"რა ვიცით, რომ საფრთხე ავიცილეთ?­" - კვირის პალიტრა

"რა ვიცით, რომ საფრთხე ავიცილეთ?­"

"აჟიოტაჟს მოდუნება მოსდევს, მათ შორის სამიზნისაც და ამ დროს შეიძლება ჩანაფიქრი აღსრულდეს კიდეც..."

გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვას მავანთა გამიზნულ პროვოკაციად აფასებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე და ამბობს, რომ მკვლელობის დამკვეთთა მიზანი საქართველოში დესტაბილიზაცია იყო.

- ეს ბრიფინგები აჟიოტაჟის შესაქმნელად შეუთანხმებელ, ცუდად დაგეგმილ სცენარს ჰგავს. პირველი ინფორმაცია გვქონდა 12 ივნისს, როდესაც სუს-მა ბოკოვი იმ მოტივით დააკავა, რა მტკიცებულებებიც ჰქონდა იმ მომენტში - კერძოდ, ყალბი საბუთებისთვის, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების გამო. სამი დღის შემდეგ გვარამია მართავს ბრიფინგს, დამზაფვრელს თავისი აქცენტებით... რას ემსახურებოდა ეს? როგორც თავად ამბობს, თუ "გაბუნიას სიცოცხლის უზენაესობიდან ამოდიოდა", მაშინ ეს ბრიფინგი არ უნდა ჩაეტარებინა.

- შესაძლოა ჩათვალა, რომ აჟიოტაჟის ატეხით საფრთხე ააცილა... - რა ვიცით, რომ საფრთხე ავიცილეთ? ვეჭვობ, რომ ავიცილეთ და თუ ასეა, ბრიფინგის ჩატარება დიდი უპასუხისმგებლობა იყო. გვარამიამ დაადასტურა, რომ დაკავებული ბოკოვი კილერი არ არის. აჟიოტაჟს მოდუნება მოსდევს, მათ შორის სამიზნისაც და ამ დროს შეიძლება ჩანაფიქრი აღსრულდეს კიდეც... თუ შევისწავლით გვარამიას ბრიფინგს, პირდაპირ არა, მაგრამ მინიშნებით ითქვა, რომ ბოკოვის სახით კილერია დაკავებული. თუ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბოკოვი არ იყო კილერი, როგორც ახლა ვიგებთ, რატომ არ თქვა მაშინვე?

- ამას დაერთო უკრაინული ინტერნეტგამოცემის მიერ აუდიოჩანაწერის გავრცელებაც... გვარამიამ მას უნიჭო მონტაჟი უწოდა... - ჩანაწერში ადეიშვილი ამბობს, რომ პირიქით, საქართველოდან მიიღეს ინფორმაცია, რომ გვარამიამ ჩააფლავა ყველაფერი და ა.შ. სააკაშვილი გვარამიას ავადმყოფს უწოდებს... საქმე, ფაქტობრივად, ტერორიზმს ეხება და ამიტომ ე.წ. სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა, თუ ის დამონტაჟებულია, უნდა უჩივლონ უკრაინულ ინტერნეტგამოცემას, ან ჩატარდეს ექსპერტიზა...

- კადიროვის მუქარებზე რას იტყვით? - რა უფლება მაქვს, რამე გამოვრიცხო? ის ბლეფობს თუ რეალურად უკვეთს მკვლელობას, ვინ იცის? 2008 წელს აქ ჩეჩნური ფორმირებები ომობდნენ. გაცილებით უარესი აქვთ გაკეთებული, ვიდრე ერთი კაცის მკვლელობის შეკვეთაა... კადიროვი მეორედ იმუქრება. წესით, უნდა განეცხადებინა, ეს ინფორმაცია აბსურდია, ჩვენს პრეზიდენტს ნახევარი რუსეთი ლანძღავს და მაშინ ყველა უნდა დაგვეხოცაო. მისი პათოსი კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარას შეიცავს... ახლა მიმდინარეობს ბოკოვის დამუშავება. დაკითხვები ხანგრძლივი იქნება, ყველაფერს ეგრევე ხომ არ ჩამოფქვავს? დაუდებენ მტკიცებულებებს, ოპერატიულ მასალებს და იქამდე მიიყვანენ, რომ დაიწყოს გამოძიებასთან თანამშრომლობა... ჩემი აზრით, ის, რომ დიდხანს მიმდინარეობდა თვალთვალი, გამოძიება მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, თორემ ბოკოვს ყალბი საბუთების გამო მანამდე დააკავებდნენ. აქ არიან ძალები, რომლებსაც უნდათ საქართველო-რუსეთის დაპირისპირება. ალბათ, ჰქონდათ გათვლა, რომ ამ მკვლელობას არეულობა უნდა მოჰყოლოდა... გაბუნიას 2008 წლის აგვისტოში არ უგინებია ასე პუტინი და რაღა შარშან მოუნდა? ეს გამიზნულად გაკეთდა. მისი პროტესტი იყო პროვოკაციული და პატრიოტული თემის პრივატიზება. რატომ ჰგონია გაბუნიას, რომ ჩვენ ნაკლები პრეტენზია გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან? დედას თუ არ ვუტრიალებთ პირდაპირ ეთერში, სხვაზე ნაკლები პატრიოტები ვართ? ეს არის პატრიოტული გრძნობების პრივატიზაცია და სწორედ იმაზეა გათვლილი, რაც დღეს ხდება და მოხდება...