"ჩვენი საუბარიც შეიძლება ისე გადააკეთონ, თითქოს ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობას ვგეგმავთ" - რას ამბობენ "ნაცმოძრაობაში" გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი საუბარიც შეიძლება ისე გადააკეთონ, თითქოს ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობას ვგეგმავთ" - რას ამბობენ "ნაცმოძრაობაში" გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე?

"ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა - ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც "ოცნება" სათავისოდ იყენებს" , - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. გოცირიძე ამას ფაბრიკაციას უწოდებს და ამაში რუსეთს და "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, უკრაინული გამოცემა Obozervatel-მა ფარულ სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში ე.წ. გიორგი გაბუნიას საქმეზეა ლაპარაკი. შინაარსის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნიკა გვარმიამ დროზე ადრე გაამხილა გარკვეული ინფორმაცია. ასევე ისმის ფრაზა: "გაბუნია რაღაც არასტბილური ტიპია, თან მშიშარაა...

რომან გოცირიძე ამ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს, თუმცა არ აკონკრეტებს ამ ბოლო დროს შედგა თუ არა ზოგადად მიხეილ სააკაშილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარი.

"დარწმუნებული ვარ, ეს ტერაქტი რომ მომხდარიყო, მეორე დღესვე გამოჩნდებოდა უამრავი მსგავსი ჩანაწერი, ოღონდ დაახლოებით ასეთი შინაარსის - რა კარგია, რომ მოვკალითო და ა.შ და ეს დაბრალდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხელ სააკაშვილს. ივანიშვილზე მიწებებული ექსპერტები ახლაც კი ეშმაკურად ამბობენ, რომ რადგან უკრაინიდან შემოვიდა, ამის უკან "ნაციონალები" ხომ არ დგანან? და ეს ვაიექსპერტები "იმედის" ეთერშიც არა ერთხელ გვინახავს. სუს-მა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა  იგეგმებოდა.

თავის დროზე რუსეთმა "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო საჩუქრად ციხის კადრები მიართვა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების შედეგბზე. ეს ტერაქტიც, რომ გასვლოდათ, მეორე დღესვე ამის მსგავს, უამარავ დამონტაჟებულ მასალას  გამოაქვეყნებდნენ და ისე წარმოაჩენდნე, თითქოს ეს "ნაციონალებმა" ჩაიდინა.

ასეთ არარაობებთან და სახელმწიფოს მტრებთან გვაქვს საქმე. და ეს სამთავრობო მედიამაც აიტაცა.

ფაქტია, რომ რუსეთის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების დახმარება დესტაბილიზაციი გზით, ისევე, როგორც ოპოზიციის აბრალებდნენ არჩევნების წინ გივი თარგამაძის აფეთქებას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა - ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც  "ოცნება" სათავისოდ იყენებს. ვიმეორებ, გაბუნიას მკვლელობა რომ გამოსვლოდა რუსეთს, მეორე დღესვე საქართველოს ხელისუფლება ამას "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალებდა.

ასეთი ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც ხშირად გაუვრცელებია  სხვადასხვა არხებით, გაიხსენეთ, ჰაკიმ ფაშა, ასევე პირადი ცხოვრების კადრები, რაც სხვადასხვა, უცხოეთში შექმნილი საიტებზე ქვეყნდებოდა...  არც ერთ ამ საქმეზე გამოიძება არ დაუსრულებიათ.

თუ მოუნდათ, ჩვენი საუბარიც შეიძლება ისე გადააკეთონ, თითქოს ივანიშვილის ზვიგენის დახრჩობას ვგეგმავთ. 21-ე საუკუნეში ყველფრის ფაბრიკაცია შეიძლება. ეს არის შეთითხნული", - უთხრა "kvirispalitra.ge -ს  რომან გოცირიძემ.

იხილეთ ასევე: "გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა?

(სპეციალურად საიტისთვის)