"მე რომ პრემიერის ადგილზე ვიყო, გამოვყრიდი ყველა მინისტრს... რა უნდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფისში? უნდა მიდიოდეს სოფელში" - კვირის პალიტრა

"მე რომ პრემიერის ადგილზე ვიყო, გამოვყრიდი ყველა მინისტრს... რა უნდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფისში? უნდა მიდიოდეს სოფელში"

მე რომ პრემიერის ადგილზე ვიყო, გამოვყრიდი ყველა მინისტრს, ყველა დეპარტამენტის უფროსს, რა უნდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფისში? უნდა მიდიოდეს სოფელში და მას ავითარებდეს, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს, როცა ცალკეულ სექტორს შეღავათებსა და სესხების სუბსიდირებას ჰპირდება.

"როცა ქვეყანაში კონკურენცია არ არის, მაშინ არც ერთი სექტორი წინ არ მიდის და ამ დროს რას ამბობს გახარია? დავაფინანსება "არქი ჯგუფს", "მ2"-სო, რომ კიდევ გაყიდონ ქონება. ეს რომ პატარ-პატარა მშენებლებს არ შეეხებათ, უკვე ყველამ იცის. ახლა ვინ იყიდის ახალ ბინას? იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ ადამიანმა ახალი ბინა შეიძინოს. ესეც უნდა გვესმოდეს. უფრო მეტიც, გამოვიდნენ და ტურისტულ სესხებზე სუბსიდირება იქნებაო. ბანკებმა რა ქნეს? ყველა ფილიალს გაუგზავნეს, რომ ტურიზმთან დაკავშირებით არავითარი სესხი არ გასცეთო. ჯერ ის ტურისტული პოტენციალი უნდა დავიბრუნოთ, რისი ინფრასტრუქტურა გვაქვს, ამას დიდი მუშაობა სჭირდება. ახლა სასტუმროს მშენებლობისთვის ვინმე სესხს გამოიტანს? ხომ გვატყუებენ, ეს ხომ ტყუილია, როცა გახარია გამოდის და ამბობს, სასტუმროს მშენებლობას ვინც დაიწყებს, სესხს დავუსუბსიდირებ 30%-ითო, სისულელეა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, "ტრაქტორების მომსახურების ცენტრი ყველგან გაჩერებულია".

"ეს კატასტროფაა. მარნეულში ვიყავი ჩასული და დაყრილი იყო ტექნიკა, გურჯაანში ვიყავი ჩასული და ტრაქტორების ტექნიკა ეყარა. მერე ვამბობთ, რომ ხვნა-თესვა ვერ ჩავატარეთ და ასე შემდეგ. 207 ათასი ჰექტარი მიწა არის დახნულ-დათესილი, მაშინ, როდესაც 800 ათასი ჰექტარის პოტენციალი გვაქვს. მერე ვამბობთ, რომ პროდუქტის პრობლემა გვაქვს. მე რომ ახლა პრემიერის ადგილზე ვიყო, გამოვყრიდი ყველა მინისტრს, ყველა დეპარტამენტის უფროსს, რა უნდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფისში? უნდა მიდიოდეს სოფელში და მას ავითარებდეს", - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო