ვინ არის 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა - კვირის პალიტრა

ვინ არის 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა - ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატებმა მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, პლენარულ სხდომაზე დააფიქსირეს.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს. ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ერქვანიამ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს, მან განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ აჯობებს 30 მაჟორიტარი 73-ს.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის არ დაუჭერს ცვლილებებს მხარს, რადგან „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი. დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.

დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.

„მე დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს, ერთი პატარა ცვლილება რომ შეგეტანათ. სიტყვა „ვალია“ შეგეცვალათ სიტყვით - „ვალდებულია“. ამ შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის პოზიციას, როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

„ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო.