"ტყუილია, რომ ლობისტები კონგრესმენების განწყობაზე გავლენას ვერ ახდენენ" - კვირის პალიტრა

"ტყუილია, რომ ლობისტები კონგრესმენების განწყობაზე გავლენას ვერ ახდენენ"

"სრული აბსურდია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოში დესტაბილიზაციას აწყობდეს"

ამერიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია. "ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ. მე ამ დოკუმენტზე სტრატეგიულ დონეზე ვმუშაობდი. ჩვენ გვსურს ახლო ურთიერთობა საქართველოსთან, ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია", - განაცხადა დონ ბეიკონმა. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა". დოკუმენტს ხელს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი, მათ შორის, დონ ბეიკონი აწერს. ბეიკონის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და განაცხადა, რომ მსგავსი პოზიცია აქვთ დანარჩენ კონგრესმენებსაც. "ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მაქსიმალური რაოდენობის, ხელმომწერი კონგრესმენების თითქმის ნახევართან და უკლებლივ ყველამ დაადასტურა, რომ ერთი მხრივ, არ იზიარებენ ამ წინადადების სულისკვეთებას და მეორე მხრივ, მათი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითეთ", - აღნიშნა ელჩმა. რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი დონ ბეიკონის განცხადებას არ გამოხმაურებია, თუმცა ტყუილი უწოდა დავით ბაქრაძის განცხადებას. "ვნახე ქართულ პრესაში ეს სტატია რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში", - წერს მალინი "ტვიტერზე". რა ხდება სინამდვილეში, შესაძლებელი იყო თუ არა კვლევითი კომიტეტის ანგარიშში მართლაც დაშვებულიყო მსგავსი გაუგებრობა და თუ მართლაც გაუგებრობაა, როგორ აგებენ კონგრესმენები პასუხს ისეთ სერიოზულ ბრალდებაზე, როგორიც მტერი სახელმწიფოს ლიდერთან ფარული მოკავშირეობა და საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა გვესაუბრება.

- სრული აბსურდია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოში დესტაბილიზაციას აწყობდეს. მსგავს დოკუმენტზე ტექნიკური ექსპერტები მუშაობენ, კონგრესმენები კი მასზე ხელს აწერენ და ხშირად თავიდან ბოლომდე არც კითხულობენ. ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის სახელი დაქირავებული ტექნიკური ექსპერტისა და "ნაციონალების" ლობისტების მუშაობის შედეგად მოხვდა.

- ძნელია დაჯერება, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა არ იციან, ხელს რას აწერენ. - ასეა. განსაკუთრებით ახლა, როცა რამდენიმე თვეში კონგრესმენებს არჩევნები აქვთ და მათი გონება ამით არის დაკავებული. პოლიტიკოსები, განსაკუთრებით დეპუტატები, არ გამოირჩევიან პედანტურობით და დეტალურად არ შეისწავლიან საკითხებს. ამაზე მეტყველებს კონგრესმენ ბეიკონის განცხადებაც. კარგი იქნება, თუ ჩვენი ამერიკელი მეგობრები უფრო ყურადღებით მოეკიდებიან მსგავს საკითხებს, რადგან ვნებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. რაც შეეხება კონგრესმენ მალინს, ის ოკლაჰომის ოლქის დეპუტატია, რომელიც ინდიელთა ტომ ჩეროკის წარმოადგენს, კომპანია "ფრონტერა" უხდის ფულს საარჩევნო კამპანიისთვის.

შეერთებულ შტატებში კონგრესმენის ადგილის მოპოვება ძალიან ძვირი, საშუალოდ 5-6 მლნ დოლარი ჯდება და კონგრესმენებს ასეთი თანხების მოძიება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უწევთ. სენატორის საარჩევნო კამპანია საშუალოდ 20-25 მლნ დოლარი ჯდება, მისი წლიური ხელფასი კი მხოლოდ 174.000 დოლარია. ამიტომაც მალინის მსგავსი დეპუტატები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი დონორების ინტერესების დაცვას.

- თქვენი კოლეგების ნაწილი ამბობს, რომ კონგრესმენებისა და სენატორების განწყობაზე ლობისტები მხოლოდ 10%-ით ახდენენ გავლენას, ძირითადად, ისინი სახელმწიფო უწყებებიდან და საელჩოებიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. - ტყუილია, რომ ლობისტები კონგრესმენების განწყობაზე გავლენას ვერ ახდენენ. ლობისტები ვაშინგტონში ასეულობით არიან. სწორედ ასეთ საქმიანობაში იღებენ ათიათასობით დოლარს. ვფიქრობ, ამ საქმეში "ნაციონალების" ლობისტი რენდი შონემანი იყო ჩართული, ასევე "ფრონტერას" ლობისტები და "ნაციონალების" დესანტი ამერიკაში - თემურ იაკობაშვილი და ბათუ ქუთელია.

- ასეთ შემთხვევაში რას აკეთებდნენ "ქართული ოცნების" ძვირად ღირებული ლობისტები ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩო? - "ქართულმა ოცნებამ" დაიქირავა მსხვილი ლობისტური კომპანია "ჰოგან ლოველსი", რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი ექსკლუზიურ კლიენტს არ წარმოადგენს. შესაძლოა რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მედიაში მათი მუშაობის შედეგი ჯერ არ ჩანს. ლობისტებთან მუშაობას ცოდნა უნდა, რადგან სპეციფიკური ხალხია. თუ არ "ამუშავე" და არ გააკონტროლე, დიდ ეფექტს ვერ მიიღებ.

ამ კომპანიის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ არიან, თუმცა მსხვილი კლიენტები ჰყავთ: "აირბასი", "კრედიტ სუისი", "ლოიდსი", "ნისანი", "ფილიპ მორისი", "ასტრა ზენეკა", "ტოიოტა", "უოლმარტი", ციურიხის სადაზღვევო ჯგუფი, "ეიპლი" და კიდევ დაახლოებით 100 დიდი ჯგუფი. ასეთი კლიენტების ფონზე საქართველო მათთვის ექსკლუზიური კლიენტი არ არის.

- მათი მუშაობის შედეგს თქვენ როგორ აფასებთ? - წარმოუდგენელია, თითოეულ დოკუმენტს ბოლომდე მიჰყვე, მით უფრო, როდესაც საქმეში გამოცდილი რენდი შონემანია ჩართული - მას მაკკეინის სკოლა აქვს გავლილი, მისი მარჯვენა ხელი იყო. სიმართლე გითხრათ, მსხვილი ლობისტური კომპანიის დაქირავება სწორ სტრატეგიად არ მიმაჩნია. გამოცდილება ცხადყოფს, რომ საშუალო ლობისტური კომპანიები უფრო ეფექტიანად მუშაობენ. როდესაც მათთვის შენ ექსკლუზიური კლიენტი ხარ.

- კონგრესმენების განწყობაზე ლობისტებმა იქონიეს გავლენა თუ სახელმწიფო უწყებების ინფორმაციამ, ფაქტია, ქვეყნის მმართველი გუნდის ლიდერი მტერთან ფარულ კავშირში დაადანაშაულეს. ახლა ერთი, თუნდაც რამდენიმე კონგრესმენის თავის მართლება, არაფერი ვიცოდითო, რას შეცვლის? - ხელმოწერილ დოკუმენტზე მობოდიშება "კარგი შედეგია". ასეთი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ზოგიერთ კონგრესმენს საქართველოს მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვს. არადა, ამ დროს ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე ვართ. რაც შეეხება "დესტაბილიზაციის მცდელობას", 30 წლის განმავლობაში მშვიდობიანი 8 წელი პირველად გვქონდა, ომების და სამხედრო კონფლიქტების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის დადანაშაულება დესტაბილიზაციის მცდელობაში აბსურდია. თუმცა, როგორც 2008 წელს, დღესაც არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო კოცონის დასანთებ ფიჩხად გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, ვგულისხმობ უპირველესად გარე ძალებს, რომლებიც მუდმივად ომის გაჩაღებას ლამობენ და მათ საქართველოშიც ჰყავთ სუროგატები. თუმცა ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. აქ შესანიშნავად იციან, რომ მხოლოდ მშვიდობას მოაქვს განვითარება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მშვიდობისთვის დიდი ფასის გადახდა გვიწევს? შეგახსენებთ, რომ რუსეთის დაკვეთით ან წახალისებით მოკლული საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და ზელიმხან ხანგოშვილის გამო ჩვენს ხელისუფლებას მკვეთრად კრიტიკული პოზიცია არ გამოუხატავს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. - ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ომს. ამიტომ საქართველოს სტრატეგიული თმენის პოზიცია ამ ეტაპზე მისაღებია, რადგან წინა ხელისუფლებამ განაიარაღა ჩვენი შესაძლებლობები. თუმცა დიპლომატიურ ფრონტზე თანამიმდევრული მუშაობა მიდის.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ხელისუფლება მისი სიცოცხლის უფლებას იცავს? ჩვენ ვერც მაშინ მოვისმინეთ ხელისუფლების მკაცრი პოზიცია, როდესაც ქართველ ჟურნალისტს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ვასალი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დაემუქრა. - კადიროვის განცხადებაზე არ მსურს საუბარი. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ძალოვან უწყებებს, მათ აქტივში უნდა ჩაითვალოს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა აღკვეთეს და შესაძლო მკვლელიც დააკავეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება არ არის დასრულებული. სხვათა შორის, საკრალური მსხვერპლი სახელმწიფო გადატრიალების სცენარის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილა გამოყენებული.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების წინ ცნობილ ჟურნალისტს ან პოლიტიკოსს კლავენ. ყველა ვერსია უნდა იქნეს განხილული, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ.

- ასეთი ფიქრის საბაბს ჩანაწერი გაძლევთ, რომელიც უკრაინულმა გამოცემა "ობოზრევატელმა" გაავრცელა? მასალის ავტორის მტკიცებით, ჩანაწერი სააკაშვილის და ადეიშვილის საუბარს ასახავს. - ამ ჩანაწერში ჩანს, რომ გაბუნიას ბედზე არც კი ღელავენ და ამ ამბის გამოყენებას ცდილობენ, დაშვებულ შეცდომებს აანალიზებენ, თავად გაბუნიას კი მშიშარას უწოდებენ. იმედია, ჩანაწერის ექსპერტიზა ჩატარდება.

- ისევ კონგრესმენების საკითხს დავუბრუნდეთ. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მემუარები, სადაც ავტორი წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან მეათე წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა. ოფიციალური ვაშინგტონის დეკლარირებულია, რომ საქართველო მათი სტრატეგიული პარტნიორია. თქვენ ამერიკაში მუშაობდით, რისი თქმა შეგიძლიათ პირადად ტრამპის განწყობაზე საქართველოს მიმართ? - ჯონ ბოლტონის მემუარებში უკრაინასთან დაკავშირებით ისეთი რამ ამოვიკითხე, რაც ზუსტად ვიცი, რომ ტყუილია. იმ დროს უკრაინაში ვიმყოფებოდი და პირველწყაროებიდან მქონდა ინფორმაცია უკრაინაში ამერიკის ელჩის მარია იოვანოვიჩის შესახებ. ეს მაფიქრებინებს, რომ სხვა შემთხვევებშიც იტყუება. ტრამპის გუნდი, რომელთანაც ბოლტონი მუშაობდა, მას მოღალატედ მიიჩნევს. ტრამპმა ის სამსახურიდან გააგდო. ჯონ ბოლტონი ნეოკონსერვატორების ერთ-ერთი სახეა, რომელიც მხარს უჭერდა საომარი მოქმედებების დაწყებას ერაყში, სადაც ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა. ის ნებისმიერ ომს ემხრობოდა და პრეზიდენტ ტრამპს სწორედ ეს არ მოსწონდა. დარწმუნებული ვარ, რევიზიას არ ექვემდებარება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ. თუ ამერიკის ყურადღების მოდუნებაზეა ლაპარაკი, ეს 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო და არა ამ ხელისუფლების გამო. გაიხსენეთ, პრეზიდენტი ობამა სააკაშვილთან შეხვედრაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და რამდენიმე წლის ხვეწნის შემდეგ, როცა საბოლოოდ შეხვდა, უთხრა, ხელისუფლებიდან მშვიდობიანად უნდა წახვიდეო.

ცალკეული კონგრესმენი რას იტყვის, ეს არ აისახება აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე.

- ესე იგი, თქვენ ამსხვრევთ მითს იმის შესახებ, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საკუთარ სიტყვას არ ღალატობენ?

- რაც დრო გადის, არჩევნები სულ უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად, საარჩევნო ფულის შესაგროვებლად კონგრესმენები იძულებული არიან, გაითვალისწინონ ისეთი ბიზნესსუბიექტების ინტერესები, როგორიც, მაგალითად, "ფრონტერაა". ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც ჩრდილს აყენებს მიკერძოების, არაკომპეტენტურობის და უპასუხისმგებლობის გამო. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ასეთი კონგრესმენების აქტივობების ანალიზს თავისივე საარჩევნო ოლქში მის კონკურენტებს მივაწვდიდი.

ხათუნა ბახტურიძე