"ყველა შეეცდება ამ საკითხის ვიწრო, კორპორატიული ინტერესებიდან გამოყენებას" - რა განაცხადა გახარიამ ე.წ. გაბუნიას საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ყველა შეეცდება ამ საკითხის ვიწრო, კორპორატიული ინტერესებიდან გამოყენებას" - რა განაცხადა გახარიამ ე.წ. გაბუნიას საქმეზე?

12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, როგორც თავდაპირველად ითქვა, ეროვნებით, ჩეჩენი.

15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამ საკითხზე ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი იყო.

ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა…"

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა:

"სამწუხაროდ ის გამოდის, რომ ამ საკითხზე საკმაოდ ბევრ მარჩიელობას აქვს ადგილი. ფაქტი, რაც გვაქვს ის არის, რომ აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე დანაშაული. ჩვენ მთავრობის, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით კი ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი ამგვარი დანაშაული მაქსიმალურად სწრაფ დროში იქნეს გამოძიებული და მაქსიმალურად გამჭვირვალედ ეცნობოს გამოძიების შედეგები ჩვენს მოსახლეობას.  ეს არის უდიდესი  მნიშვნელობის საკითხია. ჩვენთან ამგვარ მძიმე კი არა, გაცილებით მსუბუქ შემთხვევებსაც კი მოჰყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაცები და პოლიტიკური შლეიფი.

გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს. ყველა შეეცდება ამ საკითხის თავისი ვიწრო, კორპორატიული ინტერესებიდან გამოყენებას. უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თითოეული ჩვენი სიტყვა, ქმედება, შეფასება, შესაძლებელია დამაზიანებლი იყოს გამოძიებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმისა, რა მოხდა და რა აღკვეთეს ჩვენმა სამართალდამცავებამა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფად და სრულფასოვნად გამოიძიონ რა მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება გავაკეთოთ სხვა სახის შეფასებები. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დასდევს, უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ გამოძიებას".

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის