"ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმითა აღება არ დაეშვა" - რას აცხადებს 20 ივნისის საქმეზე გახარია? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმითა აღება არ დაეშვა" - რას აცხადებს 20 ივნისის საქმეზე გახარია?

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისისთვის თბილისის ჩაკეტვის აუცილებლობა ამ წუთისთვის არ არსებობს.

"ამას წინათ, სადღაც ვკითხულობდი, რომ არსებობს რისკი და აქტიურად განიხილება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში საკითხი, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება თბილისი ჩაიკეტოს, ეს სასაცილოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეპიდემია სწორად  და ეფექტურად ვმართოთ და არანაირი მონაცემები არ გვაქვს ამისთვის, 20 ივნისისთვის თბილისის ჩაკეტვის აუცილებლობა ამ წუთისთვის არ არსებობს. ასე რომ ჩვენი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება"

პრემიერმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცედურებზე დასმულ კითხვსაც უპასუხა:

"პირველ რიგში საგამოძიებო პროცედურები 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დასრულებულია და დღეს ყველაფერი სასამართლო ეტაპზეა,  როგორც ვიცი, პარლამენტზე შტურმის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99 პროცენტმა დანაშაული აღიარა და იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, ის, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობდნენ, ეს ჩვენი პოლიტიკური სისუსტის მანიშნებელია, მეტი არაფრის, მერწმუნეთ, რომ ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, ჩვენ გარადმავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია გვაქვს და  ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობთ,  ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმითა აღება არ დაეშვა. ამ პასუხისმგებლობის განხორცილების დროს გარკვეული სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის, ეს ჩემთვის, როგორც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო... თუ ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ გაკვეთილს, ჩვენი მომავალი თაობების პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ განმეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მერწმუნეთ, მე როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ამით დავკმაყოფილდები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.