რადას დეპუტატი: "სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს მანიპულირება. თუ პოლიტიკოსობა უნდა საქართველოში, უარი თქვას უკრაინის მოქალაქეობაზე" - კვირის პალიტრა

რადას დეპუტატი: "სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს მანიპულირება. თუ პოლიტიკოსობა უნდა საქართველოში, უარი თქვას უკრაინის მოქალაქეობაზე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა მიმართვამ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში მორიგი უხერხულობა შექმნა. მისი განცხადებით, აპირებს იყოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

"მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ უნდა ყველანი გავერთიანდეთ, ახლა ადგილების გაყოფის დრო, არც ახლა და არც მომავალში, არასოდეს არ დადგება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ყველა, ვისაც ხალხის დახმარება უნდა, ერთად უნდა დადგეს: "მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე"...

უკრაინის რადის სახალხო დეპუტატი, დონეცკის ოლქის მაჟორიტარი დმიტრო ლუბინეცი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის პროვოკაციული განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. იხილეთ ნაწყვეტი ინტრევიუდან:

დმიტრო ლუბინეცი: - მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს მანიპულირება და გადაწყვიტოს, იქნება მშვიდად კიევში და იმუშავებს უკრაინის სახელმწიფო საკითხებზე, თუ დაბრუნდება საქართველოში, უნდა პოლიტიკაში წავა და უნდა სამოქალაქო აქტივისტი გახდება... როდესაც საქართველო მის ექსტრადიციას ითხოვს, ის აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეა, იმავდროულად კი მუდმივად ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომაც ლოგიკურია თქვენი ხელისუფლების რეაქცია სააკაშვილის ყოველი ასეთი განცხადების გამო, მათ შორის უკრაინის ელჩის კონსულტაციებზე დაბარება.

თუ ვინმე ვერ ხვდება, ჩვენ გვესმის, რომ მსგავსი განცხადებებით სააკაშვილი შეგნებულად ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის გამწვავებას, თუ ვითარება ამ ეტაპზე არ შეჩერდება, ეს ორივე ქვეყანას დააზარალებს. იმედია, არ მომიწევს იმის დაკონკრეტება, თუ ვინ იხეირებს ჩვენი გადაკიდებით - რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ერთ პოზიციაზე მდგომი და მის წინააღმდეგ გაერთიანებული მეზობლები.

ასე რომ, სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ქართველი პოლიტიკოსი იქნება, თუ უკრაინის რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. თუ სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, უარი თქვას უკრაინის მოქალაქეობაზე და დაუბრუნდეს აქტიურ ქართულ პოლიტიკას. ეს ნამდვილად იქნება მისი ისტორიული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პერსონა ყოველთვის გამოიწვევს დაბნეულობას, და მეტიც, განხეთქილებას ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში.

რაც უნდა თავი იმართლონ უკრაინელმა დიპლომატებმა, სააკაშვილი ოფიციალური პირი არ არისო, ის გულით ქართველია, ყველა მისი სიტყვა მაინც ისე იქნება აღქმული, როგორც უკრაინაში მოქმედი პოლიტიკოსის.

მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველი ერი, ვაფასებ ყველაფერს, რაც თქვენს ქვეყანას უკრაინისთვის გაუკეთებია, მადლიერი ვარ ამისთვის და ნამდვილად არ მინდა ერთი პირის გამო მუდმივად ელჩების გაწვევა-გამოწვევას ვუყურებდე, რასაც მუდმივად ახლავს დიპლომატიური უხერხულობა და თუ ეს არ დასრულდა, უარესი შედეგიც შეიძლება მივიღოთ.

წაიკითეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად