მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რას გვასწავლის ეგვიპტესა და ტუნისში განვითარებული მოვლენები? ალბათ, უპირველესად იმას, რომ ასეთი რაღაცები უსისხლოდ იშვიათად მთავრდება და რომ ჩვენი 2003 წლის რევოლუცია ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო. ალბათ, ერთადერთი, რისთვისაც შეიძლება საქართველომ მადლობა უთხრას შევარდნაძეს, ის არის, რომ უსისხლოდ წავიდა.

ზოგი ამბობს, მაგის საშუალება არ ჰქონდა, თორემ დაღვრიდაო. შეიძლება, მაგრამ ტუნისსა და განსაკუთრებით კი ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების შემდგომ, მოდი, ერთი დამსახურება მაინც დავუტოვოთ ამ კაცს.

გვასწავლის იმასაც, რომ პოლიტიკოსი ფასდება არა ხელისუფლებაში მოსვლით, არამედ წასვლით (ე, რა მაგარი აფორიზმი გამოვიდა!);

რომ გინდ 30 წელი იყავი სტრატეგიული მოკავშირე, გინდ - 60, ამერიკა საფლავში ნამდვილად არ ჩაგყვება;

რომ ადამიანების სიცოცხლე ძალიან ძვირი ღირს, რომელსაც ხშირად თავისუფლების სახელით გაურკვეველ მომავალში ვიხდით (მგონი, ამასაც არა უშავს);

რომ რევოლუცია მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ხალხი მზად არის თავგანწირვისთვის. შეიძლება თავგანწირვა საჭირო არც გახდეს, მაგრამ მზად უნდა იყო.

რომ რევოლუციის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თავისუფლების წყურვილსა და სოციალურ პრობლემებთან ერთად, არის ერთი და იმავე მმართველის მობეზრება, ყელში ამოსვლა. თუ ეს სამი კომპონენტი ერთდროულად არ არსებობს, რევოლუცია არ ხდება.

და მთავარი გაკვეთილი მიშასთვის: მხოლოდ ტურიზმის განვითარება სოციალური პრობლემების მოგვარების საშუალება არ არის.

გავიგეთ ასევე, რომ ქართველი ხალხის ნაწილს ზამთარში ზღვაზე დასვენება და შარმ-ელ შეიხში მზისთვის ერთი ადგილის მიშვერა სიცოცხლეზე მეტად უღირს.

სხვის საქმეში ჩაურევლობა ზოგჯერ დანაშაულია

ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ტელეკომპანია "იმედს" რამეში დავეთანხმებოდი და უფრო მეტიც, მოვიწონებდი. ამ კვირას სოფელ მისაქციელში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მოგახსენებთ. ყველას გეცოდინებათ, რომ დედამ ხუთი წლის ბავშვი ცემით მოკლა. ამ თავისთავად საზარელ ამბავში კიდევ უფრო საზარელი მეზობლებისა და სოფლის მცხოვრებთა გულგრილობაა. ტელეკომპანია "იმედმა" ამ ამბის გაშუქებისას აქცენტი სწორედ ამ საკითხზე გააკეთა და პრობლემას ორი სიუჟეტიც მიუძღვნა. მეზობლები ჰყვებოდნენ, რომ თურმე პატარა შაკოს ხშირად ხედავდნენ ნაცემს, იცოდნენ, რომ დედა სცემდა, მაგრამ... რაღა მაგრამ, როგორც საქართველოში ხშირად ხდება, სხვის საქმეში არ ჩაერივნენ, მით უმეტეს - ოჯახის საქმეში. არ ჩაერივნენ და ხუთი წლის ბავშვი დაიღუპა.

თქვენ ფიქრობთ, ამ ამბავში მთავარი დამნაშავე დედაა? როგორ გეკადრებათ. მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მეზობლებს ეკისრება, რომლებიც ხედავდნენ, როგორ სცემდა ხუთი წლის ბავშვს დედა ყოველდღე სასტიკად და ერთხელაც არ მოუვიდათ აზრად, პატრულში დაერეკათ, ან სხვა გადამჭრელი ზომები მიეღოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლაპარაკია ხუთი წლის ბავშვზე. მეზობლები აღიარებენ, რომ იცოდნენ, ბავშვი დედის შიშით იტყუებოდა, იცოდნენ, სინამდვილეში რაც ხდებოდა, მაგრამ მაინც არაფერი გააკეთეს. პოლიციაში ხომ არ ჩაუშვებდნენ მეზობელს? ეს ხომ არაქართული საქციელი იქნებოდა!

"იმედის" სიუჟეტში მხოლოდ ერთმა ქალმა აღიარა: კი ვნანობთ, რომ არ დავრეკეთო, მაგრამ, აბა, რა ვიცოდით, ყველაფერი ასე ტრაგიკულად თუ დასრულდებოდაო. განა ეს თავის სამართლებელი საბუთია? რომც არ დასრულებულიყო ტრაგიკულად, ხუთი წლის ბავშვის ყოველდღე ჩალურჯებული თვალები საკმარისი მიზეზი არ არის პატრულში დასარეკად?! საქართველოში ხშირად გაიგონებ, როგორ დასცინიან უცხოელებს, საზღვარგარეთ დედა ბავშვს ერთს თუ წამოარტყამს, მეზობელი პოლიციაში უჩივლებსო. როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ ყოფილა სასაცილო. ერთ წამორტყმაზე შეიძლება არა, მაგრამ როდესაც ხედავ, ბავშვი ყოველდღიური ძალადობის მსხვერპლია, ეს უკვე მხოლოდ ოჯახის შიდა საქმე აღარაა. ის შენი საქმეცაა. უკვე შენც გეხება. ვიდრე ამას არ გავიგებთ, არაფერი გვეშველება. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა ერთმანეთის და არა მარტო ოჯახის წევრების წინაშე. Mამიტომ ამ დროს სხვის საქმეში ჩარევა მხოლოდ სასურველი კი არა, შენი ვალდებულებაა - ადამიანად ყოფნის ვალდებულება.