"ამბობდა, ბიზნესის ამბავში ვარ ჩამოსულიო" - რას ჰყვება ხასო ხანგოშვილი, რომელსაც ვასამბეკ ბოკოვი აჰმედის სახელით გაეცნო? - კვირის პალიტრა

"ამბობდა, ბიზნესის ამბავში ვარ ჩამოსულიო" - რას ჰყვება ხასო ხანგოშვილი, რომელსაც ვასამბეკ ბოკოვი აჰმედის სახელით გაეცნო?

12 ივნისს, სპეცოპერაციის დროს, შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი პანკისის სოფელ დუისში ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრ ხასო ხანგოშვილის ოჯახი მოინახულა და დაემშვიდობა. სამართალდამცველებმა თბილისის პარალელურად, დუისში ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ. როგორც ცნობილია, ბოკოვი პანკისელებს აჰმედის სახელით გაეცნო და მათივე ინფორმაციით, ის დაპირისპირებული გვარების შერიგებაში მონაწილეობისთვის ჩავიდა ხეობაში.

ხასო ხანგოშვილი, უხუცესთა საბჭოს წევრი:

- ჩემთან ძალიან ბევრი ხალხი მოდის - მწერლები, მეცნიერები, სტუდენტებიც, რომლებიც დისერტაციას იცავენ. სხვადასხვა სფეროს უამრავ წარმომადგენელთან მქონია და მაქვს კონტაქტი. ბებიაჩემი ჩეჩენი იყო და ჩეჩნებთან ყოველთვის ჰქონდათ კავშირი მამაჩემს, პაპაჩემსა და არც მე შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ბოკოვი ჩემს ვაჟს თბილისში გაეცნო, ის ჩვენი თემის - დიშნის წარმომადგენელი აღმოჩნდა. ჩეჩნებში ასეა, როდესაც ადამიანს ვხვდებით, პირველად ვეკითხებით, რომელი გვარისაა, სად ცხოვრობს და ა.შ. ბოკოვი ჩვენთან სტუმრად მოვიდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დიდხანს არ ჩერდებოდა. ამბობდა, თბილისში ვცხოვრობ და ბიზნესის ამბავში ვარ ჩამოსულიო. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ვნახე პირველად და აჰმედის სახელით გაგვეცნო. მეგონა, ჩეჩნეთიდან პანკისში ორი დაპირისპირებული გვარის შესარიგებლად იყო ჩამოსული. გვარების შერიგებაში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია, მათ შორის ჩეჩნეთიდან ჩამოსულებს.

- ანუ ინგუში არ არის?

- ასე რომ ყოფილიყო, დიალექტზე შევამჩნევდი, ჩეჩნურად ლაპარაკობდა. თუმცა ინგუშეთშიც არიან ბოკოვები, იქ ორი-სამი გვარია დიშნის წარმომადგენელი და დღეს ინგუშებად ითვლებიან. სხვათა შორის, როცა ჩემს ოჯახში შემოდიოდა, არასდროს დამჯდარა, ფეხზე იდგა და ისე მელაპარაკებოდა, ძალზე მოწიწებული იყო.

- რაზე გელაპარაკებოდათ?

- მითხრა, ბიზნესი მაქვსო. პირველ შეხვედრაზეც ვუთხარი, გავაფრთხილე, აქ არც რუსეთია, არც უკრაინა, გადაგდებები არ იყოს, აქ ასეთი რამ არ გაგივა-მეთქი. თვითონ არ უთქვამს და არც მე ჩავძიებივარ მის ბიზნესსაქმიანობას.

- სხვა სახელით რატომ გაგეცნოთ? - რას ვფიქრობ, იცით? ჩვენში ასეა - საბუთების მიხედვით შეიძლება სხვა სახელი გერქვას, შინაურობაში კი სხვას გეძახდნენ. ჩვენთანაც ხშირია ეს. ხანდახან რომ მეკითხებიან, ამა და ამ კაცს თუ იცნობო, ვპასუხობ, არა-მეთქი, იმიტომ, რომ ხშირად სასოფლო საბჭოში სხვა სახელით არიან ჩაწერილი, სოფელში კი სხვა სახელით იცნობენ. ალბათ, ასე იქნებოდა. აკი გითხარით, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ამიტომ ვენდეთ, სახლის კარი გავუღეთ. ღამისთევით ჩვენთან არც არასდროს დარჩენილა, ამბობდა, თბილისში სახლი მაქვს დაქირავებული, უნდა ჩავიდე, საქმეები მაქვსო. წინადღეს უკვე გამოსამშვიდობებლად მოვიდა და რომ ვკითხე, რით უნდა წახვიდე უკრაინაში-მეთქი, მიპასუხა, გემითო. მეორე დღეს დააკავეს კიდეც. ეს ტელევიზიით შევიტყვე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოკოვი თვეების განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში და ხშირად ჩამოდიოდა პანკისში, სადაც გავლენიან პირებს სტუმრობდა... - დაახლოებით თვე-ნახევარი-ორი თვის წინ გამოჩნდა ჩვენთან და გვითხრა, ბიზნესის საკეთებლად ჩამოვედიო. ჩემთვის ეს საკმარისი იყო, ვინაიდან ამ მიზნით ხეობაში ხშირად ჩამოდიან ჩეჩნები და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ტყუილია, რომ ბოკოვი ხშირად ჩამოდიოდა, არც გავლენიან პირებს ხვდებოდა. ჩემთან ორ-სამჯერ მოვიდა, დიდი კონტაქტი მასთან არ მქონია, ის ახალგაზრდაა, სხვა წრეში ტრიალებს, მე კი დროული კაცი ვარ. მას აინტერესებდა ქისტები, ჩეჩნები, პანკისი... ეს ჩვეულებრივი ამბავია - საქართველოში თუ ვინმე ჩეჩენი ჩამოდის, დრო და საშუალება თუ აქვს, პანკისს მოაკითხავს ხოლმე, იმიტომ, რომ აქ თანამოძმეები ეგულებათ. ასე გაიცნო ჩემმა შვილმაც. პანკისი ისედაც ყველას აინტერესებს, 30 წელია, ყველას პირზე აკერია, მით უფრო, რომ აქ ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი იყო და არის დღესაც...

- თქვენი ვაჟი გებიშიც დაჰკითხეს? - ბოკოვმა ჯერ გებიში გაიცნო თბილისში და მას ჩამოჰყვა. დანარჩენი, რას აპირებდა ან გულში რა ჰქონდა, ჩვენ არაფერი ვიცით. ჩემი შვილი ამ საქმეზე ერთხელ დაჰკითხეს. ის თავისუფალია და თბილისში, სახლშია.

იხილეთ ასევე: "პანკისს საქართველოს ვერავინ წაართმევს... ჩვენ არასდროს ვღალატობთ ძმებს"