"არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ..." - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი კადიროვის განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ..." - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი კადიროვის განცხადებაზე?

კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებთ რამზან კადიროვის განცხადებებზე შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

"პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. ,,გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას", - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში".

"ინტერპრესნიუსი"