თურქეთის ელჩის გამოხმაურება - კვირის პალიტრა

თურქეთის ელჩის გამოხმაურება

თქვენი გაზეთის 2020 წლის 8-14 ივნისის ნომერში დაიბეჭდა ნანა ფიცხელაურის სტატია სათაურით "რა მიზნით შემოვიდნენ ბათუმში შეიარაღებული თურქები", სადაც ექსპერტი ბადრი ნაჭყებია გამოთქვამს მოსაზრებას აჭარის რეგიონში "თურქეთის სერიოზული რელიგიური ექსპანსიის" შესახებ.

ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე: ბადრი ნაჭყებიას ინტერვიუში თურქეთი წარმოჩენილია, როგორც ერთგვარი საფრთხე მეზობელი ქვეყნებისათვის, რადიკალიზმისა და რელიგიური ექსპანსიის თვალსაზრისით. ეს უკიდურესად მცდარი და უფრო მეტიც, თურქოფობიური დამოკიდებულებაა. მოსაზრება, რომ "აჭარაში თურქული რელიგიური ექსპანსია საკმაოდ სერიოზული იყო, რომელიც რადიკალური იდეებით შემოვიდა, უსაფუძვლოა და აჭარაში მცხოვრები საქართველოს მუსლიმი მოქალაქეებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის გამოხატულებაა.

საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის დღითი დღე ვითარდება ურთიერთთანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალის, ტერორიზმისა და სხვა მსგავსი საფრთხეების საკითხში. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ძებნილების, სახელმწიფოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი, საქართველოს თავშეფარებული პირების მიერ უვიზო მიმოსვლით სარგებლობის ან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი ახალი არაა. აგრეთვე, პირები, რომლებმაც საქართველოში ჩაიდინეს დანაშაული, ცდილობენ თურქეთში გადასვლას და ამგვარად, სამართლისაგან თავის დაღწევას. ამ საკითხებში აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.

სტერეოტიპებსა და არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული კომენტარებით თურქეთის, ისლამისა და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების საკითხისადმი ტენდენციური მიდგომა არა მარტო სამწუხაროა, არამედ აზარალებს თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობას და ემსახურება მესამე მხარეების ინტერესებს.

მთელი საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, თურქეთი მჭიდროდ და გამჭვირვალედ თანამშრომლობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციასა და საქართველოს რელიგიის სააგენტოსთან.

თურქეთი და საქართველო ფრიად წარმატებით თანამშრომლობენ ტერორისტული ორგანიზაცია "დაეშის" და სხვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "დაეშის" წევრები არიან არა მხოლოდ გეოგრაფიულად ახლომდებარე ქვეყნებიდან, არამედ დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდანაც, ანუ მთელი მსოფლიოდან ჩასული მებრძოლები.

დიდი პატივისცემით, ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი