"ალოგიკურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი დესტაბილიზაციას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"ალოგიკურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი დესტაბილიზაციას ცდილობს"

ამ რამდენიმე დღის წინ,  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. 180-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია ის საკითხები, რასაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელობის მქონედ თუ საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. სწორედ ამ კონტექსტშია ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ნახსენები. "საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული", - ვკითხულობთ დოკუმენტში... ამ საკითხზე ისაუბრა "კვირის პალიტრასთან" პოეტმა დათო მაღრაძემ, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ამაში ძევს ჩვენი გადარჩენის, განვითარების კოდი. ჩვენი რეგიონი არ გამოირჩევა საერთაშორისო ნორმების თანამიმდევრული, მტკიცე ერთგულებით. ამდენად, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპის მხარდაჭერა რომ არა, ჩვენ შეიძლება წამში ისევ ერეკლეს არჩევნის წინაშე აღმოვჩნდეთ. ეს სტრატეგიული პარტნიორობა განსაზღვრავს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხს. მე ვარ ის პოეტი, რომლის წიგნიც ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ ლოს-ანჯელესში გამოსცა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, ბროდვეის 828-ში, ყველაზე ცნობილ წიგნის სახლში მისი პრეზენტაცია გამართა. ასე რომ, ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს ბიოგრაფიაში, ჩემს თავგადასავალში ეს ქვეყანა შემოვიდა თავისი დიდებული სამყაროთი - უიტმენით, ელიოტით, ჩაპლინით, ორსონ უელსით, რომელმაც "მოქალაქე კეინი" გადაიღო, ბალანჩინით, ლუი არმსტრონგის მიერ ბიბლიური მოსეს აღქმით... ყოველივე ეს უძვირფასესი რამაა, რასთანაც შორი ემოცია მაკავშირებდა, დღეს კი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა... დათო მაღრაძე

რაც შეეხება ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებების ერთ ნაწილს, ჩემი აზრით, მას ინფორმირებულობა და ლოგიკა აკლია. როდესაც ბოლო დროს ამერიკელი პოლიტიკოსებისგან მუდმივად გვესმის და, ფაქტობრივად, ამ დოკუმენტშიც ვკითხულობთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისეთ ფაზაშია და ისეთი მჭიდროა, როგორიც დღემდე არ ყოფილა, მაშინ ისმის კითხვა - ეს როგორ მოხერხდა პუტინთან დაკავშირებული ივანიშვილის მმართველობის პირობებში?! ალოგიკურად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი დესტაბილიზაციას ცდილობს. არც ერთ მმართველს არ სურს ქაოსი და დესტაბილიზაცია იმ სივრცეში, რომელსაც მართავს, რადგან ეს, უპირველესად, მის მმართველობას უქმნის საფრთხეს.

ამ ყველაფრის მიზეზი მგონია ის საპარლამენტო ხელმძღვანელობაც, რომელიც ჩამორჩება აღმასრულებელს და აქაც უუნარობას ამჟღავნებს, ვერაფერს აკეთებს ჩვენს პარტნიორებთან სწორი ურთიერთობისთვის. და საერთოდ, როცა გაკრიტიკებენ, უმჯობესია, სხვაზე კი არ გაბრაზდე, დაფიქრდე და შენს თავში ეძებო ნაკლი, გაარკვიო, რა ვერ ან არ გააკეთე სათანადოდ...

ამ 13 კონგრესმენის შეფასება ჩემს შეშფოთებას სულ სხვა რამის გამო იწვევს - საქმე ის არის, რომ მე არ ვიცი, ამან რისკენ შეიძლება უბიძგოს ჩვენს ოპოზიციას. არ დაგვავიწყდეს, რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე... ესაა ოპოზიცია, რომელმაც ერთი წლის წინ შტურმით შეუტია პარლამენტის შენობას. ჰოდა, ეს ხალხი შეიძლება ამგვარი შეფასებებით უარესის გასაკეთებლად გაქეზდეს.

ეს ის ოპოზიცია არ არის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ჩვენი სახით ჰყავდა ქვეყანას. შარშან პარლამენტს შეუტიეს, თუმცა ესეც პარლამენტის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სავალალო შეცდომების ბრალი იყო. 20 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" მორალურ უპირატესობაზე თქვა უარი, როდესაც თვალდაკარგული გოგონა გაჩნდა ამ ქვეყანაში, რაზეც პასუხისმგებელი არიან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომლის შეტევა პოლიციის კორდონზე ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეტევა იყო. იხილეთ სრულად