"ოცნებამ" არჩევნები ისე უნდა წააგოს, "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში" - კვირის პალიტრა

"ოცნებამ" არჩევნები ისე უნდა წააგოს, "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში"

"ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება, სანამ სააკაშვილი ციხის გარეთ არის და მით უფრო, პოლიტიკაში ერევა"

ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალებისთვის" ხელისუფლების გადაბარებაში ადანაშაულებს. "ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი მასზე ზემოქმედების კარგი ბერკეტია. ამას გიგი უგულავას გათავისუფლება ადასტურებს. შესაბამისად, როდის შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ჩააბაროს, თუ გადააბაროს ხელისუფლება რევანშისტებს, არ ვიცი, რადგან ივანიშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში არც ინსტიტუციების, არც დემოკრატიისა და არც არაფრის გარანტი. მისი კაპიტალი უკვე მისი სისუსტეა, მასზე ზემოქმედება ადვილია", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელიც ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ინტერვიუში გვესაუბრება.

- უკვე აშკარაა ნიშნები, რომ ივანიშვილი ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადება. პირველი ნიშანი ბიუჯეტის ქურდის, გიგი უგულავას გათავისუფლება იყო. ამის ნიშნები მანამდეც იყო, მაგალითად, ინსტიტუციების დასუსტება. როდესაც ქვეყანა სუსტდება, რევანშის რისკები იზრდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რევანშისტებს მიზნის მიღწევის საშუალება არ მივცეთ.

"ოცნებამ"არჩევნები ისე უნდა წააგოს, "ნაციონალები"არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ამას მიზანმიმართულად აკეთებს? - მან ქვეყანა პირად ინტერესებს გადააყოლა. ყველა უწყება საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუციებს აღარავინ ენდობა, საზოგადოებამ კი სამართლიანობის განცდა დაკარგა. "ოცნება"უფრო და უფრო მძიმედ ეფლობა კორუფციის ჭაობში.

რამდენიმე დღის წინ თხევად გაზზე აქციზის საფასურის გაზრდას აპირებდნენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო და ბიზნესი არ ჩაეკლათ. ამ უსამართლობას სჩადიოდნენ ივანიშვილის კარის ბიზნესის სასარგებლოდ, რომელიც ადრე სააკაშვილის კარის ბიზნესმენი იყო. ეს ბიზნესმენები გარდამავალ დროშასავით არიან, ყველა ხელისუფლებას უხდიან ხარკს პრივილეგიებისა და მონოპოლიის სანაცვლოდ.

წესით, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მათი ჯიბიდან დაფინანსებული უწყებები, მაგალითად, ანტიკორუფციული საბჭო, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა. როდესაც ეს უწყებები ხმას არ იღებენ, ჩვენ რა შეგვიძლია, მხოლოდ მინიშნებებით საუბარი. მაგალითად, ვიცი, რომ ახალციხის მერი კორუმპირებულია. ვითხოვთ ანტიკორუფციული კომისიის შექმნას, პარლამენტში შესაბამისი კანონიც გვაქვს დარეგისტრირებული, მაგრამ არ გამოაქვთ განხილვაზე.

კორუფცია არ არის, როდესაც პრემიერს ეკითხები, ვის შემოაქვს ქვეყანაში დენი და გეუბნება, არ ვიციო? როგორ არ იცის? ისიც კარგად იცის, რატომ არ იაფდება დენი. მეც ვიცი, მაგრამ ჯერ ვერ ვამბობ...

პრობლემებია გადაზიდვების სამსახურებშიც, მაგრამ ხელისუფლება თავის დანაშაულს ხომ არ გამოიძიებს?! ჩვენი ერთადერთი იმედი ახლა არჩევნებია. გვინდა ხალხს რაც შეიძლება ბევრი ვესაუბროთ და არსებული სურათი ნათლად დავანახოთ. ვნახოთ, რას აირჩევს ხალხი - წარსულს, კორუფციულ აწმყოს თუ ნათელ მომავალს.

"ოცნების"ჩინოვნიკებმა ხალხის ხარჯზე მოითბეს ხელი და კაციშვილი პასუხის გამცემი არ არის. 100 მილიონზე მეტი დღგ-ების ფული მოიპარეს და დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული. ისიც კაცმა არ იცის, სინამდვილეში 100 მილიონი მოიპარეს, თუ სამჯერ მეტი. ათეულ მილიონობით ლარს ჰპარავენ ხალხს და პასუხს არავინ აგებს.

- თქვენ უკვე შეგიძლიათ დასვათ "ქართულ ოცნებასა"და "ნაციონალებს"შორის ტოლობის ნიშანი? - სხვა საკითხებში კანონის უზენაესობა ერთიანად გათელეს, მაგრამ ძალადობის კომპონენტზე ამას ვერ ვიტყვი. მოძალადე "ნაციონალებმა"წარუშლელი კვალი დატოვეს ადამიანების ცხოვრებაზე.

ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება, სანამ სააკაშვილი ციხის გარეთ არის და მით უფრო, პოლიტიკაში ერევა.

- თქვენი ახალშექმნილი პარტია მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსებით როგორ აპირებს, როგორც თქვენ ამბობთ, ორი მონსტრის - "ქართული ოცნებისა"და "ნაციონალების"დამარცხებას? - დიახ, ძალიან ცუდი და რთული არჩევნები იქნება. უფრო სწორად, ისიც კი არ ვიცით, ჩატარდება თუ არა, შეიძლება პანდემიის გამო სულაც გადაიდოს. თუმცა სხვა რა გავაკეთოთ, სახლში ხომ არ წავალთ და "ოცნებისა"და "ნაციონალების"საჯიჯგნად ხომ არ დავტოვებთ ქვეყანას? თავად ხალხმა არ უნდა მისცეს თავის მძარცველებს გამარჯვების საშუალება.

- პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავს "ოცნებისა"და "ნაციონალების"ალტერნატივად მიიჩნევთ, გაერთიანება რატომ ვერ მოახერხეთ? - ვისთანაც ღირებულებითი კონფლიქტი გვაქვს, მათთან ერთად ვერ ვიბრძოლებთ. აქტიურ კამპანიას ვგეგმავთ, პროცესი ჯერ კიდევ წინ არის, ვნახოთ, რა იქნება.

ხათუნა ბახტურიძე