რას პასუხობს ანა დოლიძე არასამათავრობო ორგანიზაციებს - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ანა დოლიძე არასამათავრობო ორგანიზაციებს

ჩემი შრომა, ჩემი ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, ვიდრე არ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც მოუწოდებენ დოლიძეს, თუ ის მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.

მისივე თქმით, როგორც კი გადაწყვეტს პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავადვე გააგებინებს.

"ძალიან მიხარია, რომ ამ განცხადებაში ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩემი საქმიანობა იუსტიციის საბჭოში. განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის ხმა, რომელიც მე მქონდა იუსტიციის საბჭოში და რომელიც ემსახურებოდა სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლას ამ ქვეყანაში. გასაგებია, რომ არის დიდი ინტერესი ჩემს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. როგორც მე რამდენიმე კვირაა ვაცხადებ, სანამ მე ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და ვახორციელებ საზოგადოებრივ საქმიანობას, როგორც კი გადავწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას შევუდგე, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას თავადვე გავაგებინებ და კანონის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოსთან მიმართებით. ჩემი შრომა, ჩემი ხმა ამ საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია ეს ორგანიზაცებიც რომ მიუთითებენ, ვაპირებ გავაგრძელო ეს მისია, სანამ არ მივიღებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს მოუწოდებს, თუ ის მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, თანამდებობა დატოვოს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ დოლიძის მხრიდან აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ინტერპრესნიუსი"