"ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს"

"ადეიშვილსააკაშვილის საუბარი გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ "ნაცმოძრაობას" რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. იკვეთება, რომ ადეიშვილი რეჟისორი იყო, რაღაც არ გამოუვიდა, ამიტომ გაილანძღა გვარამია"

კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გიორგი გაბუნიას შეუმდგარი გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკის კვალდაკვალ საქმის კონტურებს კვეთს.

- როდესაც ასეთ ამბავს ვისმენთ, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ვის აწყობდა ყველაზე მეტად? ვინმემ რომ თქვას, კადიროვსო, ეს არგუმენტი ცოტა სუსტია. გაბუნიას სიკვდილით კადიროვს განსაკუთრებული რამე შეემატებაო, ამას ვერავინ იტყვის, თუ არ გავითვალისწინებთ პუტინთან თავის მოწონებას. ეს ერთი ვერსიაა. თუ გავაანალიზებთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გაბუნიას მკვლელობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოჰყვებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, მავანი ამას აუცილებლად გამოიყენებდა თავის პოლიტიკურ იარაღად (უპირველესად, ოპოზიციას ვგულისხმობ) და მართალიც იქნებოდნენ.

ჩვენ გვაქვს მწარე ისტორია სანაიას მკვლელობის სახით, როცა საზოგადოებამ არაფრით დაიჯერა, რომ ეს ჩადენილი იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. ამ საქმეში გამოძიების ბუნდოვანი დასკვნების გამო ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მართლაც იყო სხვა თემები. ჩემთვის ცნობილია სანაიას დაინტერესება ნარკოტრაფიკით და ამაზე ინფორმაციის შეგროვების ამბავი. მაშინ სანაიას მკვლელობას მოჰყვა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომა. ასე რომ, გაბუნიაზე თავდასხმას შეიძლებოდა ძალიან მწვავე ექსცესები მოჰყოლოდა...

ბევრი რამ საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც უკრაინის ფაქტი, სადაც ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ქართველი იმყოფება, მათ შორის სააკაშვილიც... გვარამიას ბრიფინგის შემდეგ ბევრი წინააღმდეგობა იყო, თუნდაც ის, რომ ერთი თვის წინ სცოდნია თავდასხმის შესახებ და გაბუნიას დაცვა გააძლიერა, გაბუნიამ კი არაფერი იცოდა...

- თუ გაარკვიეთ, როგორი წარსული აქვს ბრალდებულს, რას ამბობენ მასზე უკრაინაში? - მე დავუკავშირდი ინგუშურ დიასპორას, სადაც თქვეს, რომ ბოკოვს თავი არავისთვის არაფრით დაუმახსოვრებია. როგორც ინგუშთა დიასპორის გავლენიანმა წარმომადგენელმა თქვა, უბრალოდ, უკრაინაში ტრიალებდაო. უკრაინაში დააკავეს გენერალი შაითანოვი, უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც, როგორც ირკვევა, რუსეთის აგენტი ყოფილა. როგორც უკრაინული პრესა იუწყება, მან თავის ჩვენებებში დაასახელა ისმაილოვზე (ჩეჩენი საველე მეთაური, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა) თავდასხმისა და მკვლელობის დეტალები. ამასობაში ჟონავს ინფორმაცია, რომ შაითანოვმა ილაპარაკა არა მარტო ისმაილოვის, არამედ გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზეც. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ნადირაძე, რომელიც უკრაინის არმიის რიგებში იბრძოდა, მიუთითებს, რომ შაითანოვმა ეს თქვა. თვითონ ნადირაძის პერსონაა საინტერესო. როგორც ამბობდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში იბრძოდა, იყო საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი, დამთავრებული აქვს რუსეთში ბალაშიხის სპეცსკოლა და იყო იმ პირებს შორის, ვინც პოლონეთიდან დაბრუნებულ სააკაშვილს საზღვარზე დახვდა. ის 2017 წლის ნოემბერში მიშას ოპერატორთან ერთად დაკავებულიც იყო. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ნადირაძე ლეგიონიდან რუსეთის აგენტობისთვის გააგდეს - ის სულ 10 დღე იყო იმ შენაერთში და რუსეთისთვის მთელი შენაერთის სრული სია გახდა ცნობილი. მერე დონბასში სემენჩენკოს მოადგილე იყო და, მგონი, უკრაინის გმირობასაც გამოჰკრა ხელი, მაგრამ სააკაშვილის მომხრენი იმის გამო არ ენდობიან, რომ ნადირაძე რუსეთის აგენტად ითვლება. ის აცხადებს, შაითანოვმა თქვა, გაბუნიას მკვლელობა იგეგმებაო. მოკლედ, ეს პროცესი ინტერესს იწვევს და გასაგები ხდება, რატომ უკრაინა...

- ისე, ვის ხელწერას ჰგავს ეს საქმე?

- კილერის გაგზავნა სხვა ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, მაგრამ კილერი არ აფიშირებს მის ყოფნას უცხო ქვეყანაში, სადაც ძალიან მოკლე ვადით არის ჩასული. სპეცოპერაციას სხვა ჯგუფი ამზადებს, მერე ჩადის კილერი, შეასრულებს მოვალეობას და ქრება. როგორც გვარამიამ გვამცნო, ბოკოვი აქ ტურისტივით იყო, პარადოქსულია, კილერი სოფელ-სოფელ დადიოდეს და იარაღს ეძებდეს.

- გვარამიას თქმით, ბოკოვი გაბუნიაზე ინფორმაციას აგროვებდა... - რად უნდოდა ამას ინგუში? აქაურიც ისე მოახერხებდა, ყურადღებას არ მიიქცევდა. ბოკოვი კი დადიოდა და თავს ამახსოვრებდა ყველას. ლამის შეიწირა ისინიც, ვინც უმასპინძლა, მაგალითად, ხანგოშვილები.

- არის მოსაზრება, რომ ბოკოვის შემოგდება უფრო მზაკვრული ჩანაფიქრიდან ყურადღების გადატანის ცდა იყოს... - არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ "ნაციონალებს" ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ეს მათი დაგეგმილი იყო... ამ ვერსიასაც ვიღებ, ოღონდ ყველაფერს ვამოწმებ. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყურადღების გადატანის ან სხვა მიზნით კეთდება.

- სუს-მა ირიბად დაადასტურა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა, რომ "დიდი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან"... - ეს საკმაოდ მოქნილი განცხადებაა, - არც გვარამიას ვერსიაზეა უარი ნათქვამი, მაგრამ აქცენტი სხვა რამეზეა. ძალზე საინტერესო პროცესთან გვაქვს საქმე, რასაც მალე აეხდება ფარდა და სულ სხვა ვერსიას გავიგებთ...

- კადიროვის მუქარაზე რას იტყვით? - პატარა ბიჭია და ერთობა. ის ხშირად სხვის გაკეთებულ საქმეს იღებს თავზე და ამით ტრაბახობს. მაგალითად, ნემცოვის მკვლელობის გამო ორი ჩეჩენი ზის ციხეში და ითვლება, რომ ეს კადიროვის გაკეთებულია. მან პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, ჩვენი გაკეთებულიაო - უარი თქვა ნემცოვის მკვლელობაზე, მაგრამ საზოგადოება მიახვედრა, მოსაკლავი იყოო...

- უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა "ობოზრევატელმა" სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. როგორ ფიქრობთ, ავთენტურია ის და რაზე მიანიშნებს? - არ ვიცი, რამდენად ავთენტურია, თუმცა ხმები ჰგავს. თუ იმ კითხვას მივყვებით, "რატომ ახსენა უკრაინა გვარამიამ", ნადირაძის ცნობილი ინფორმაციიდან და ადეიშვილ-სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ "ნაცმოძრაობის" პატარა ჯგუფს თავისი ხელმძღვანელებიანად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. იკვეთება, რომ ადეიშვილი რეჟისორი იყო, რაღაც არ გამოუვიდა, ამიტომ გაილანძღა გვარამია, სააკაშვილი კი ჯერჯერობით დუმს.

შეკვეთილი მკვლელობა?!

უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა "ობოზრევატელმა" სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა ამტკიცებს, ჩანაწერში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ. უკრაინული გამოცემა წერს, რომ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ წინასწარ იცოდნენ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ, მაგრამ ქართველ სამართალდამცველებს არ აცნობეს.

სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილი: - მანდ სხვა რაღაცა იყო... ნიკამ ვერ მოითმინა და მაინცდამაინც ყველაფერი წამოაყრანტალა, აქაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა და თვითონაც გაიჩალიჩა. რაში სჭირდებოდა? საერთოდ, რაში სჭირდებოდა უკრაინის ხსენება? რაღაც კუთხით ისინი დაგვეხმარნენ ჩვენ. მე არ მესმის, რა საჭირო იყო ქართულ სკანდალებში უკრაინის ჩართვა? ახლა სათქმელი ექნებათ, რომ თითქოს ნიკამ რაღაც იცოდა... როგორც ჩანს, იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა... ესენი მიაწვებიან ახლა ამაზე. არაფრისგან გააკეთა ისეთი რაღაც... ეგ თემა ჩვენ უკრაინაში ჩამოგვივიდა საქართველოდან.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი: - გვარამიამ ყველაფერი ჩააგდო თავიდან ბოლომდე. მასალები ნახა თუ ეს რატომ მოყვა? ნაბიჭვარი და ავადმყოფია... გაბუნიაც რაღაც არასტაბილური ტიპაჟია, თან მშიშარა.