ეკა ბესელია: "საინტერესოა, როდის ვიდექი ბოკერიას, უგულავას ან ვინმე"ნაციონალის" გვერდით?" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "საინტერესოა, როდის ვიდექი ბოკერიას, უგულავას ან ვინმე"ნაციონალის" გვერდით?"

"პროვოკაციები იქნება და შესაძლოა მაჟორიტარების "ბუნტი" სხვა სახელითა და სცენარით მივიღოთ"

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლების სიურპრიზების მოლოდინშია. "სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ არის დასრულებული, მე არც ერთ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზს არ გამოვრიცხავ", - ამბობს დეპუტატი. საფრთხის წინაშეა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორ ნაწილდება ძალთა ბალანსი ოპოზიციურ ძალებს შორის, ამ საკითხებზე ქალბატონი ეკა გვესაუბრება.

- განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ დავუტოვო რაიმე ტიპის შანსი დაპირების უკან წასაღებად. ამიტომ მე მხარს დავუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან სისტემის შეცვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

- გამორიცხავთ, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შეიძლება აღმოჩნდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა? - პოლიტიკაში, მით უფრო ქართულ პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაციები იქნება და შესაძლოა მაჟორიტარების "ბუნტი" სხვა სახელითა და სცენარით მივიღოთ. თუმცა ლოგიკა და წესი გვეუბნება - თუ მოჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ, დაბლა ჩამოვარდები. ამ ლოგიკის მიხედვით, საარჩევნო სისტემა არჩევნებამდე 4 თვით ადრე მაინც უნდა შეიცვალოს.

- გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა შეთანხმება მაჟორიტარი დეპუტატების საკითხზე. - პარტია "სამართლიანობამ" მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე სასაუბროდ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე შეხვედრაში. ჩვენ სხვა ვალდებულება ოპოზიციურ ერთობასთან არ გვაქვს და არც გვექნება. სასამართლო რეფორმის თაობაზე შეთანხმებასაც არ მოვაწერე ხელი პარტიის სახელით, რადგან არ დავეთანხმე მათ კონცეფციას. არც მაჟორიტარების საკითხზე მქონია საუბარი "ნაციონალებთან" ან "ევროპულ საქართველოსთან". სხვა რამდენიმე პარტიას ვესაუბრები. თუ არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, ყველა გემოვნების ამომრჩეველს საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემის საშუალება მიეცემა. სხვა საკითხია, როგორ მოვიქცევით მეორე ტურში. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები.

- ვრცელდება მოსაზრება, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს თქვენსა და კახა კუკავას შორის, ასევე "ლელოსთან"... - არჩევნებში მონაწილე ბევრ პარტიასთან ვსაუბრობთ, რადგან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული კოორდინაცია მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მათ შორის ხმების დაცვის მიზნით, არჩევნებში კი დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას.

- რატომ არ აღმოჩნდით იმ გუნდში, რომლის წევრები თითქოს თქვენი თანამოაზრენი იყვნენ? "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსს" ვგულისხმობ. - თავად დავაფუძნე პარტია ,,სამართლიანობისთვის"" და სხვის გაერთიანებაში რატომ უნდა ვყოფილიყავი?

იმ ახალ ჯგუფში არის რამდენიმე კოლეგა, რომელიც ჩემს პარტიაში ირიცხებოდა და წასვლის თაობაზე არც მოუმართავთ. ივანიშვილი დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას. "რაც არ იყიდება დიდი ფულით, იყიდება უფრო მეტი ფულით". არ არსებობს არც ერთი მასშტაბის თანხა, რომელიც იყიდის ჩემს პრინციპებს, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მცირე თანხადაც ყიდიან იმას, რასაც მე ღირებულებას ვუწოდებ.

- ივანიშვილის ფულით მოსყიდულებში თქვენი ყოფილი თანამოაზრეები იგულისხმეთ? - არავის ვაკონკრეტებ.

- ექსპერტთა ნაწილიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება სატელიტი პარტიებით შეეცდება ოპოზიციაში არეულობის შეტანას.

- 2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე უსამართლო ოპოზიციისთვის, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიაც ვერ ჩატარდება. გარდა იმისა, რომ ახალ პარტიებს შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გვაქვს, კანონმდებლობითაც არ არის გარკვეული, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. თავის მხრივ, კორონავირუსმაც შეგვიზღუდა საჯარო შეხვედრების საშუალება. ე.წ. მესამე ძალის ძებნის პროცესში რამდენიმე ახალი პარტია შეიქმნა. იმ პარტიებს შორის, რომლებსაც ახლანდელ და წარსულ ხელისუფლებასთან ბმა არა აქვთ, შესაძლებელია კოორდინაცია.

- ასეთებში ვის მოიაზრებთ? - ჯერ მიჭირს ამაზე საუბარი. სამწუხაროდ, დიდი ფული პოლიტიკაში რყვნის პიროვნებებსაც და დემორალიზებას უკეთებს პროცესებსაც.

- ამ რთულ პროცესებს რა მიმართულებას აძლევს სააკაშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნების ავანგარდში ყოფნას აპირებს? - სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, კანონი არ მისცემს ამის საშუალებას. ჩვენ არც სააკაშვილის რევანში და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება გვინდა და არც არსებული უსამართლობის შენარჩუნება.

მისი განცხადებები, ერთი მხრივ, აგულიანებს მის მომხრეებს და მეორე მხრივ, წყალს ასხამს "ქართული ოცნების" წისქვილზე. "ოცნებას" მუდმივად სჭირდება საფრთხობელა, რომლის როლსაც უკვე დიდი ხანია სააკაშვილი ასრულებს.

- ზალკალიანის უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებამ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში კიდევ ერთი გაუგებრობა წარმოშვა. - ცხადია, უკრაინის ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს საქართველოს ხელისუფლებას. ხომ ნახეთ, არაერთხელ უგულებელყვეს "ოცნების" უსტარები?! ახლა ჩვენს ხელისუფლებას ისღა დარჩენია, კეთილგონიერებას მოუხმოს და ქვეყნის ინტერესები არ დააზარალოს სააკაშვილის გამო. დროა მიხვდნენ, თუ რატომ არ უწევენ ანგარიშს. იმიტომ ხომ არა, რომ საერთაშორისო ფლანგზე დამარცხდნენ? როდესაც ქვეყანაში თედო ჯაფარიძის რანგის დიპლომატი გყავს და მის უდიდეს კონტაქტებს დასავლეთსა და განსაკუთრებით, აშშ-ში არ იყენებ, სრულ ლოგიკურ კრახს მიიღებ.

- თქვენ ამბობთ, რომ "ნაციონალებსა" და "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო სისტემის გარდა არაფერზე საუბრობთ. თუმცა თქვენი ყოფილი თანამებრძოლები მათ გვერდით დგომას მაინც გაყვედრიან. ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან გკითხათ, გიქმნით თუ არა უხერხულობას ბოკერიასა და უგულავას გვერდით დგომაო.

- თავდაცვის მინისტრს, რომელიც ყოფილი პრემიერია, საჯაროდ არასდროს ვაკრიტიკებ. მასთან ერთად დიდი ბრძოლა მაქვს გამოვლილი. ამ კონტრკითხვით ის ჩემს შეკითხვაზე პასუხს გაექცა, ჩემი შეკითხვა კი ასეთი იყო - რას განიცდის, როდესაც მის გუნდს წარმოადგენენ პირები, რომლებიც სააკაშვილს ხოტბას ასხამდნენ, მის სადღეგრძელოებს სვამდნენ, აფინანსებდნენ? როგორ თავსდება ერთმანეთში ორი რამ - თან წარსულს გაემიჯნო და თან შენმა გუნდმა წარსულში ყველაზე დიდი უსამართლობის დამკანონებელი მოსამართლეები უვადოდ აირჩიოს? აი, ამ კითხვას გაექცა, ან რა უნდა ეთქვა? კობახიძესავით ხომ არ იტყოდა, ცუდი საქმეების მკეთებლები ახლა კარგი საქმეების მკეთებლები გახდნენო?! საინტერესოა, მე როდის ვიდექი ბოკერიას, უგულავას ან ვინმე "ნაციონალის" გვერდით? თუ საარჩევნო სისტემის იდეის გარშემო შეკრებილ ოპოზიციაზეა საუბარი, ეს უკვე არასერიოზულია. თუ ასე განვსჯით, პარლამენტშიც სხედან "ნაციონალები" და "ოცნება" ერთად. მმართველი გუნდი "ნაციონალებთან" კონსულტაციებს არ მართავს? ან მე გავაფორმე მათთან 8 მარტის შეთანხმება? ასე რომ, ორმაგ სტანდარტს შეეშვან.

ხათუნა ბახტურიძე