თინა ხიდაშელი: "მე არ მახსოვს ასეთი უმწეო "ნაცები" - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი: "მე არ მახსოვს ასეთი უმწეო "ნაცები"

"ლელოს" იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში"

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დარჩა და ოპოზიციური სპექტრი ისევ შეთანხმება-გაყრის პროცესშია. გრძელდება გადაჯგუფებები, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ ახალი სუბიექტები. ამის კვალდაკვალ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გახდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკის სამიზნე. როგორ აისახება ეს ქვეყნისა და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე, ამ და სხვა საკითხებზე ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელს, თინა ხიდაშელს ვესაუბრეთ.

- 10 ივნისს 13 ამერიკელი კონგრესმენის ხელმოწერილი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი გავრცელდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ სკანდალურ ბრალდებებს შეიცავს. მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს დაბალი რანგის დოკუმენტია. არსებობს თუ არა ყოველივე ამის გამო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი?

- პირველი შემთხვევა არ არის, რომ მმართველი გუნდი ასე პასუხობს ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას, თუმცა ეს სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, რადგან წინა სხვა მიმართვებისგან განსხვავებით, როდესაც კრიტიკულ წერილებს ამერიკელი კონგრესმენები და ევროპარლამენტარები გზავნიდნენ, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის არ მოუმართავთ. ამერიკის კონგრესში სულ ორი პარტიაა - რესპუბლიკელები და დემოკრატები. ამჯერად ერთ-ერთი პარტია, რომელიც მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია, აქვეყნებს ანგარიშებს როგორც სახელმძღვანელოს ამერიკის სახელმწიფოს საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ამერიკელი ხალხისთვის, თავად რესპუბლიკური პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს კონკრეტული ექსპერტთა ჯგუფი გადაწყვეტს ხოლმე, იმ დოკუმენტში რომელი ქვეყანა, პირი ან პარტია უნდა მოხვდეს. 60 წელია მას აქვეყნებენ და პირველად შეიყვანეს ქართველი პერსონა.

როდესაც მმართველი გუნდის წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ ეს დაბალი რანგის დოკუმენტია და მოსყიდულმა პირებმა შეადგინეს, უნდა გვახსოვდეს, მართლაც რა მნიშვნელობის დოკუმენტზეა საუბარი და არა მგონია, ეს ერთადერთი კრიტიკული დოკუმენტი იყოს.

- თუმცა მთავრობის წევრებისგან მუდმივად გვესმის, რომ ახლა საქართველო იმაზე ახლოს არის დასავლეთსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ვიდრე ოდესმე. - დიახ, მეორე ასპექტი, რაც ამ დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანია, მასში გამიჯნულია საქართველო და კონკრეტული პერსონა - "ერთი მდიდარი ქართველი კაცი", ვისაც ეს კრიტიკული წერილი ეკუთვნის, საქართველოს კი ისევე უჭერენ მხარს, როგორც 2-3 წლის წინ. მეტიც, ლაპარაკია სამხედრო დახმარების პროგრამაზე, ოკუპაციაზე, ამერიკის პარტნიორობასა და თანადგომაზე. სხვა საქმეა, როგორ გამოიყენებს ამას საქართველოს მთავრობა, რომლისთვისაც ახლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის დახმარება, რადგან რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით მუდმივად საფრთხე გვემუქრება.

- თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს, ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შეგვიძლია Су-25-ების აღდგენა, გამოშვება და შემდეგ გაყიდვა. რეალურია ეს განცხადება? - ეს მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ბიძინა ივანიშვილი თავისი ქონების ნახევარს ჩადებს ამ საქმეში ისე, რომ მოგებას არასდროს დაელოდება. თუ ამაზე დაიყოლიებს ღარიბაშვილი ივანიშვილს და ამ პროექტს როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას განახორციელებს, შეიძლება ამ ქარხნის აშენება, სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია. ღარიბაშვილი აცხადებს, ნატოს სტანდარტებით ეკიპირება წარმატებით მიმდინარეობსო, მაშ, რას გადაეკიდნენ ამ Су-25-ებს? ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატოს შეიარაღებასთან თავსებადობაა.

- არჩევნებამდე 5 თვე დარჩა. რას ფიქრობთ ოპოზიციის ბრძოლის ფორმატზე?

- ჩვენ გვყავს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პარლამენტში სხვადასხვა ფრთით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 12 ივნისს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არშეხვედრის მიზეზი ძალიან უსუსური იყო, მე არ მახსოვს ასეთი უმწეო "ნაცები". გაუგებარია იმ ოპოზიციური ძალის ლოგიკა, რომელსაც უმწვავესი დებატები აქვს ხელისუფლებასთან და ეუბნება, პრორუსული ხარო, მისთვის პარლამენტში კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გამოიყენოს.

- თუმცა მინისტრმა წინასწარ თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხებდა... - აბა, რას იტყოდა ღარიბაშვილი?! "ნაციონალების" ბუნება რომ ვიცი, ამის გამო მათი გაჩუმება წარმოუდგენელია და ეს არგუმენტი ძალიან სასაცილოა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა?

- ორი მიზეზი შემიძლია ვთქვა: ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ყოფნისას "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ სუსტი იყო, ფაქტობრივად, ხელებჩამოყრილი ისხდნენ და უსმენდნენ, როგორ უტარებდა პრემიერ-მინისტრი მათ მასტერკლასს და შესაძლოა დღემდე იმ სტრესიდან ვერ გამოსულან. არის მეორე ვერსიაც - ცხოვრებაში პირველად შემიძლია გია ბარამიძეს დავეთანხმო, რომელმაც თქვა, რა უნდა გვითხრას ირაკლი ღარიბაშვილმა, რითია მისი გამოსვლა საინტერესოო. შესაძლოა მათში ეს ემოცია ჭარბობს - ღარიბაშვილთან საუბარს ნამდვილად არა აქვს აზრი, მაგრამ მაინც მიკვირს მისთვის კითხვების დასმის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის.

რაც შეეხება პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მე მათაც ორად გავყოფდი: ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკურ პარტიებად, და ვინც, სავარაუდოდ, არჩევნების დროს შეუერთდებიან ვინმეს. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "სამოქალაქო მოძრაობა" პარტიად გარდაიქმნება. მის გარდა არის კიდევ რამდენიმე მოძრაობა-გაერთიანება, რომლებიც საინტერესოდ მეჩვენება. ვფიქრობ, პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალები იმაზე მაინც უნდა დაფიქრდნენ, ბრძოლას, რომელშიც ჩართვა პირველად გადაწყვიტეს, ხომ არ იწყებენ ასეთი განაცხადით, მე ჩემი ხალხი და ჩემი ძალა მყავს, საბოლოოდ რა მოხდება, არ მაინტერესებსო. ასეთი მიდგომით ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს წაართმევენ ხმებს, რომელთაც ცვლილების რეალური შესაძლებლობა აქვთ. უფრო გონივრული იქნებოდა ეფიქრათ, ავსებს თუ არა მათი ხმები, ამომრჩეველი, სიმპათიები ერთმანეთს, რადგან პოლიტიკა დაბადების დღის წვეულებაზე დასაპატიჟებელი ადამიანების სია არ არის, სადაც შეგიძლია, ვინც გიყვარს, ის აარჩიო.

- ფიქრობთ, აჯობებდა ცალკეული პერსონები ვინმესთან კოალიციაში ყოფილიყვნენ?

- მომავალ არჩევნებზე ბევრად Yუკეთესი იქნებოდა 3-4 დიდი პოლიტიკური ძალა, რომლებიც მესამე და პირველი "ძალობისთვის" იბრძოლებდნენ. არ ვგულისხმობ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე მის განშტოებებს. ის პირველი ძალა იქნებოდა იმ პირთა ერთობა, რომლისთვისაც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება თანაბრად მიუღებელია. დღეს არჩევანი სწორედ ასე დგას - ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალებისგან ძალიან საინტერესო მთავრობასა და მმართველობის სისტემას მივიღებთ. ახლა კი მათ მხოლოდ იმის შანსი აქვთ, ამ ბრძოლაში ერთმანეთი დაჩეხონ და საბოლოოდ გზა ისევ ამ ხელისუფლებას გაუხსნან.

- მესამე ძალა ახსენეთ... ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ "ლელოს". - "ლელოს" დღემდე იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ.

- არადა, გუნდი დატოვა რამდენიმე პირმაც. - გუნდი დატოვა ლაშა ბაქრაძემ, მაგრამ არ ვემხრობი პირველივე შემთხვევაზე ბრძოლის ველიდან გაქცევას. თუ არ შეუძლია სხვადასხვა სახის ზეწოლის გაძლება, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. თუმცა ლაშა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ფიგურად დარჩება. მისი პერსონა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ის არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ყოფილა.