"თუ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები პრემიერს არ ახსოვს, ნამდვილად ამნეზიის პრობლემა აქვს და გარკვეულ ჩარევას მოითხოვს" - კვირის პალიტრა

"თუ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები პრემიერს არ ახსოვს, ნამდვილად ამნეზიის პრობლემა აქვს და გარკვეულ ჩარევას მოითხოვს"

ვინ ჩაიდინა დანაშაული 20 ივნისის ღამეს, ვერ გავიგებთ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, რადგან პოლიტიზებული პროკურატურის, სასამართლოს პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ , - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 2019 წლის 20 ივნისის გარკვეული მოვლენები არ ახსოვს, პრემირის "ამნეზიაა".

ბადრი ჯაფარიძის თქმით, 20 ივნისი არის დღე, რომელიც ყველა ქართველს ემახსოვრება.

"თუ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები პრემიერ-მინისტრს არ ახსოვს, მას ნამდვილად ამნეზიის პრობლემა აქვს და გარკვეულ ჩარევას მოითხოვს. ისიც გასარკვევია, გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამოძიება სრულფასოვნად იქნება ჩატარებული? - "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, პოლიტიზებული პროკურატურის სასამართლო პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ.

"ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი პოლიტიზებული პროკურატურის პირობებში არ გვაქვს. თუმცა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ აუცილებლად დასრულდება ობიექტურად ამ ფაქტების გამოძიება. დადგინდება, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვინ იდგა ამ ქმედების უკან",-განმარტა ბადრი ჯაფარიძემ. მისივე თქმით, "გავრილოვის ღამეს" ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა დემოკრატიისკენ მიმავალი გზაა.

"ოკუპაციისადმი ახალგაზრდების შეუგუებლობა, რომელიც საპროტესტო აქციით გამოხატეს, არის დიდი იმედის მომცემი, რომ ეს ქვეყანა განვითარდება დემოკრატიის გზით და მოახერხებს დეოკუპაციას, რასაც ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"