"ყველაფრის "მძიმე ხელით" გადაჭრა და განსჯა არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"ყველაფრის "მძიმე ხელით" გადაჭრა და განსჯა არ შეიძლება"

"ნაფიც მსაჯულთა სისტემა ჩვენთან მრავალი წელია, წარმატებით მუშაობს და იმედია, საქართველოშიც გაამართლებს"

"მე მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდა მისცე შანსი"

გასულ კვირას საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური პროკურორი კარტერ სტიუარტი ესტუმრა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით ფედერალურ, ანუ შტატის მთავარ პროკურორს ამერიკის პრეზიდენტი ნიშნავს და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიებით დაწყებული - პოლიციისა თუ სხვა სამართალდაცვითი უწყებების კოორდინირებული მუშაობით დასრულებული.

- ვიცი, რომ საქართველოში პირველად ხართ. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

- აღტაცებული ვარ სტუმართმოყვარეობით და სამზარეულოთი. სიმართლე გითხრათ, სუფრაზე ერთდროულად ამდენნაირი კერძი არსად მინახავს. ჩემთვის აქ ჩამოსვლა იმის გამოც იყო   განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ჩემი მშობლიური მხარე ჯორჯიის შტატია და ყოველთვის მაინტერესებდა ასეთივე სახელის ქვეყნის ნახვა.

- საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო წყობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. რას ნიშნავს, იყო მთავარი პროკურორი ამერიკის შეერთებულ შტატებში? რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ ეს თანამდებობა საზოგადოების წინაშე?

- ჩემი თანამდებობა ნიშნავს, რომ ჩემს შტატში ვარ მთავარი ძალოვანი მოხელე. ჩვენ წარმოვადგენთ ფედერალურ ხელისუფლებას სამოქალაქო საქმეებშიც, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ოთხმოცი პროცენტი ჩემი სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა ფედერალური ხელისუფლების და ზოგადად, საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებაზე მოდის. მე მექვემდებარება სამოცი პროკურორი და ორმოცდაათი სხვა თანამშრომელი, რომლებიც კოლუმბიაში, დეიტონსა და ცინცინატში არიან განაწილებული. უშუალოდ ჩემი ოფისის მოვალეობაა, გამოიძიოს და სისხლისსამართლებრივი დევნა დააწესოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა წინააღმდეგ. მაგალითად, ნარკოდანაშაულებს შტატის დონეზეც იძიებენ, მაგრამ ჩვენ მაშინ ვერევით, როდესაც განსაკუთრებით დიდ ოდენობაზეა საუბარი. იგივე შეიძლება ითქვას ორგანიზებულ დანაშაულზე, თაღლითობაზე, ტრეფიკინგზე. ამ მიმართულებით გამოძიებას შტატის პოლიცია ატარებს, მაგრამ თუ საქმის მასშტაბი გარკვეულ ნიშნულს გასცდება, საქმეში ჩემი ოფისი ერთვება.  საქმე არცთუ ცოტაა - მასშტაბების წარმოსადგენად ისიც კმარა, რომ არეალი, რომელიც ჩემი ოფისის დაქვემდებარებაში შედის, დაახლოებით საქართველოსხელაა - იქ ოთხმილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს.

- ცნობილია, რომ ქართულ მხარეს სისხლის სამართლის კოდექსის სრულყოფაში ეხმარებით. როგორ ფიქრობთ, დანაშაულის პრევენციისთვის სასჯელის უკიდურესი გამკაცრება მართებული მეთოდია? ჩვენთან ამას ერთ დროს "ნულოვან ტოლერანტობასაც" უწოდებდნენ...

- სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი მალე ამერიკაშიც გვესტუმრება. ჩვენი თანამშრომლობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტსაც ეხება. ეს სისტემა ჩვენთან უკვე მრავალი წელია, წარმატებით მუშაობს და იმედი მაქვს, საქართველოშიც გაამართლებს. ცხადია, ჩვენ მათ არ ვეტყვით, რა და როგორ უნდა შეიცვალოს ქართულ კოდექსში; უბრალოდ, ყველანაირად შევუწყობთ ხელს, გაეცნონ ამერიკულ გამოცდილებას, შეხვდნენ სისტემის ოპონენტებსაც და მათი არგუმენტები მოისმინონ. ვფიქრობ, ყველაფრის ანალიზის შემდეგ ქართველი იურისტები სწორ დასკვნებს გამოიტანენ. რაც შეეხება ზედმეტად მკაცრ ადმინისტრირებას, შესაძლოა, მკაცრმა კანონმდებლობამ ზოგჯერ კონკრეტული მიმართულების დანაშაული შეაჩეროს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანებს ყოველთვის უნდა მისცე შანსი, ყველაფრის "მძიმე ხელით" გადაჭრა და განსჯა არ შეიძლება.

- ქართული სასამართლოს მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება მართლაც აქტუალურია, მაგრამ ამ რეფორმას საქართველოში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - ისინი მიიჩნევენ, რომ არაპროფესიონალთა ვერდიქტი ძირითადად ემოციას დაეფუძნება...

- ამერიკაში ნაფიც მსაჯულებს საქმის განხილვამდე დეტალებს პროფესიონალი მოსამართლე აცნობს. ის ჟიურის წევრებს აფრთხილებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ფაქტებს უნდა დაეყრდნონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკაშიც  არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილება ემოციური იყოს. გარდა ამისა, არსებობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპები, სადაც ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებენ. ორივე მხარე - პროკურორიც და ადვოკატიც, მსაჯულებს წარუდგენს იმ ნიუანსებს, რომელთა განხილვაც სასამართლოზე მოუწევთ. მათ ეკითხებიან, შეუძლიათ თუ არა ასეთი საქმის განხილვისას იყვნენ ობიექტური და მიუკერძოებელი. როგორც წესი, როდესაც  ადამიანები ხვდებიან, რომ სხვა ადამიანის ბედის გადაწყვეტა მოუხდებათ, ასეთ კითხვაზე მართალ პასუხს სცემენ და თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან, აცილებას მიმართავენ, მაგრამ ნაფიც მსაჯულად წასვლის შემთხვევაში ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებენ. ასე მუშაობს ეს სისტემა ამერიკაში და იმედი მაქვს, საქართველოშიც ასევე იმუშავებს.