"უსიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შენ თვალწინ სახეს კარგავენ" - რას პასუხობს ჩუგოშვილი ჯანეზაშვილის ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"უსიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შენ თვალწინ სახეს კარგავენ" - რას პასუხობს ჩუგოშვილი ჯანეზაშვილის ბრალდებას?

"არ მახსენდება, რომ სატელეფონო საუბარი, საერთოდ მქონოდა ნაზი ჯანეზაშვილთან. ერთადერთი რაზეც ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით ეს იყო მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გადიოდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას თამარ ჩუგოშვილი ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილის ეს "განცხადება გაუკვირდა და გაოგნებული უსმენდა მის ეთერს".

ჩუგოშვილის თქმით, მან პირადად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყოფილიყო.

"ერთადერთი მიზეზი მქონდა, რის გამოც მას მხარს ვუჭერდი, ანუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ვთვლიდი, რომ არ მოექცეოდა პოლიტიკური გავლენების ქვეშ და მთავარი არგუმენტი, რაც მის მხარდამჭერად მაქცევდა იყო ის, რომ მინოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰყოლოდა დამოუკიდებელი წევრი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა პოლიტიკურ გავლენებს. ახლა, რომ ვუსმინე, განცდა გამიჩნდა, რომ თავის დროზე მის შეფასებაში შევცდი. გეტყით იმას, რომ მე და მას ძალიან იშვიათად გვქონდა ურთიერთობა. ზუსტად, იმიტომ, რომ ის იყო დამოუკიდებელი ორგანოს წარმომადგენელი, მე პოლიტიკოსი და ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. თვითონ უფრო ცდილობდა აქტიურ კომუნიკაციას. მან ძალიან კარგად იცის ეს საუბრები რაზე იყო. ის შეეხებოდა მხოლოდ იმას, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი სასამართლოს უფრო მეტად დამოუკიდებლობა მან ძალიან კარგად იცის მე, რა მადარდებდა სასამართლოსთან დაკავშირებით, ძალიან კარგად იცის, რა მაწუხებდა და რა მცდელობები მქონდა. ამიტომ ძალიან გამიკვირდა მისი გამოსვლა", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ არ უნდოდა ნაზი ჯანეზაშვილი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფილიყო და ამაზე რა მინიშნებას აკეთებს, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ სხვებისგან განსხვავებით ადამიანებს ასე არაფერს დააბრალებს.

"თუმცა ძალიან უსიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შენ თვალწინ სახეს კარგავენ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არც პირველი და არც უკანასკნელია. მე ასეთი ეჭვები გამიჩნდა, რადგან ამას სხვა ახსნა არ აქვს იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ რა დამოკიდებულება მაქვს სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართ, ძალიან კარგად იცის, რატომ, რა არგუმენტით ვიყავი მისი მხარდამჭერი და იცის, რა მინდა ქართული მართლმსაჯულებისგან. ერთადერთი, რაც მინდა, ეს არის ის, რომ იყოს დამოუკიდებელი", - განაცხადა ჩუგოშვილმა

ჩუგოშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი კონკრეტულად მასზე.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან საინტერესოა, როდესაც საქართველოში და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მე, ადამიანს მიპოვი, რომელსაც კითხვები უნდა დაუსვა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მე არ მახსენდება, რომ სატელეფონო საუბარი, საერთოდ მქონოდა ნაზი ჯანეზაშვილთან. თუ რაღაცას ვერ ვიხსენებ და ვცდები, ეს არ ვიცი, მაგრამ სატელეფონო საუბარი საერთოდ არ მახსენდება. ერთმანეთს რამდენიმე შეხვედრაზე შევხვდით, სადაც ესწრებოდნენ სხვა ადამიანებიც. თუ არ მეშლება ეს იყო მე-4 ტალღის განხილვა. სხვა სატელეფონი ზარს, რომელიც მასთან მქონდეს გაკეთებული, ვერ ვიხსენებ. ერთადერთი რაზეც ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით ეს იყო მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გადიოდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. მე მქონდა პოზიცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები ჩვენ უნდა აგვერჩია მაღალი ქვორუმით და ამას ვამბობდი მაშინ, როცა მე უმრავლესობის წევრი ვიყავი. ამან ეს ქალბატონი მაშინ ძალიან დააფრთხო და ძალიან აგრესიული გამოხმაურებები ჰქონდა, ამის წინააღმდეგი იყო. სხვა რამ არ მახსენდება, რის გამოც შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გვქონოდა, იმიტომ, რომ, როგორც წესი, როდესაც ვსაუბრობდით ორივე ვთანხმდებოდით იმაზე, რომ სასამართლოს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და სერიოზული რეფორმები იყო საჭირო", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, რომ თამარ ჩუგოშვილისგან მასთან ბევრჯერ იყო ზარი და ჩუგოშვილი მისგან გაჩუმებას ითხოვდა.

იხილეთ ასევე: "პირველად ვამბობ და აუცილებელია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს...თამარ ჩუგოშვილი გაჩუმებას მოითხოვდა" - რას აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი?