"რეზინის ტყვიების არგამოყენების ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულდა" - რას ამბობს სახალხო დამცველი 20 ივნისის მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"რეზინის ტყვიების არგამოყენების ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულდა" - რას ამბობს სახალხო დამცველი 20 ივნისის მოვლენებზე

2019 წლის 20 ივნისს, 23:36 წუთზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს უბრძანა, რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. ამის საპირისპიროდ, რეზინის ტყვიების გასროლა 00:00 საათის დადგომისას დაიწყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ეს დეტალები რაციების ჩანაწერებით ირკვევა. ამავე ინფორმაციის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მსროლელები მიუთითებენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მსროლელები მიუთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ყველანაირი სიტუაციისთვის მზადყოფნის ზოგადი ნებართვა. მათ განმარტეს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურად, კონკრეტული საფრთხის შეფასების შედეგად. ასევე, მსროლელებმა მიუთითეს, რომ ტყვიების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტის ბრძანება არ გაუციათ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"