"ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა"

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა მზადდებოდა, დაახლოებით 2 თვით ადრე შეიტყო. ამასთანავე გვარამიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას მარშრუტების შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ჩემი წყაროს ინფორმაციით ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ეს ინფორმაცია მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მას ამ ინფორმაციის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება რომ სდომოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა, თუმცა როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების დამადანაშაულებელი არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.

"მარტივად შემოგთავაზებთ ლოგიკას - ბოკოვთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა“ ორი დღით ადრე გააკეთა სიუჟეტი, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდიოდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის ინფორმაცია ბოკოვთან დაკავშირებით და ჩვენ არც ვიცოდით გაბუნიას ვინ უთვალთვალებდა ან ვისი მოქალაქე. ჩვენ რაც ვიცოდით გეტყვით, რომ რუსეთის ტერიტორიიდან, კადიროვი ფიგურირებდა და ჩეჩნეთი, წამოვიდა შეკვეთა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენთან დაკავშირებით. ეს ჩეჩენი უკრაინის მოქალაქეა, რუსეთის თუ საქართველოსი არ ვიცი, ეს არ დაზუსტებულა. ამის შემდეგ საქმე, საიდანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში თუ სისხლის სამართლის საქმის გადმოგზავნის რეჟიმში, ესეც არ ვიცი, მიიღო საქართველოს უშიშროებამ და შესწავლა დაიწყო. შესწავლა რომ დაიწყო, აქედან ვიცით ჩვენ ეს. თავიდანვე გვითხრეს, რომ სერიოზულად არ იქნა ეს აღქმული და ჩათვალეს პროვოკაციად უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსების, რამდენიმე დღის შემდეგ ვიღებთ მეორე ინფორმაციას, რომ, როგორც ჩანს, დასტურდება რაღაც დეტალები და დაიწყო ფართომასშტაბიანი შესწავლა ამ ყველაფრის, ამას სუს-ი გვაძლევს. ჩვენ შევამჩნიეთ თვალთვალი და ეს პირველი შემთხვევაა, როცა სუს-ის თვალთვალი გაგვიხარდა,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე: "გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა?