შავგულიძე - ისევ მთაწმინდაზე, ნათელაშვილი - ნაძალადევში? - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია? - კვირის პალიტრა

შავგულიძე - ისევ მთაწმინდაზე, ნათელაშვილი - ნაძალადევში? - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია?

ჯერ კიდევ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახალი საარჩევნო პირობებით მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო პროცესების წარმართვა. მაგრამ ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" შიგნით თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ნაწილობრივ უკვე მოახერხეს.

გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში ერთიანი კანდიდატების დასახელებას ხვალ ან ზეგ აპირებს. "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით, მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი თავად იქნება. როგორც "kvirispalitra.ge"-სთვის გახდა ცნობილი ვაშაძე კენჭს ისნის რაიონში იყრის.

რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, "ევროპული საქართველოც" 8 ოლქიდან მხოლოდ 2 ოლქში წამოაყენებს საკუთარ კანდიდატებს. როგორც ამბობენ, მთაწმინდაზე ისევ შალვა შავგულიძე იბრძოლებს, ვაკეში კი - ელენე ხოშტარია. რაც შეეხება "ნაძალადევის რაიონს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ნახალოვკელების" გულის მოგებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეცდება. რაც შეეხება გლდანს და სამგორს, როგორც ცნობილია, წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ამ ოლქებში საკუთარ კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობა" წარადგენს.

"ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, "ქართული ოცნება" ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება. "ლეიბორისტული" ფორმატიდან დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები", - განაცხადა ვაშაძემ.