"მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად"
"მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად"
ფოტო:ბიძინა ივანიშვილი
"რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ძალიან უნდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდეს. თუ მოსკოვი ამერიკის არჩევნებში ერევა, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საქმეშიც ჩაერევა?"

"თითქოს მოიპარეს და ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაწერეს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის კონგრესმენების მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".
დოკუმენტში, სახელწოდებით "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა", რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის
ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა საუბარი. ეს არის რესპუბლიკური პარტიის კვლევების კომიტეტის სპეციალური ანგარიში ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. შეგახსენებთ, რომ კომიტეტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ფრაქციის უმსხვილესი შიდა გაერთიანებაა, რომელიც 150-მდე კონგრესმენს აერთიანებს. ანგარიშს თან ერთვის 13 კონგრესმენის ხელმოწერაც. ანგარიშის ავტორების რეკომენდაციებია, შეიქმნას
კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების სია, რომლებიც "აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას" და დაუწესდეს სანქციები "რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელებს", რომლებიც "აზიანებენ აშშ-ის პარტნიორი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოზიციებს". სიის შესაძლო წევრებად განიხილებიან ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვი და უკრაინელი მილიარდერი ვიკტორ მედვედჩუკი.

ამ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერთა აზრით, ეს ანგარიში "ქართული ოცნების" განაჩენია, ხელისუფლება კი ამას დაბალი რანგის დოკუმენტად მიიჩნევს, ხელმომწერ კონგრესმენებს კი "ნაციონალების" მოსყიდულებად. რა რანგის დოკუმენტია კონგრესმენების ანგარიში, რა ინდიკატორებით იხელმძღვანელეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებისას, როგორ იმოქმედებს ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

ბიძინა ივანიშვილი
- ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა­ ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ.

- მაშინ რას ნიშნავს ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომ ეს ანგარიში­ არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია?
- ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ.
ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა. არ შეიძლება ამერიკა თავის­ სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს. თუმცა "დაბალი რანგის" დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია იმისა, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს.
ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება­ მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა­ არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა იმისა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ის კონგრესმენები, რომლებმაც რესპუბლიკელების ანგარიშს ხელი მოაწერეს. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, არც ისე მნიშვნელოვანი ხარ და ვისაც არ ეზარება, ყველა გაკრიტიკებს. ერთიც ცუდია და მეორეც.
წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ "ნაციონალების" ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? "ოცნებას" ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, "ნაციონალურ პარტიას", რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?!
სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ,
სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ, ჩვენ ხომ არ ვაკეთებთ­ რაიმეს არასწორად? ან თეორიულად მაინც განვიხილოთ, იქნებ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებას მესამე სახელმწიფო ცდილობს?

- რუსეთს გულისხმობთ?
- რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ძალიან უნდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდეს. თუ მოსკოვი ამერიკის არჩევნებში ერევა, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საქმეშიც ჩაერევა? ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა.

- რაში გამოიხატება, რომ ივანიშვილს ქვეყანაში დესტაბილიზაცია აწყობს?
- ჩვენ ვერც ივანიშვილს ვხედავთ, თუმცა... ნახეთ, საზოგადოებას არც აინტერესებდა საარჩევნო სისტემა. გამოვიდა ივანიშვილი და ცამოწმენდილზე განაცხადა,­ საარჩევნო კანონს შევცვლიო, მერე კი გადათქვა... შემდგომ დაიწყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების რაუნდები და შუა მოლაპარაკებისას დაიჭირეს ოპოზიციონერი ლიდერები. ახლა ნახეთ, რა ხდება პარლამენტში.
როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში.

- ეს შესაძლოა ხალხის გამხნევების ცდადაც მივიჩნიოთ.
- კი, როგორ არა, ძალიან გამამხნევებელი იქნება ისედაც ღარიბი ხალხისთვის, რომელიც ახლა მწირი ხელფასის გარეშეც დარჩა, ვაჩვენო ჩემი ბედნიერი და მდიდრული ცხოვრების დეტალები. გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა. მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ოჯახები დაკარგეს. ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე.

- რას უნდა მივაწეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, თუნდაც "დაბალი რანგის" პოლიტიკოსების, ხისტი­ განცხადებები "ოცნების" მმართველობიდან 8 წლის შემდგომ? შეიძლება ეს არჩევნებს უკავშირდებოდეს?
- ბოლო დროს ძალიან გამოიკვეთა პრობლემური ასპექტები და საბოლოოდ საჯარო გამოხატულებაც პოვა. არ გამოვრიცხავ, რომ არასაჯაროდ, კულუარებში იყო მინიშნებები, მაგრამ, ალბათ, ისევე არ გაითვალისწინეს, როგორც ახლა საჯარო განცხადებებს არ ითვალისწინებენ.

- ესე იგი, კულუარულ გაფრთხილებას საჯარო გაფრთხილებები და სანქციების მუქარები მოჰყვა, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
- ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს.

- თუ არჩევნების შემდგომ ჩვენი დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაფრთხილებულ, გაკიცხულ და ეჭვმიტანილ ძალას ნახავენ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა?
- მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა.

- როგორ, მხოლოდ სანქციებით?
- არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა.
ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს.

- მაგალითად, რა თვალსაზრისით?
- უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. ეს ჩვენც ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამერიკას ძალიან შორს მიმავალი გეგმები აქვს. თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული პროექტები წარმატებით განხორციელდება, რუსეთში თავისთავად დაისმება შეკითხვა, თუ რატომ აცხოვრებს მათ თავიანთი პოლიტიკური კლასი სიცრუეში და დადგება რუსული პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციის საკითხი.
ძალიან საინტერესოდ აფასებს რუსულ პოლიტიკურ კლასს რუსი პოლიტოლოგი გელბანი. ის კორუფციას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ყველაფერს, რაც შეიძლება დემოკრატიული მმართველობისთვის პრობლემა იყოს, რუსული პოლიტიკის მექანიზმებად აფასებს. შესაბამისად,
კრემლს ხელს არ აძლევს რეგიონში სხვა ტიპის პოლიტიკური მმართველობა, რათა მეზობლებთან უპირატესობის განცდა არ დაკარგოს. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვის აუზის, სულ მცირე, ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ.

- ივანიშვილს რა ხელს აძლევს, რომ პუტინის კაცი იყოს?
- მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად.
ეს ადამიანი თავისი ბუნებით, ფულის კეთების მეთოდებით, პოლიტიკის კეთების სტილით პოსტსაბჭოთა ადამიანია. ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასაA და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და რუსეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც ილონ მასკს.
შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება.

- როგორ შეიძლება დასრულდეს მისი მმართველობა?
- ხალხი, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, "ნაციონალებიდან" პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები...…ესე იგი, გემოვნების მიხედვით იყო ჩალაგებული შვედური მაგიდა პოლიტიკაში. რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული.
ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონოდა და ისე დაეძახა, მოდი, მოვიშოროთ ტირანი სააკაშვილიო, კაციშვილი არ გაჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ.
თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული.


ხათუნა ბახტურიძე
გოგი
22 ივნისი 2020 10:52
შენ ვინ გაფინანსებს ექსპერტოოო???? ამერიკა თუ ნაც სექტა??????? არ დაბლოკოთ .
lm
22 ივნისი 2020 10:38
რუსეთს გამორიცხულია , რომ ჩვენი განვითარება და წარმატება უნდოდეს , ეხლა ამას აინშტაინობა არ უნდა
ბაბაჩია იასონი-s
22 ივნისი 2020 09:25
ხო ღმერთმა მოგვავლინა და თან უთქვამს, ესაა თქვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტიო. რით ვერ გასცდა ჩვენი ერი მონამორჩილებას ფულის გამო? ნუთუ ფასეულობები არ არსებობს ამ დედამიწაზე? ნუთუ კოროფციის მეტი რამე მოაქვს საბჭოური მენტალობის ბიძინაც ამ ქვეყნისათვის? აბა მეტი რა გგონიათ, ქვეყნის დესტაბილიზაცია და ამირეკის ინტერესების უგულვებელყოფა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?