"გასამტყუნარი ვართ ჩვენ!" - კვირის პალიტრა

"გასამტყუნარი ვართ ჩვენ!"

"განა ჩვენ არ მოვთხოვეთ ოპოზიციას, სააკაშვილზე მყვირალა ყოფილიყო?"

"ის, რაც საქართველოში ხდება, არც დემოკრატიაა და არც ლიბერალიზმი"

"საშინელებაა, როდესაც პოლიციელი წიხლებსა და ხელკეტს უშენს წაქცეულ ადამიანს, ან ქალს სახეში მუშტს ურტყამს. რა თქმა უნდა, ეს იმ პოლიციელის აღზრდისა და ოჯახიშვილობის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, სინამდვილეში, უბედურების სათავე ის არის, რომ პოლიცია, რომელიც ხალხის დასაცავად არის შექმნილ-დაფინანსებული, ფარებზე ხელკეტის ბრახუნით "მიშა, მიშას" გაიძახის. რა შეიძლება იყოს სახელმწიფო სისტემის სრული გარყვნისა და გადაგვარების უფრო ნათელი გამოვლინება, მხეცობის, ამორალობისა და ჯალათობის სახელმწიფო წახალისების უფრო აშკარა მაგალითი?!" - გვითხრა "ქართული აკადემიის" წევრმა  მწერალმა კოტე ჯანდიერმა, რომელსაც ჩვენს ყოფაში გაჩენილ არაერთ საჭირბოროტო საკითხსა და ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" მომზადებული "ახალი ქართული კონსერვატიზმის" იდეის (დოკუმენტის განხილვა გასულ კვირას "ქართულ აკადემიაში" გაიმართა) შესახებ ვესაუბრეთ:

- "დაიცავი საქართველოს" მიერ შემუშავებული დოკუმენტი ძალიან ბევრ, თანაც ძირეულ პრობლემას ეხება და მრავალ ფუნდამენტურ საკითხს აყენებს საზოგადოების წინაშე. ეთიკური ნორმებისა და ზნეობის მოშლა პოლიტიკურ სივრცესა და ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთობაში, ცხადია, მხოლოდ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ არ დაწყებულა, მაგრამ ისიც, ხომ ფაქტია, რომ ასეთ ტოტალურ უღირსობასა და ეთიკურ განურჩევლობას არასდროს ჰქონია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი იმ მასშტაბის მხარდაჭერა, რისი  მოწმენიც ახლა ვართ.

ჩვენი ხელისუფლებისა არ იყოს, კომუნისტების საკადრო პოლიტიკაც პირადი ერთგულების პრინციპზე იყო აგებული. მაგრამ რომელი მაშინდელი მინისტრი გაბედავდა განეცხადებინა, ორმოცი წლის ხეც კი არ მინდა ეზოში, არათუ თანამშრომელიო! გარდა იმისა, რომ ამ გამონათქვამში სახელმწიფოებრივი აზროვნების და, საზოგადოდ, საღი აზრის ნატამალიც არ შეიმჩნევა, ეს არის თანამოქალაქეების, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. უსწავლელი, უბირი, სრულებით გამოუცდელი და ამორალური ხალხის დანიშვნა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თანამდებობებზე, გარდა სიბრიყვისა, უკიდურესი ამორალობა და ცინიზმიცაა, რის ანალოგიადაც, ალბათ, კალიგულას მიერ საკუთარი ცხენის სენატორად დანიშვნა თუ გამოდგება. ამორალობაა თუნდაც იმიტომ, რომ მომავალ თაობას ართმევს კრიტიკული აზროვნების, ცოდნის დაგროვებისა და ზოგადსაკაცობრიო მორალური ფასეულობების შესაბამისად ქცევის მოტივაციას.

- დღევანდელობამ საუკუნეებს გამოტარებულ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებს (იმას, რამაც გადაგვარჩინა) დრომოჭმულის იარლიყი მიაწება. რატომ და ვინ დაამკვიდრა ეს მოდა?

- სინამდვილეში არც ერთი ჩვენი ჭეშმარიტი ფასეულობა არასდროს წინააღმდეგობაში არ ყოფილა ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ფასეულობებთან. ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა X საუკუნის მიწურულს დროში ემთხვევა ოშკის, ხახულისა და ათონის მთის ივერთა მონასტრის სკრიპტორიუმების - მწიგნობრობისა და განათლების უდიდესი კერების შექმნას. თორნიკე ერისთავი, რომელიც ისტორიაში შევიდა ბარდა სკლიაროსის ურდოების დამარცხებით, ზუსტად იმ სახელოვანი ომის დროს მეთაურობს ბიბლიის გადაწერის, ანტიკურ და ქრისტიანულ მოაზროვნეთა კრებულების შედგენის, ფილოსოფიური და თეოლოგიური ლიტერატურის თარგმნის საქმეს. იგი არის ათონის მთის ქართველთა მონასტრის ქტიტორი და აღმშენებელი, მონასტრისა, რომელმაც თავისი საგანმანათლებლო საქმიანობით უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვა ბიზანტიის იმპერიასა და მთელ მცირე აზიაში.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ამ საქმის მოთავენი, თორნიკესთან ერთად, იყვნენ იმ დროის უდიდესი ქართველი სახელმწიფო მოღვაწენი - დავით კუროპალატი და ერთიანი საქართველოს პირველი მეფე - ბაგრატ III. მათ გარეშე ვერ იარსებებდა კულტურის, აზროვნებისა და განათლების ეს ცენტრები. ამავე დროს ამ ხელისუფალთ კარგად ესმოდათ, რომ ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფო საკაცობრიო სიბრძნესა და ქრისტიანულ ეთიკაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული და არა უხეშ და უსამართლო ძალაზე. ცოტა მოგვიანებით იგივე ფასეულობები დაედო საფუძვლად ევროპის განათლებულ მონარქიებს. აქ იღებს სათავეს კლასიკური ევროპული ტრადიცია, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მსოფლიო ცივილიზაციის სახე. საქართველოში კი ეს პროცესი დავით აღმაშენებლის დროს გელათის აკადემიის დაარსებით გაგრძელდა და კულმინაციას თამარის მეფობისას მიაღწია.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძისა და მისი პლეადის უდიდესი ძალისხმევით ზემოხსენებულ ფასეულობათა სისტემას დაემატა კლასიკური ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპი - ადამიანის პიროვნული თავისუფლება. ყველაფერი ეს კი (ანტიკური რაციო, ქრისტიანული ეთიკა, კლასიკური განათლება და პიროვნების თავისუფლება) იძლევა კლასიკურ ევროპულ ტრადიციას. ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობაცაა და არა ის გაუთავებელი სადღეგრძელოები, ექვსასკაციანი ქელეხები და ყანწების სმა, რომელიც ჩვენმა უწიგნურმა ხელისუფლებამ მონათლა ქართველი კაცის იდენტობის ლამის ერთადერთ ნიშნად, რათა იოლად გაეშარჟებინა და გაემართლებინა ე.წ. "ახალი ქართველის" შექმნისთვის წამოწყებული ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი, რისი მომსწრენიცა ვართ დღეს. განათლების მწვავე დეფიციტი ამ "ექსპერიმენტატორებმა" ლიბერტინული (ნიჰილისტური), ნეოკონური (ნეოკონსერვატორული) და "მაინ კამპფიდან" ამოგლეჯილი ციტატების უაზრო კოქტეილით შეავსეს და შედეგად, ქვეყანამ მიიღო სახელმწიფო იდეოლოგიის მახინჯი პაროდია, რომლის ერთადერთი მსოფლმხედველობა აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ის, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ხდება, არც დემოკრატიაა და არც ლიბერალიზმი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა გამარჯვებული პარტია თუ პოლიტიკური ჯგუფი დემოკრატიისა და სამართლის დამკვიდრებას გვპირდებოდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მოქმედებდა ფორმულით: "ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია", ან "ჯერ ტერიტორიული მთლიანობა, მერე დემოკრატია". ამას წინათ სახელოვან პირველ არხზე რაღაც გადაცემა ვნახე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ეხებოდა. ეკრანზე ჩნდებოდნენ ადამიანები და სერიოზულად ამტკიცებდნენ, რომ მრისხანე რუსეთთან დაპირისპირებულ საქართველოში ვინც კი ოდესმე დემოკრატიას ითხოვდა ან ითხოვს, მოღალატე და ქვეყნის მტერია; რომ მხოლოდ იდიოტს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს დემოკრატიული წყობის დამყარება საქართველოში, როდესაც ასეთი დიდი და მრისხანე მტერი გვყავს(?!).

ჰეროდოტეს აღწერილი აქვს ეპიზოდი, როდესაც სპარსელებმა ტახტიდან ჩამოაგდეს უზურპატორი და ერის მამებმა გამართეს თათბირი სახელმწიფო მოწყობის თაობაზე. დისკუსიის ერთ მონაწილეს მაგალითად მოჰყავს ბერძნული დემოკრატიის მიღწევები ეკონომიკაში, საზღვაო და სამხედრო საქმეში, მეცნიერებაში და სხვ. ამ წარმატების მიზეზად ორატორი ხალხის მმართველობას, ანუ დემოკრატიას ასახელებს. მაგრამ მისი ოპონენტი ასეთ ფრაზით პასუხობს: "როგორ უნდა მართოს ქვეყანა ხალხმა, თუკი ის გაუნათლებელია და არ გააჩნია თანდაყოლილი სიმამაცე?!" ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ სპარსელები აღმოსავლური დესპოტიის გზას ირჩევენ და მეფედ ნიშნავენ ქსერქსეს. მან მთელი აზია გააერთიანა თავისი მათრახის ქვეშ და მთელ საბერძნეთზე ოცჯერ დიდი ტერიტორიისა და უამრავი ხალხის მბრძანებელი გახდა. თავისი ძლიერების ზენიტში მრავალეროვანი მილიონიანი არმია დაძრა ბერძნების წინააღმდეგ.

უბრალო არითმეტიკული გათვლა ნათელყოფს, რომ ბერძნებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ საბერძნეთი გადაარჩინეს ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ დემოკრატიული წყობის მეოხებით იყვნენ დაწინაურებული და ნიჭის, სამხედრო-პოლიტიკური გენიისა და საარაკო სიმამაცის გამო აღმოჩნდნენ სახელმწიფო თანამდებობებზე. ეს იყო დემოკრატიის ბრწყინვალე გამარჯვება ტირანიასა და ბევრად აღმატებულ უხეშ ძალაზე. მაგრამ ჩვენმა პოლიტიდეოლოგებმა და პოლიტტექნოლოგებმა გამაოგნებელი უვიცობის, აბსოლუტური ძალაუფლების მანიაკური წყურვილისა თუ თვალთმაქცობის გამო ხალხს უთხრეს: დემოკრატია სისუსტეა, ამიტომ ჯერ სახელმწიფო გავაძლიეროთ და მერე ვიფიქროთ ამ ფუფუნებაზეო. ამგვარი იდიოტიზმი დღესაც იფრქვევა ჩვენი ტელევიზორებიდან და წამლავს ახალგაზრდობას, ყოველდღიური ლუკმაპურის შოვნით განაწამებ მოსახლეობას, მთლიანად საზოგადოებას.

- ხშირად მსმენია, ჩვენი პრობლემების სათავე ის არის, რომ 200 წელი სახელმწიფო არ გვქონიაო, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, რატომ იყო ჩვენი მამების თაობა გაცილებით ზნეობრივი?

- უზნეო ადამიანებზე მეტი რა იყო მაშინაც: ორმაგი მორალი, დაბეზღება, ცილისწამება, უსამართლობა, მექრთამეობა და სხვ., მაშინაც ყვაოდა. კომკავშირულ და პარტიულ კარიერას ბევრი არ თაკილობდა. ხოლო ჩვენი მამების ის ზნეობრივი ნაწილი, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, მაშინაც უმცირესობაში იყო, მაგრამ ისინი მორალურ უმრავლესობას ქმნიდნენ. განსხვავება ის არის, რომ ვინც უღირს საქციელს სჩადიოდა, კარგად ხვდებოდა, რომ ცუდად იქცეოდა და ცდილობდა, საქმე მალულად გაეკეთებინა, რადგან სწორედ იმ მცირერიცხოვანი მორალური უმრავლესობის გავლენით საზოგადოებას არ ჰქონდა დაკარგული სირცხვილის განცდა, ახლა კი ხელისუფლების ოფიციალურმა იდეოლოგებმა და "ინტელექტუალებად" დანიშნულმა პირებმა მორალისაგან გაათავისუფლეს ყველა, დასაშვებად და მისაბაძ მაგალითად გამოაცხადეს თვალთვალი, დასმენა, ცილისწამება, სირცხვილის ფენომენი კი საერთოდ ამოშანთეს კონტროლირებული მედიის, პატრიოტთა ბანაკების, მახინჯი განათლების სისტემისა და ეთიკური ფასეულობებისაგან დაცლილი კანონმდებლობის საშუალებით. თუკი საშინელ დანაშაულში მხილებული კაცი ჩაუშვებს ან ცილს დასწამებს იმას, ვინც თვალში არ მოსდის ჩვენს კარიკატურულ "ისტებლიშმენტს" - ათავისუფლებენ. ამას დღეს სახელმწიფოებრივი აზროვნება და ახალი ტიპის ქართველი მოქალაქე ეწოდება.

- დღეს რთული დღეები გვაქვს, მაგრამ რატომღაც არ ჩანს საზოგადოების ის გონიერი და მოაზროვნე ნაწილი, რომელიც სწორ გეზს დაანახებს ქვეყანას და მოქმედების სტიმულსაც მისცემს.

- იცით, უბედურება რა არის? ჩვენში დღემდე არ არის გაცნობიერებული მარტივი ჭეშმარიტება: პოლიტიკა, გარდა ყველაფრისა, ცოდნის დარგიცაა და უამისოდ შედეგი ან არ მიიღწევა, ან თუ მაინც მივიღეთ, ისეთივე ხარვეზიანი და მახინჯი იქნება, როგორიცაა რეალობა, რომლის შესაცვლელად ამდენი ძალისხმევა, დრო, ნერვები და მსხვერპლია გაღებული.

ჩვენი საზოგადოება ისევ და ისევ მხოლოდ ძალას, შიშველ ემოციასა და ფუჭ დაპირებებს სცემს პატივს. ძალა კი ცოდნაში, ეთიკასა და მორალურ პრინციპებშია და არა ცრუდაპირებებში, ვისიმე ლანძღვა-გინებაში, რიხიან განცხადებებსა და საეჭვო ლოზუნგების წამოსროლაში.

პოლიტიკური ფილოსოფიისა და ტექნოლოგიების უცოდინარი, თანაც ერთობ საეჭვო ეთიკის მქონე ხალხის აყოლა, მათთვის თავის გაწირვა და დაუმსახურებელი აღზევება ყოველთვის დამთავრდება ისე, როგორც "ვარდების რევოლუცია" დამთავრდა - ძველ უზნეობასა და უვიცობას ახალი შეცვლის, არსებითად კი არაფერი შეიცვლება.

რა მოთხოვნებსაც ვუყენებთ პოლიტიკოსებს, რა მორალური და ინტელექტუალური საზომითაც ვზომავთ მათ საქმიანობას, ისინიც იმითვე გვპასუხობენ და ცდილობენ მოერგონ ჩვენს გაუაზრებელ დაკვეთას. პრაქტიკულად, განა ჩვენ თვითონ არ მოვთხოვეთ ოპოზიციას, სააკაშვილზე მყვირალა ყოფილიყო, უფრო ორპირი, სიტყვის გამტეხი და "გადამგდები"? მაშ, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებას? - ის, რომ ოპონენტები სააკაშვილს ვერ ჯობნიან ფლიდობაში, სიშლეგესა და სიცრუეში?

გასამტყუნარი ვართ ჩვენ, რომლებიც პოლიტიკოსებს არ ვთხოვთ აზრისა და ზნეობის სიმაღლეს, მსოფლმხედველობრივი, სოციალური და მორალური ფასეულობების გამოკვეთილ სისტემას, არ ვთხოვთ ცოდნასა და ეთიკას და საკუთარ სიმპათია-ანტიპათიებს პრიმიტიული, უაზრო რადიკალიზმის, მყვირალა ლოზუნგებისა და გულისამრევი ნაციონალისტურ-თეისტური რიტორიკის კრიტერიუმებით განვსაზღვრავთ.

ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი კარგად უნდა გაერკვეს და შეთანხმდეს, რა იდეალებს, ფასეულობებსა და სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობას მიიჩნევს საძირკვლად, რომელზედაც მომავალი საქართველო უნდა აშენდეს.