"კატეგორიულად მოვითხოვ, გასცეს ბიძინა ივანიშვილმა პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელზეც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს" - კვირის პალიტრა

"კატეგორიულად მოვითხოვ, გასცეს ბიძინა ივანიშვილმა პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელზეც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს"

კატეგორიულად მოვითხოვ, გასცეს ბიძინა ივანიშვილმა პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელ ბრალდებებზეც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქვეყანაში ოპოზიციას არასტაბილურობის განცდა აწყობს".

ბურჯანაძის განცხადებით, ივანიშვილს მოუწევს აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით განმარტების გაკეთება.

"დღემდე კიდევ ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკაში სიბრიყვეს, თავხედობას და უვიცობას აქვს საზღვარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" უვიცობას და სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს და ყოველდღე შეიძლება ახალ-ახალ სიურპიზებს ველოდოთ. აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო კომენტარები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სპიკერის მხრიდან საღამოს გადაცემაში, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეხმარება შალვა ნათელაშვილის ოფისში მყოფ ოპოზიციას, რომ თურმე რუსეთის ხელისუფლება შეეკრა სააკაშვილს, "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "ერთიანი საქართველოს", სხვებს და ჩვენთან ერთად გეგმავს ქვეყანაში არასტაბილურობას. მათ შორის გაბუნიას მკვლელობის მცდელობას იმისათვის, რომ პროდასავლურ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას. ძალიან დიდი ფანტაზია უნდა მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ახლა ბატონო ბიძინა, გამობრძანდით და გააკეთეთ კომენტარები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გააკეთეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ყველა დასავლურ ფასეულობას არღვევთ, თურმე გებრძვით რუსეთის ხელისუფლება იმით, რომ გიგეგმავთ საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტის მკვლელობას. გასაგებია, რომ თქვენ გინდათ ამერიკის კონგრესმენების და სენატორების წერილი გადაფაროთ, მაგრამ მსგავს საინტერესო ინტერპრეტაციას ალბათ ვერც ერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი ან პიარ ანალიტიკოსი ვერ შემოგვთავაზებდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში.

"მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და იმ ძალიან სახიფათო მოვლენების განვითარებაზე, რომელსაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყანაში ადგილი ექნება. თავის გამოდება და მოწონება იმით, რომ თურმე სუს-მა ქვეყანაში ოთხი თვის ცხოვრების შემდეგ და უკრაინელი მეგობრების კარნახით, კონკრეტული პირი აიყვანა, არ გამოგადგებათ. ბატონო კობახიძევ და სხვებო, რომლებიც იურისტები ხართ და პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, ჯერ გამოძიებას არ გაუკეთებია არც ერთი ოფიციალური კომენტარი, რა უფლებით აკეთებთ წინასწარ განცხადებებს, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით? რა უფლებით დებთ ბრალს ოპოზიციას რაიმე ტიპის კავშირში აღნიშნულ ქმედებებთან? გასაგებია, იმდენად შოკში ხართ იმ მოსალოდნელი შედეგებით, რომლებიც ნამდვილად გელოდებათ ამ არჩევნების შემდეგ, რომ უკვე ძალიან დაბნეულები ხართ და აღარ იცით ვის რა დააბრალოთ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა ოპოზიციას აწყობს.

"პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია", - განაცხადა კობახიძემ.