"მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას”, - ნათქვამია კომენტარში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"