუბინეცი: "ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ვერ შეაფასეს საფრთხე, რომელიც სააკაშვილის ნებისმიერ პოსტზე დანიშვნას მოჰყვებოდა" - კვირის პალიტრა

დმიტრო ლუბინეცი: "ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ვერ შეაფასეს საფრთხე, რომელიც სააკაშვილის ნებისმიერ პოსტზე დანიშვნას მოჰყვებოდა"

"სააკაშვილს არ უნდა გასჭირვებოდა იმის გაცნობიერება, რომ თავისი ბექგრაუნდის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობას გააფუჭებდა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მიმართვამ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში მორიგი უხერხულობა შექმნა. მისი განცხადებით, აპირებს იყოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში, არასოდეს არ დადგება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ყველა, ვისაც ხალხის დახმარება უნდა, ერთად უნდა დადგეს: "მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე"...

ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის დაიბარეს საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არც ოფიციალური პირია და არც აღმასრულებელი შტოს წევრი. ელჩის განცხადების თანახმად, "ის არც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ქართველია და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას".

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. ამას საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახებით უპასუხა. ოფიციალური პირების განმარტებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნამ კითხვები გააჩინა.

ამ საკითხის გამო საქართველოში ჩამოვიდა უკრაინაში ჩვენი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძეც. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ელჩის უკრაინაში დაბრუნება არ გაჭიანურდებოდა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დააკვირდებოდნენ.

უკრაინის რადის სახალხო დეპუტატი, დონეცკის ოლქის მაჟორიტარი დმიტრო ლუბინეცი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის პროვოკაციული განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს.

- უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 7 მაისს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. მის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევით უპასუხა... როგორც აქტიური ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, როგორ აფასებთ მის საქმიანობას?

- ჩვენს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ის ახლა უკრაინის მოქალაქეა, აქვს ადგილობრივი პასპორტი და შესაბამისად, ლოგიკური და ლეგიტიმურია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობა მოიპოვა, დამოუკიდებლად აყალიბებს სახელმწიფო უწყებებს და თუ განსაზღვრულ სიტუაციაში დასჭირდა მხარდაჭერა, პარლამენტში აქვს კიდეც. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ამ პოსტის დაკავება შესთავაზა. ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, მისთვის პოლიტიკური გამოცდილებაა და ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ის საქართველოს კანონმდებლობით ძებნილია და სხვადასხვა სახის დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. როგორც ვიცი, საქართველომ უკვე მიმართა საერთაშორისო სამართლის ორგანიზაციებს მის წინააღმდეგ. ამ რეალობაში, ჩემი აზრით, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსს, ადამიანს, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს, შემდეგ კი აქტიურად იყო ჩართული უკრაინის პოლიტიკაში, ზელენსკის გუნდის წინადადებაზე, სულ მცირე, უარი უნდა ეთქვა. მას არ უნდა გასჭირვებოდა იმის გაცნობიერება, რომ თავისი ბექგრაუნდის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობას გააფუჭებდა.

- რას იტყვით პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის გადაწყვეტილებაზე მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნის შესახებ?

- ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განვიხილეთ ეს საკითხი და მივედით დასკვნამდე, რომ ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ვერ შეაფასეს საფრთხე, რომელიც მის ნებისმიერ პოსტზე დანიშვნას მოჰყვებოდა, ოფიციალური იქნებოდა თუ არაოფიციალური. ვერ გათვალეს, თუ რა შედეგის მოტანა შეეძლო სააკაშვილისნაირი ავანტიურისტის დანიშვნას ნებისმიერ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. უკრაინაში მძიმე საგარეო და საშინაო ვითარებაა, საქართველო კი საერთაშორისო არენაზე უკრაინის მუდმივი მხარდამჭერია როგორც ჩრდილოატლანტიკური და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვაში, ასევე ეკონომიკურ საკითხებშიც. საქართველო და უკრაინა, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ მიაბიჯებენ ნატოსკენ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს - რუსეთი, რომელიც დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნების ოკუპაციას.

ჩვენ ერთნაირად ვცდილობთ ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური საკითხების მოგვარებას. ასე რომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთანა სტაბილური პარტნიორი და მასთან ურთიერთობის გაფუჭება ერთი პერსონის გამო, გაუგებარია. თუმცა, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, რითაც უკრაინულმა მხარემ, ვფიქრობ, არგუმენტირებულად ახსნა, რომ მას სჭირდება გამოცდილი პირები, რომლებმაც თავის ქვეყანაში წარმატებული რეფორმები გაატარეს.

- კონკრეტულად, რა რეფორმები დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა? - მწვავე და სკანდალური განცხადებების, სატელევიზიო გადაცემებში მუდმივი მონაწილეობის გარდა არაფერი.

- სააკაშვილის განცხადებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის დაიბარა უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი. მოგეხსენებათ, ეს მსგავსი შინაარსის არც პირველი და არც ბოლო განცხადება არ არის. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ასეთი განცხადებები საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, ასევე თქვენს დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ? - მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს მანიპულირება და გადაწყვიტოს, იქნება მშვიდად კიევში და იმუშავებს უკრაინის სახელმწიფო საკითხებზე, თუ დაბრუნდება საქართველოში, უნდა პოლიტიკაში წავა და უნდა სამოქალაქო აქტივისტი გახდება... როდესაც საქართველო მის ექსტრადიციას ითხოვს, ის აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეა, იმავდროულად კი მუდმივად ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც ლოგიკურია თქვენი ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის ყოველი ასეთი განცხადების გამო, მათ შორის უკრაინის ელჩის კონსულტაციებზე დაბარება.

თუ ვინმე ვერ ხვდება, ჩვენ გვესმის, რომ მსგავსი განცხადებებით სააკაშვილი შეგნებულად ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის გამწვავებას, თუ ვითარება ამ ეტაპზე არ შეჩერდება, ეს ორივე ქვეყანას დააზარალებს. იმედია, არ მომიწევს იმის დაკონკრეტება, თუ ვინ იხეირებს ჩვენი გადაკიდებით - რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ერთ პოზიციაზე მდგომი და მის წინააღმდეგ გაერთიანებული მეზობლები.

ასე რომ, სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ქართველი პოლიტიკოსი იქნება, თუ უკრაინის რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. თუ სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, უარი თქვას უკრაინის მოქალაქეობაზე და დაუბრუნდეს აქტიურ ქართულ პოლიტიკას. ეს ნამდვილად იქნება მისი ისტორიული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პერსონა ყოველთვის გამოიწვევს დაბნეულობას, და მეტიც, განხეთქილებას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში.

რაც უნდა თავი იმართლონ უკრაინელმა დიპლომატებმა, სააკაშვილი ოფიციალური პირი არ არისო, ის გულით ქართველია, ყველა მისი სიტყვა მაინც ისე იქნება აღქმული, როგორც უკრაინაში მოქმედი პოლიტიკოსის.

მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველი ერი, ვაფასებ ყველაფერს, რაც თქვენს ქვეყანას უკრაინისთვის გაუკეთებია, მადლიერი ვარ ამისთვის და ნამდვილად არ მინდა ერთი პირის გამო მუდმივად ელჩების გაწვევა-გამოწვევას ვუყურებდე, რასაც მუდმივად ახლავს დიპლომატიური უხერხულობა და თუ ეს არ დასრულდა, უარესი შედეგიც შეიძლება მივიღოთ.