"ნაზი ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობა მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და მეთოფიშვილის "კლანის" კამპანიას" - კვირის პალიტრა

"ნაზი ჯანეზაშვილის ჰიპერაქტიურობა მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და მეთოფიშვილის "კლანის" კამპანიას"

ჩემთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, სერგო მეთოფიშვილის "კლანის" კამპანიას, რომლის მიზანია დააზიანოს ჩემი იმიჯი, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს.

ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოში მისი წევრობის პირველივე დღიდან აკეთებდა, მათ შორის, ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად, უმწვავეს განცხადებებს, მასთან ერთად დადიოდა მიტინგებზე, მასთან ერთად მისულა პოლიტიკოსებთან და თუ ეს არის პოლიტიკური საქმიანობა, ანა დოლიძის თქმით, მაშინ ალბათ, ჯანეზაშვილსაც ექმნება პრობლემა.

"2 წლის წინ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან, გიორგი მიქაუტაძემ გამოაცხადა, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ადგილი იუსტიციის საბჭოში არ არის. მე, ზედმიწევნით ვასრულებდი და ვასრულებ კანონს. ძალიან ვწუხვარ, თუ ნაზი ჯანეზაშვილი იქნება გიორგი მიქუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილი, სერგო მეთოფიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეში. დღეს ვხედავთ, რომ მე გავააქტიურე საქმიანობა, თუმცა სამართლებრივად არაფერი შეცვლილა. სამართლებრივი პერსპექტივიდან პირველივე დღიდან, როცა საბჭოში ვიყავი და ვაკეთებდი უმკაცრეს განცხადებებს, პარლამენტში ნაზისთან ერთად დავდიოდი პოლიტიკოსებთან, დავდიოდი დემონსტრაციებზე ნაზისთან ერთად. ვაკეთებდი იმას, რასაც ითხოვს კანონი. ამ ქვეყანაში ვიყავი კანონის უზენაესობისა და სიმართლის სადარაჯოზე. ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან, კონკრეტულად დღეს ჩემთან დაკავშირებით ჰიპერაქტიურობა, სამწუხაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, სერგო მეთოფიშვილის "კლანის" კამპანიას, რომლის მიზანია დააზიანოს ჩემი იმიჯი", - განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, თუ საუბარია სამართალსა და კანონის უზენაესობაზე, ერთი რამ ცხადია, "ერთი ადამიანის ხუშტურით, ერთი ადამიანის განმარტებით, რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ".

"იგივე საკითხზე მეკამათებოდა 2017 წელს ირაკლი კობახიძე, პარლამენტში და ეს პარალელი ძალიან მაფიქრებს და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. თუ საუბარია სამართლებრივ საკითხზე, მე ველოდები გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს ჩემ წინააღმდეგ, რადგან სამართლებრივ დავას თავისი განმსჯელი ჰყავს. განსაჯოს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლომ და ველი ამ შენაერთის: მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მურუსიძის და ჯანეზაშვილის ერთობლივ სარჩელს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს და საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კანონს არღვევს. "ანა დოლიძემ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა მეც და არასამთავრობო სექტორიც იმიტომ, რომ როდესაც მხარს გიჭერენ, როდესაც შენს გვერდით დგანან და იბრძვიან, შენ უნდა იყო სუფთა და კანონს უნდა იცავდე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი".